Accessibility links

საბჭოთა დიქტატორ იოსებ სტალინისა და მისი თანამებრძოლის, ლაზარ კაგანოვიჩის, სურათები 14 მაისს მოსკოვის მეტროს სადგურ „სოკოლნიკის“ შესასვლელის წინ ჩამოკიდეს. მოსკოვის მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას დიდი კრიტიკა მოჰყვა სოციალურ ქსელში, სადაც ამ ნაბიჯს სისხლიანი დიქტატორის განდიდების მცდელობა უწოდეს.

იოსებ სტალინის ვეებერთელა სურათი მოსკოვის მეტროსადგურ „სოკოლნიკის“ შესასვლელთან 14 მაისს გამოჩნდა. ეს მოხდა იმ ეგრეთ წოდებული „ისტორიული რეკონსტრუქციის“ ფარგლებში, რომელიც მოსკოვის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ამოქმედების 82-ე წლისთავს მიეძღვნა. მოსკოვის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი 1935 წლის 15 მაისს გაიხსნა და იგი გადაჭიმული იყო სადგურ „სოკოლნიკიდან“ „კულტურის პარკამდე“ , გადასასვლელით „სმოლენსკის“ სადგურზე.

ამ ჩანაფიქრის ავტორებს არ დავიწყებიათ არც სტალინის თანამებრძოლი ლაზარ კაგანოვიჩი, რომლის სახელსაც ატარებდა თავდაპირველად მეტრო „სოკოლნიკი“. თავად „რეკონსტრუქციის“ ინიციატორია მეტროს ხელმძღვანელობა.

როგორც იუწყებიან, ამ აქციის ფარგლებში მეტროს სადგურ „სოკოლნიკის“ ვესტიბიულში ჩამოკიდეს ასევე ბანერი, წარწერით: „პროლეტარული სალამი დიდ, ძვირფას სტალინს - მეტროპოლიტენის მშენებლობის ინიციატორსა და სულისჩამდგმელს“.

მოსკოვის მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას დიდი კრიტიკა მოჰყვა სოციალურ ქსელში, სადაც ამ ნაბიჯს სისხლიანი დიქტატორის განდიდების მცდელობა უწოდეს.

ცნობილმა სატირიკოსმა და პრეზიდენტ პუტინის კრიტიკოსმა, ვიქტორ შენდეროვიჩმა, არ გამორიცხა, რომ მოახლოებული სხვა დღესასწაული საბჭოთა სერიული მკვლელის, ანდრეი ჩიკატილოს, პორტრეტებით აღინიშნოს.

სტალინის მიმართ რუსეთში ურთიერთსაპირისპირო დამოკიდებულებაა. საბჭოთა დიქტატორის მომხრეები ეთაყვანებიან მას მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხებისა და საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაციის გამო, სხვები კი გმობენ იმ რეჟიმის მიერ განხორციელებული წმენდის გამო, რასაც მილიონობით საბჭოთა მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. კრიტიკოსები აღნიშნავენ ასევე, რომ ომი მოიგეს საბჭოთა ჯარისკაცებმა და ხალხმა, მიუხედავად იმ შეცდომებისა, რომლებიც სტალინმა მთელი ომის განმავლობაში დაუშვა.

მისი პიროვნების მიმართ ასეთი დაპირისპირების მიუხედავად, ბოლო წლების განმავლობაში სტალინის ძეგლი რუსეთის რამდენიმე ქალაქში აღიმართა, რაშიც ოპონენტები ბრალს სდებენ რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომელიც 17 წლის მმართველობის განმავლობაში მიზანმიმართულად ეწევა დიქტატორის იმიჯის განმტკიცებას.

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრმა“ იანვარში ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმად თითქმის 50 % დადებითად აფასებს სტალინის ფიგურას, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 16 წლის განმავლობაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG