Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაზარალებულები ფულად კომპენსაციას ელოდებიან


სტიქიის შედეგები. ”კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ფოტო
სტიქიის შედეგები. ”კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ფოტო
საქართველოში ძლიერი წვიმის, ქარიშხლისა და სეტყვის შედეგად 19 ივლისს დაზარალებულ რეგიონებში განახლდა დაზარალებულთა აღრიცხვის, ზარალის დათვლისა და სასურსათო პაკეტების დარიგების პროცესი. მოსახლეობას ურიგდება შხამქიმიკატებიც.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ჯერჯერობით არ დაწყებულა დაზარალებულთათვის კატეგორიების მინიჭების პროცესი, რაც ფულადი კომპენსაციების ოდენობის განსაზღვრისთვის არის საჭირო.

მთავრობის დაპირებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მთლიანად განადგურების შემთხვევაში ფინანსური კომპენსაცია 1 300-1 500 ლარს შეადგენს; 70-80%-იანი ზარალისთვის 800-900 ლარი გამოიყოფა; ხოლო ის, ვინც მოსავლის ნახევარი დაკარგა, კომპენსაციის სახით, 300-დან 500 ლარამდე თანხას მიიღებს.

როგორც 22 ივლისს კახეთში სტუმრობისას აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, მთავრობა ფიქრობს გეგმაზე, რომ, უკვე დაპირებული კომპენსაციებისა და დახმარების გარდა, სექტემბრიდან დაზარალებულ ოჯახებს ღვინოც დაურიგდეთ.

ორი ჰუმანიტარული ორგანიზაციის, CARE International-ისა და World Vision-ის შეფასებით, ეს იყო ”უმსხვილესი კატასტროფა” საქართველოში 2008 წლის ”აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ“. ამ ორი ორგანიზაციის მიერ 20 ივლისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯერ მარტო კახეთში 20 000 ოჯახი დაზარალდა, ხოლო 20 000 ჰექტარი სახნავი მიწა განადგურდა. აქვე საუბარია საქართველოს ხელისუფლების ვარაუდის შესახებ, რომ ზარალის საერთო მოცულობა 150 მილიონ ლარს მიაღწევს.
XS
SM
MD
LG