„ოცნება“ აცხადებს, რომ სუროგაციაზე ეკლესიის პოზიცია გაითვალისწინა, რაც ასე არ მოხდა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით - როდესაც დაჩქარებული წესით დამტკიცებული საკანონმდებლო პაკეტი საპატრიარქოსთვის უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.
ამას მოჰყვა მწვავე კრიტიკა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან და არა მხოლოდ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით. მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა [ელგუჯა აქიაშვილი] ხელისუფლებას „ურწმუნო“ და „არაეკლესიური“ უწოდა.
კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ კი, 23 ნოემბერს ხელისუფლებას სწორედ რწმენა და ქრისტიანული მიდგომები შეუქო.
პირდაპირ აკრძალვა - რატომ ახლა?
“სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი - ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით”, - თქვა 23 ნოემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში, გიორგობის დღესასწაულზე ქადაგებისას; “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინა დღით გამოცხადებულ გეგმას "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება" უწოდა და განმარტა, რომ ამას წინ უძღოდა ხელისუფლებასთან საუბარი - "ამ პრობლემის თაობაზე და სხვა კიდევ მიმდინარე პრობლემების თაობაზე".
სხვა მიმდინარე პრობლემები პატრიარქს აღარ დაუკონკრეტებია.
„პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე [სუროგაციის აკრძალვაზე] საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა როდესაც დავიწყეთ საუბარი, აღმოჩნდა, რომ მათაც შესწავლილი ჰქონდათ თემა და დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი“, - უთხრა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს 23 ნოემბერს.
- სუროგაციის წინააღმდეგ ეკლესია ხმამაღლა და ღიად უკვე წლებია ლაპარაკობს; თუმცა აქამდე სუროგაციის სრულად აკრძალვის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.
- „შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?“ – ჯერ კიდევ 2014 წელს წერდა თავის საშობაო ეპისტოლეში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. საზოგადოებაში ამ ტექსტს ფართო დისკუსიები, კამათი და დაპირისპირება მოჰყვა.
- 9 წლის შემდეგ - 2023 წელს - სუროგაციის უცხოელებისთვის აკრძალვა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად პატიმრის, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ სცადა - პროცესი ბოლომდე არ მივიდა.
- კიდევ 3 წელი გავიდა და ხელისუფლება ახლა სუროგაციის აკრძალვას ყველასთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც გეგმავს - სტანდარტის ამაღლებაზე მუშაობის გარეშე.
„ამას დაემთხვა მრავალშრიანი კონფლიქტი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის... ადგა „ქართული ოცნება“ და ამ სადავო საკითხებიდან მისთვის ყველაზე უმტკივნეულო საკითხი შესწირა მსხვერპლად ეკლესიას იმ ჩანაფიქრით, რომ ამით გააჩუმებს [მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს]. კაზინოებს ვერ შეეხება, რადგან ამით აკეთებს ფულს და ვერც მიწების გასხვისებას დათმობს - რადგან ესეც კარგი ფულის მანქანაა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეოლოგიის დოქტორი, მირიან გამრეკელაშვილი, თუმცა ეეჭვება, რომ ეს საკმარისი აღმოჩნდეს ეკლესიის მაღალი იერარქების მწვავე კრიტიკის შესაჩერებლად და რომ ეს ხელისუფლებას "ძალიან ძვირი" დაუჯდება - მას შემდეგ, რაც გავლენიანმა მიტროპოლიტმა მთავრობა ურწმუნოდ გამოაცხადა.
„მეუფე იობმა მთავრობას გამოუცხადა ინტერდიქტი [აკრძალვა, განკვეთა] - რაც პოლიტიკური თეოლოგიის თვალსაზრისით ხელისუფლის უღვთოდ გამოცხადებასაც ნიშნავს... საქართველოს ეკლესიის ტრადიციაშიც არის მსგავსი რამ... სინოდის ნებისმიერ წევრს შეუძლია ეს გამოაცხადოს“, - გამრეკელაშვილი გვეუბნება, რომ მეუფე იობის სიტყვები „ცარიელი სიტყვები არ არის“ და მით უფრო - მისი წონისა და ავტორიტეტის გათვალისწინებით.
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა [აქიაშვილი] 10 ნოემბრის ხმაურიან ქადაგებაში „ქართული ოცნების" ხელისუფლებას „ურწმუნო", "არაეკლესიური" უწოდა და თქვა, რომ ახალი ხელისუფლების არჩევაა საჭირო; 21 ნოემბერს კი განაცხადა, რომ ურწმუნო და არაეკლესიურმა ხელისუფლებამ თავისი სახე წარმოაჩინა [მხილებაზე რეაქციებით] და საბოლოოდ, თავად ის კი არ შეურაცხყვეს, არამედ "შეურაცხყვეს ღმერთი, ეკლესია" და "აქედან წარმოჩნდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი“.
მიტროპოლიტმა 10 ნოემბერს პრობლემების გრძელ ჩამონათვალში დაასახელა, მათ შორის:
- ლუდომანია - "გაძლიერდა ლუდომანია, კაზინოების დაარსებით და ამისი ხელშეწყობით";
- ნარკომანია - “განარკომანდა ძალიან დიდი ნაწილი ახალგაზრდების";
- სუსის კრებსები - “ლახვარი იყო ეკლესიაზე ჩაცემული, რომ ეკლესია უნდა გაენადგურებინათ, უნდა შეელახათ მისი იმიჯი”;
- ქართული მიწების გაყიდვა - "არც მეფეს, არც ხელისუფლებას, არც პატრიარქს არ აქვს უფლება ქართული მიწები გაყიდოს";
- ახალგაზრდების მიგრაცია - “სოფლები დაიცალა და სამაგიეროდ, სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში”;
- უმუშევრობა - “ხომ შეიძლება სამუშაო ადგილები შეიქმნას საქართველოში და დასაქმდნენ ახალგაზრდები”;
- ეკლესიის გაუმჭვირვალე დაფინანსება ხელისუფლების მხრიდან - რაც ხელს უშლის სასულიერო პირების მიერ „ჭეშმარიტების აღიარებას”.
მიტროპოლიტს სუროგაცია არ უხსენებია.
“მეუფე იობისა და მისი მხარდამჭერების ქადაგებების შემდეგ ხელისუფლებამ სცადა რაღაც ტიპის კამპანიის წარმოება სასულიერო პირების ნაწილის, მღვდელმთავრების წინააღმდეგ, რაც არ გამოუვიდა და რომ მიხვდა, რომ სულ პირიქით შეუტრიალდა, უკან დახევა გადაწყვიტა”, - სუროგაციის საკითხზე შეთანხმებას ასევე დაძაბულობის განმუხტვის მცდელობად თვლის თეოლოგი და მთარგმნელი, შოთა კინწურაშვილი, რომელიც, თეოლოგების ჯგუფთან ერთად, პატრიარქ შიო III-ს ოქტომბერში შეხვდა. იხსენებს, რომ სუროგაციაზეც ისაუბრეს და პატრიარქს ამ სფეროში არსებული პრობლემების კარგად ცოდნაც შენიშნა.
„შეიძლება მიტროპოლიტი იობი და პატრიარქი ბევრ რაღაცაში ერთმანეთთან ვერ თანხმდებიან, მათ შორის - რუსეთთან რა ფორმით უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა, მაგრამ არის რაღაც ეგზისტენციალური, მეტაფიზიკური საკითხები, რაზეც სინოდის ყველა წევრი თანხმდება და მათ შორის არის ეთიკური საკითხები, როგორიც არის - კაზინო, სუროგაცია, აბორტი... თუმცა, რა თქმა უნდა, აკრძალვა არ არის გამოსავალი, საჭიროა მკაცრი რეგულაციები“, - შოთა კინწურაშვილი ფიქრობს, რომ საპატრიარქო არც კაზინოების საკითხზე არ დახუჭავს თვალს და არც მიტროპოლიტ იობის ქადაგებებში შეტანილ პრობლემებს დაივიწყებს ვინმე:
"ეს პრობლემები განიხილება, მათ შორის - სინოდის სხდომაზეც, სავარაუდოდ, დეკემბერში, როდესაც პატრიარქმა მღვდელმთავრებს თავისი პროგრამა, თავისი ხედვა უნდა გააცნოს - როგორ ხედავს ეკლესიის მომავალს და უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფები”.
“ეპისკოპოსებს შეიძლება ჰქონდეთ თავისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, მათ შორის პოლიტიკურ საკითხზე, თუმცა ეს კარგად გვესმის, რომ პოლიტიკაში ბევრს არაფერს არ წყვეტს, იმიტომ, რომ ამის იქით მექანიზმი არაფერი არ არსებობს", - უთხრა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს 23 ნოემბერს. მიტროპოლიტ იობის მიერ წამოჭრილ საკითხზე - ხელისუფლების ცვლილებების საჭიროებაზე - დასმულ შეკითხვას კი ასე უპასუხა: “ხალხი გადაწყვეტს ამას, როცა იქნება თავისი დრო”.
როდესაც სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილების გამო ხელისუფლების მიმართ მადლიერებას გამოხატავდა, 23 ნოემბერს, კათოლიკოს პატრიარქმა შიო III-მ "ქართული ოცნების" ქრისტიანულ მიდგომებსა და მოქმედებებს გაუსვა ხაზი.
„ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ თქვენ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული და ტრადიციული გაძლიერების და დანერგვის თვალსაზრისით“ - როდესაც პატრიარქი ამ სიტყვებს წარმოთქვამდა, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მრავლად იყვნენ "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები - საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი შტოდან - სანთლებით ხელში; მათ შორის - ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე, მიხეილ ყაველაშვილი. მათ პატრიარქმა სიტყვით მიმართვის შესაძლებლობაც მისცა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ამისათვისაც გვინდა, რომ განსაკუთრებული მადლობა შემოგწიროთ“, - თქვა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ.
"საპატრიარქოს აზრს მხედველობაში ვღებულობთ"
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მხრიდან “მორიგი ტყუილის ტირაჟირების მცდელობა” უწოდა საუბარს იმის შესახებ, რომ სუროგაციის აკრძალვის ჩანაფიქრია "ვინმემ ვინმესთან ურთიერთობა დაალაგოს”.
შეთანხმებას სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით მინისტრმა 23 ნოემბერს პროსახელისუფლებო “იმედის” ეთერში უწოდა "პარტნიორული დამოკიდებულება და თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის” და დააზუსტა, რომ “ეს არ არის ბრმა მორჩილებისა და გადაწყვეტილებების გაზიარების პროცესი”.
“არავინ არ მალავს ამას და აბსოლუტურად ღიად ვამბობთ, რომ საპატრიარქოს აზრს მხედველობაში ვღებულობთ და ამაში არა მგონია, რომ რაიმე დასაძრახი და ცუდი იყოს", - მინისტრმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ სუროგაცია სრულად უნდა აიკრძალოს.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი სუროგაციის პრობლემებს 2022 წლიდან აშუქებს და იხსენებს, რომ "არცერთ ეტაპზე არცერთ უწყებას რადიო თავისუფლების კითხვებზე პასუხი არ გაუცია".
“მუდმივად ვცდილობდი პასუხების მიღებას იმ სახელმწიფო უწყებებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან, რომელთა პასუხისმგებლობაცაა ამ სფეროს რეგულირება და მონიტორინგი. ვუგზავნიდი კითხვებს, ვითხოვდი ინტერვიუებს, ვცდილობდი გამერკვია, რას აკეთებდა სახელმწიფო სუროგატი ქალებისა და სუროგაციით დაბადებული ბავშვების უფლებების დასაცავად, პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა ეს მცდელობები ყოველ ჯერზე უშედეგოდ სრულდებოდა", - ასეთია სუროგაციის თემაზე ნინო თარხნიშვილის მუშაობის 4-წლიანი გამოცდილება.
მის სტატიებში სპეციალისტები მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ აუცილებელია სუროგაციის სფეროს რეგულირება - სრულ აკრძალვას არავინ ემხრობოდა.
2025 წელს გამოძიებამ ათეულობით სუროგატი ქალი ცნო დაზარალებულად. მკვლევრების მიერ რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებული მონაცემებით, 2019–2024 წლებში საქართველოში სუროგაციის გზით დაიბადა 4674 ბავშვი.
აზარტული თამაშები?
ერთ-ერთი საკითხი, რომელმაც ახლო წარსულში საპატრიარქოს უკმაყოფილება გამოიწვია, უკავშირდებოდა ოქტომბრის ბოლოს დაჩქარებული წესით დამტკიცებულ და უკვე ძალაში შესულ საკანონმდებლო პაკეტს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, რომელიც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შეღავათიან შესაძლებლობებს აძლევს.
“ფიქრობენ, რომ ცოდვის გზით, ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავალი შეიძლება იყოს სასარგებლო ადამიანისთვის, ოჯახისთვის, თუ გნებავთ - ქვეყნისთვისაც. რა თქმა უნდა, ასე ფიქრი ძალიან დიდი შეცდომაა, სულიერი ცხოვრების კანონების არცოდნაა”, - თქვა პატრიარქმა 3 ნოემბერს სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას. ტაძარში ამ დროს იდგნენ კახა კალაძე და მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც ხელი მოაწერა კაზინოებთან დაკავშირებულ სადავო კანონს.
ამ საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები გადადგმულ ნაბიჯს ტურიზმის ხელშეწყობითა და შემოსავლების გაზრდით ხსნიან. თუმცა აღნიშნავენ ასევე, რომ კანონში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილება შევიდა.
„ფართო დისკუსია არ იყო საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში, იმდენად უმნიშვნელოა ცვლილება თავისი შინაარსით”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, ეს ცვლილებები საქართველოს საპატრიარქოსთვის სრულიად მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა. "იმედს ვიტოვებთ, რომ კანონპროექტის ინიციატორებთან დიალოგი სასიკეთო შედეგს გამოიღებს“, - ამბობდა დეკანოზი ჯაღმაიძე 28 ოქტომბერს. თუმცა სადავო საკანონმდებლო პაკეტი მალევე ამოქმედდა.
რადიო თავისუფლებამ სცადა გაერკვია, მიმდინარეობს თუ არა საუბარი კაზინოების საკითხთან დაკავშირებითაც საპატრიარქოსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას შორის - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან პასუხები ჯერჯერობით ვერ მივიღეთ.
"დავსხდეთ, ვიმსჯელოთ", "გავაერთიანოთ ერი" - მიტროპოლიტ იობის კიდევ ერთი ქადაგება
23 ნოემბერს, გვიან საღამოს, რუის-ურბნისის ეპარქიის გვერდზე მიტროპოლიტ იობის კიდევ ერთი ქადაგება გამოქვეყნდა, სარკის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ ჩაწერილი.
მიტროპოლიტი ერის გამთლიანების აუცილებლობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ დიალოგით ყველაფრის მოგვარებაა შესაძლებელი; ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმართ მიდგომები თანაბარი უნდა იყოს; ხოლო ხალხის მხარდაჭერა ექნება ხელისუფალს, რომელიც ქვეყნის მომავალს კეთილად წარმართავს.
“ჩვენ არ უნდა დაუპირისპირდეთ ერთმანეთს. დიალოგი რისთვის არსებობს, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ, რა გვჭირს, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება?! ჩვენ ვერ ვიქნებით ვინმესთან დაპირისპირებული - არც პოზიციასთან და არც ოპოზიციასთან, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ერი. ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს. ჩვენ თუ ღვთის მსახურები ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაერთიანოთ ერი”, - მიტროპოლიტ იობის თქმით, სასულიერო პირი არ უნდა აკეთებდეს კომენტარებს ხელისუფლების თუ ოპოზიციის მხარდასაჭერად და მთავარია სიმართლის თქმა.
“თუ პოზიციის [ხელისუფლების] მხილებაა საჭირო, უნდა ვამხილოთ, ოღონდ სიყვარულით, არა სიძულვილით. თუ ოპოზიციაა სამხილებელი, უნდა ვამხილოთ. უშეცდომო არავინაა ამ ქვეყნად”, - ამბობს მიტროპოლიტი იობი თავის ქადაგებაში.
მას არც ამ ქადაგებაში არ უხსენებია “ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილება სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
წარსულის გამოცდილებიდან
საპატრიარქომ თავისი განსაკუთრებული ძალა ხელისუფლებას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აჩვენა. სასულიერო პირები იმუქრებოდნენ, რომ ხმას არ მისცემდნენ "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს - სალომე ზურაბიშვილს.
მაშინ საპატრიარქოს გულისწყრომა გამოწვეული იყო კანაფის კულტივაციის გეგმით, რასაც "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ღია ინტერესები და მხარდაჭერა უკავშირდებოდა.
არჩევნების მეორე ტურის წინ, განაწყენებულ საპატრიარქოში თავად მივიდნენ პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გიორგი გახარია და პატრიარქსაც შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ გადაჭრით ითქვა, რომ კანაფის კულტივაციის თემაზე მსჯელობა აღარ გაგრძელდებოდა. “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობამ სადავო კანონპროექტი უკან გაიწვია.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც "ქართული ოცნება" ამომრჩეველს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დახმარებას სთხოვდა, „ოცნებამ“ საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივით მიმართ, თუმცა ერთგვარი თავაზიანი უარი მიიღო.
შეთავაზება, რომელსაც მმართველი პარტია არ ასაჯაროებდა, სასულიერო პირებმა დაადასტურეს. ზოგიერთმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების შეთავაზება დახვეწას საჭიროებდა, ზოგის აზრით კი - სტატუს კვო ცვლილებებს არ საჭიროებდა.
„საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არსებითად გულისხმობს ეკლესიის ინსტიტუციურ დაქვემდებარებას სახელმწიფო ხელისუფლებისადმი“, - განაცხადა მაშინ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა.
"ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღო. ამ საკითხზე მსჯელობა აღარ გაგრძელებულა.
ფორუმი