Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავიზო ლიბერალიზაცია და ქართული ავიაბაზრის ახალი გამოწვევები


28 მარტიდან შენგენის ზონის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე თავისუფალი გადაადგილება საქართველოს მოქალაქეებისათვის უკვე რეალობაა. უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს შესაძებლობას აძლევს ევროკავშირის 22 წევრი, 4 არაწევრი და შენგენის 4 კანდიდატი ქვეყნის ტერიტორია წინასწარი მზადებისა და ვიზის გარეშე მოინახულონ და ამ ზონაში 90 დღემდე დარჩნენ. პირველივე დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 28 იანვარს ქუთაისის აეროპორტიდან მიმავალ თვითმფრინავებზე, სადაც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair ოპერირებს, არც ერთი ბილეთი არ იყო დარჩენილი გაუყიდავი, თუმცა უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან ერთად ბილეთის ფასები ბაზარზე, წინა თვეებთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა და "დაბალბიუჯეტიანი ფრენები" არცთუ ისე დაბალბიუჯეტიანია.

ეს ფაქტი, ცხადია, პირველ ყოვლისა, განპირობებულია საქართველოს ავიაბაზარზე არსებული შედარებით დაბალი კონკურენციით.

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ჭორი კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, ირლანდიურიRyanair-ის, საქართველოში შემოსვლის შესახებ. Ryanair-ი საქართველოს ბაზრით ჯერ კიდევ გასულ წელს დაინტერესდა. ავიაკომპანიის კომერციული დირექტორი, დეივიდ ობრაიანი, საქართველოშიც ჩამოვიდა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან სამუშაო შეხვედრაზე ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის მიმართულებით ავიარეისების დაწყების შესაძლებლობები განიხილა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ავიაკომპანიის ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლა ამჟამად არ დასტურდება. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, კომპანიასთან მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ჯერჯერობით საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით სიახლე არ არის.

სამოქალაქო საავიაციო სააგენტოს 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით,ქვეყნის ავიაციის ლიდერი კომპანია კვლავ თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ია, რომელსაც ბაზრის 16 % უკავია და ის 9 თვის განმავლობაში 349 ათას 187 მგზავრს მოემსახურა. საქართველოს ავიაციის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია ასევე უკრაინული ავიაგადამზიდავი Ukraine International Airlines-ია (FlyUIA), რომელიც, გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის 10 %-ს ფლობს. ავიაკომპანიამ იანვარ-სექტემბერშისულ 202 ათას 548 მგზავრი გადაიყვანა. საქართველოს ავიაბაზრის მხოლოდ 4 %-ს ფლობს Wizz Air-ი, ხოლო ბაზრის 9 %-ს აკონტროლებს ქართული კომპანია Georgian Airways-ი (187 ათას 137 მგზავრი).

2016 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, სულ 2 მლნ 184 ათას 688 მგზავრს მოემსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ, 2015 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, ზრდა 23,46 %-ია. სავარაუდოა, რომ 2017 წელს ისედაც სწრაფად განვითარებადი ავიაბაზარი სავიზო ლიბერალიზაციის ფონზე უფრო მეტ მგზავრს მოიზიდავს, თუმცა ევროპის მიმართულებით ახალი ავიარეისების დამატება ჯერჯერობით არ დასტურდება. ქართულ ბაზარზე სიახლე მხოლოდ დაბალბიუჯეტიანი (Low-cost) იორდანიული ავიაკომპანია Air Arabia Jordan-ის შემოსვლაა. ავიარეისები ამანი-თბილისი-ამანის მიმართულებით განხორციელდება. იორდანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ავიაკომპანია 2017 წლის 28 აპრილიდან დაიწყებს. რეისები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდეა (26.10.17) დაგეგმილი. Air Arabia Jordan არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia-ს ჯგუფის მმართველობაში მყოფი იორდანიული ავიაგადამყვანია, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა.

XS
SM
MD
LG