Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთის ხელისუფლება ებრძვის მდიდრულ საქორწილო სუფრებს


სამხრეთ ტაჯიკეთის ქალაქ ქულობის შემოგარენში მდებარე სოფელ საჰანას მცხოვრებ ზაიდულო ხუდოიოროვის ოჯახში თითქმის ყველაფერი მზად იყო უფროსი ქალიშვილის ქორწილისთვის, მაგრამ სუფრის გაშლამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, 26 აგვისტოს, მათ სახლში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა მოაკითხეს და წვეულებისთვის მომზადებული კერძების დიდი ნაწილი ჩამოართვეს.

მთავრობის წარმომადგენლებმა მომზადებული საკვების რაოდენობა ზედმეტად და საკვების ფუჭად გაფლანგვად აღიქვეს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ტაჯიკეთის კანონში ახლახან შეტანილ ცვლილებასთან, რომელიც ადგენს წესებს და იმას, თუ რამდენი უნდა დახარჯონ ოჯახებმა ქორწილებზე, ქელეხებსა და სხვა ღონისძიებებზე.

„ჩვენ შევძელით ამ სოფელში კანონდარღვევის აღკვეთაო“, განაცხადა რეიდის ერთ-ერთმა მონაწილემ, ხოლმუროდ იბრაჰიმოვმა.

„რეიდის დროს დავადგინეთ, რომ ოჯახს საკვების ზედმეტი რაოდენობა ჰქონდა მომზადებული, მათ შორის პური და ჰალვა, რომელიც სიძის ოჯახში გაშლილი სუფრისთვის იყო განკუთვნილი“, - განაცხადა იბრაჰიმოვმა უკვე 18 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რეიდის შესახებ.

„მოვახდინეთ საკვების კონფისკაცია და ის ქულობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს გადავეცითო“, დასძინა მან.

ამასთან, იბრაჰიმოვმა აღნიშნა, რომ საკვების ღირებულება შეუთავსებელი იყო „ღატაკი“ ოჯახის შემოსავალთან.

კანონი, რომელსაც ადგილობრივები „ტანზიმის“ სახელით იცნობენ, პირველად 2007 წელს მიიღეს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა განაცხადა, რომ მდიდრული ქორწილებისა და ქელეხების ტრადიციები ფინანსურ პრობლემებს უქმნიდა ოჯახებს.

44 წლის ხუდოიოროვი, შვიდი შვილის უმუშევარი მამა, შემოსავლის მხრივ დამოკიდებულია პერიოდულად გამოჩენილ სამუშაოზე და მის ეზოში მოყვანილი ბოსტნეულის გაყიდვაზე.

ხუდოიოროვის თქმით, მან თავისი ცოლი და ოჯახის სხვა წევრები გააფრთხილა, არ მოემზადებინათ საკვები, რომელსაც, ადგილობრივი ტრადიციით, პატარძლის ოჯახი სიძის სახლში გზავნის საქორწილო სუფრის გაშლამდე.

ხუდოიოროვი გახარებულია, რომ მას კანონის დარღვევისთვის დაწესებული დიდი ჯარიმის გადახდა არ დაეკისრა.

ამჟამინდელი რედაქციით, კანონი პირველი დარღვევისთვის ითვალისწინებს 4 000 დოლარამდე ოდენობის ჯარიმას, გამეორების შემთხვევაში კი - 5 700 დოლარის ოდენობისას. ქვეყანაში, სადაც მასწავლებლებისა და საჯარო სექტორის სხვა მუშაკთა შემოსავალი თვეში, დაახლოებით, 150 დოლარია, მთავრობა ამბობს, რომ ამგვარი მაღალი ჯარიმის შიშით ხალხი აღარ გარისკავს წესების დარღვევას.

აგვისტოს ბოლოს ტაჯიკეთის მთავრობამ კანონში ცვლილებები შეიტანა - ახლა უკვე მთავრობის წევრთა პოსტებიდან გათავისუფლება გახდა შესაძლებელი, თუ დადგინდება, რომ მათ ან მათი უშუალო ოჯახის წევრებმა კანონი დაარღვიეს და მდიდრული წვეულება გამართეს.

ახალი შესწორებებით, იკრძალება ასევე მდიდრული სუფრის გაშლა გარკვეული ტრადიციებისთვის - მაგალითად, ახალშობილისთვის სახელის დარქმევისას, ბავშვის პირველი ვიზიტისას დალაქთან ან ბიჭუნას წინადაცვეთისას.

ამის ნაცვლად, ოჯახებს მოუწოდებენ თავიანთ შვილებს საბანკო ანგარიშები გაუხსნან და ფული მათ განათლებასა და კეთილდღეობას მოახმარონ.

სიღარიბისა და ფართოდ გავრცელებული უმუშევრობის მიუხედავად, ტაჯიკეთის მცხოვრებნი მაინც მართავდნენ მდიდრულ ქორწილებს. არის შემთხვევები, როცა ოჯახები ქორწილისთვის ფულს წლობით აგროვებენ, მათ შორის მიგრანტ მუშებად წასული მამაკაცების შემოსავლებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG