Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა ყუნდუზის შემდეგ ბადახშანს შეუტია


სამთავრობო ძალების მიერ წამოწყებული კონტრიერიშის მიუხედავად, რამდენიმე თალიბი კვლავ რჩება ქალაქ ყუნდუზში, რომელიც ცოტა ხნის წინ მთლიანად დაიკავა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ. მიუხედავად ამისა, ყუნდუზის პროვინციის მოქმედი გუბერნატორი ჰამდულა დანისჩი აცხადებს, რომ ძირითადი ბრძოლები დასრულდა და ქალაქში სიმშვიდეა.

1 ოქტომბერს ავღანეთის არმიისა და უსაფრთხოების ძალებმა აღადგინეს კონტროლი ქალაქ ყუნდუზის უდიდეს ნაწილზე, რომელიც 28 სექტემბერს თალიბანის მებრძოლებმა დაიკავეს, ციხიდან გაათავისუფლეს ასეულობით პატიმარი და ადმინისტრაციული შენობის თავზე დროშა აღმართეს. როგორც ავღანეთის პრეზიდენტის ოფიციალური საიტი იუწყება, ამ სამდღიანი ოკუპაციის განმავლობაში თალიბანის მებრძოლებმა გადაწვეს და გაძარცვეს რამდენიმე სამთავრობო შენობა, ექსტრემისტებსვე ბრალდებათ რამდენიმე მოქალაქის მოკვლა და გააუპატიურება.

„ავღანეთის ხელისუფლება იღებს ვალდებულებას კანონის ფარგლებში გაუსწორდეს მოძალადეებს და ამავე მიზნით ნიშნავს სამოქალაქო კომისიას, რომელიც აღრიცხავს იმ დანაკარგებს, რაც თალიბანის ყოფნის შედეგად მიადგა პროვინციას“, - ნათქვამია პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საკუთარი განცხადება გაავრცელა ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, რომელშიც საგანგაშოდ არის მიჩნეული ის გარემოება, რომ ქალაქი მედიკამენტებისა და სამედიცინო პერსონალის ნაკლებობას განიცდის.

„ჰოსპიტალს აკლია სამედიცინო პერსონალი, რადგან მიმდინარე ბრძოლების გამო ექიმები ვერ ახერხებენ ქალაქში დაბრუნებას", - განაცხადა საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენელმა პეტერ ესტიმ ენვოიმ, რომელიც ქალაქის საავადმყოფოში ექიმად მუშაობს.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად განდევნეს ქალაქიდან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თალიბანის ცალკეული მებრძოლები კვლავ შევიდნენ ქალაქში და სახლებში არიან გამაგრებული. ამავე დროს, ბადახშანის პროვინციის გუბერნატორის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თალიბანმა 1 ოქტომბერს კონტროლი დაამყარა ვარდუჯის ოლქზე, 2 ოქტომბერს კი ჯალალაბადის აღმოსავლეთში ჩამოვარდა აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი. საავიაციო კატასტროფის შედეგად დაიღუპა 11 კაცი, მათ შორის, 6 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.

აშშ-ის სამხედრო სარდლობამ ამ კატასტროფას უწოდა ინციდენტი და უარყო ინფორმაცია, თითქოს თვითმფრინავი თალიბებმა ჩამოაგდეს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG