Accessibility links

თალიბებმა ავღანეთსა და პაკისტანში სისხლიანი თავდასხმები მოაწყვეს


თალიბანის მიერ მოწყობილი აფეთქების ადგილი ქაბულში

თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა ავღანეთსა და პაკისტანში მოწყობილ თავდასხმებზე, რასაც ათეულობით კაცი შეეწირა. 24 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თალიბებმა ხელთ იგდეს კიდევ ორი რაიონი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ავღანეთში. ამ თავდასხმის ფონია გაეროს ახალი კვლევა, რომლის თანახმად, მიმდინარე წელს ძალადობის შედეგად ავღანეთში1700 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

24 კაცი დაიღუპა და 42 დაიჭრა ქაბულში მომხდარი თავდასხმის შედეგად, რომელიც თვითმკვლელმა მოიერიშემ დანაღმული ავტომობილით მოაწყო. თვითმხილველთა თქმით, თვითმკვლელმა დანაღმული ავტომობილი ავტობუსს დილის 7 საათზე შეაჯახა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იერიშის სამიზნე იყო ავტობუსი, რომელსაც მაღაროთა სამინისტროს თანამშრომლები გადაჰყავდა, თუმცა თალიბანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თავდასხმა მოხდა უსაფრთხოების ეროვნული დირექტორატის კუთვნილ ორ ავტობუსზე, რის შედეგადაც 37 კაცი დაიღუპა.

24 ივლისს სისხლიან ტერაქტს ჰქონდა ადგილი ავღანეთის მეზობელ პაკისტანში, სადაც ასევე ადგილობრივმა თალიბანმა აიღო პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რასაც სულ მცირე 26 კაცის შეეწირა ქალაქ ლაჰორიში. როგორც ტეჰრიკე თალიბანის წარმომადგენელმა მოჰამად ხორასნმა ამცნო მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს, თავდასხმა პუნჯაბის პროვინციის ხალხმრავალ გზაზე თვითმკვლელმა მოტოციკლისტმა მოაწყო. პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა პოლიციის თანამშრომლები არიან.

ქაბულში მომხდარ სისხლიან თავდასხმას „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“ უწოდა ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ. თავდასხმა დაგმო გაეროს მხარდაჭერის მისიის ხელმძღვანელმა, პერნილე კარედემ, რომელმაც „ზაკვრული ქმედება“ უწოდა ექსტრემისტების მიერ სამოქალაქო პირების განუკითხავ დახოცვას.

ამ თავდასხმის ფონია გაეროს ახალი კვლევა, რომლის თანახმად, მიმდინარე წელს ძალადობის შედეგად ავღანეთში1700 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ბოლო დღეების განმავლობაში თალიბანი განსაკუთრებით გააქტიურდა ავღანეთის ტერიტორიაზე. ოფიციალური ინფორმაციებით, თალიბებთან შეტაკებებს აქვს ადგილი ბაღლანის, ბადახშანის, ყუნდუზის, ყანდაარის, ჰელმანდისა და ურუზგანის პროვინციებში.

23 ივლისს კი თალიბებმა ხელთ იგდეს ორი რაიონი ცენტრალურ და ჩრდილოეთ ავღანეთში.

ვითარების გაუარესების გამო, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები 29 ივნისს შეთანხმდნენ დამატებითი ძალების გაგზავნაზე ავღანეთში, სადაც ნატოს სარდლობით მეორე წელია მიმდინარეობს „მტკიცე მხარდაჭერის მისია“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG