Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარგი თარგმანი...


ავტორი: სოფო მაჭავარიანი

ლიტერატურულ თარგმანზე სულ უფრო იზრდება მოთხოვნა საქართველოში და თარგმანების რაოდენობამაც საგრძნობლად იმატა. ამ ახალ წიგნებთან ერთად იმატებს საუბარი და განსჯა იმის თაობაზე, თუ რამდენად ხარისხიანად ითარგმნება ლიტერატურა ქართულ ენაზე და რამდენად აკმაყოფილებს ეს თარგმანები მკითხველს.

20 წლის სტუდენტი ლუკა ცინდელიანი აქტიური მკითხველია. მას ძალიან უყვარს თარგმნილი ლიტერატურა. მისი აზრით, თარგმანში ზოგჯერ ბევრი რამ იკარგება: "ჯერ ეს ერთი, მორავიას დამახასიათებელი სტილი არ ჩანდა არანაირად, რომელიც ინგლისურ თარგმანებში ძალიან ჩანს, ქართულ თარგმანში ეგ საერთოდ არ ჩანდა. პირიქით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ სრულიად სხვა მწერლის დაწერილი იყო".

კარგი თარგმანი...
please wait

No media source currently available

0:00 0:04:34 0:00
გადმოწერა

თემუკა ზოიძეც სტუდენტია და მიაჩნია, რომ ბოლო დროს თარგმანის ხარისხი უმჯობესდება: "უცხოენოვანი თარგმანები ქართულ ენაზე დღითი დღე უმჯობესდება, თან, რაღაც მხრივ, ვფიქრობ, რომ მთარგმნელის "ხელობა" ერთგვარად უფრო და უფრო ფასდება, იმიტომ რომ, მაგალითად, პრემიები დაემატა, საზოგადოება უფრო და უფრო მეტს საუბრობს რამდენად კარგი თარგმანია..." თემუკა ზოიძე ამბობს, რომ, მისი აზრით, თარგმანის ხარისხს ის განაპირობებს, თუ რამდენი დრო ჰქონდა მთარგმნელს გამოყოფილი თარგმანის შესასრულებლად.

გამომცემლობა საკმაოდ მიწყობს ხელს. გარდა იმისა, რომ მენდო, პროცესში ძალიან აქტიურად იყო ჩართული რედაქტორი, რომელთანაც ეტაპობრივად იგზავნებოდა, ერთად ვმსჯელობდით და ა.შ. ფაქტობრივად, სასწავლო პროცესიც გამოვიდა იმასთან ერთად, რომ წიგნი იქმნებოდა...
ნანო სარალიშვილი

თუმცა თარგმნისათვის გამოყოფილი დრო ნაკლებ პრობლემად მიაჩნია მთარგმნელ ანა მაყაშვილს. ანა მაყაშვილი თავად მთარგმნელის მნიშვნელობაზე საუბრობს - იმაზე, თუ რამდენი ნიჭიერი და მონდომებული მთარგმნელია საქართველოში, მთარგმნელი, რომელმაც ენაც კარგად იცის და ამისათვის საჭირო სურვილი და ენთუზიაზმიც აქვს. ანას აზრით:

"ისევ ადამიანურ რესურსზე დადის, ალბათ, ყველაფერი. ძალიან რთული პროცესია თარგმნა, იმიტომ რომ ბევრ რაღაც უნარს ითხოვს - ითხოვს იმას, რომ იცოდე კარგად ენა, საიდანაც თარგმნი. არ არის აუცილებელი, იმ ენაზე ლაპარაკობდე ისევე კარგად, მაგრამ, უბრალოდ, რომ გესმოდეს და ძალიან ახლობელი იყოს".

მთარგმნელი ნანო სარალიშვილი თარგმნის პროცესის კიდევ ერთ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს პროცესი საგანმანათლებლო ფუნქციასაც ასრულებს: "გამომცემლობა საკმაოდ მიწყობს ხელს. გარდა იმისა, რომ მენდო, პროცესში ძალიან აქტიურად იყო ჩართული რედაქტორი, რომელთანაც ეტაპობრივად იგზავნებოდა, ერთად ვმსჯელობდით და ა.შ. ფაქტობრივად, სასწავლო პროცესიც გამოვიდა იმასთან ერთად, რომ წიგნი იქმნებოდა".

ე.წ. „შუალედური თარგმანი“, რომელიც გულისხმობს ტექსტის არა ორიგინალის ენიდან თარგმნას, არამედ სხვა ენაზე არსებული თარგმანიდან გადმოქართულებას, ბევრ კრიტიკოსს გადამწყვეტ პრობლემად მიაჩნია თარგმნის პროცესში. მათ შორის არის ლიტერატურათმცოდნე ნიკა აგლაძე, რომელიც ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის თარგმანის მდარე ხარისხის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი:

"მთავარი პრობლემა, ჩემი ღრმა რწმენით, ის იყო, რომ არსებობდნენ თარგმანის ვარსკვლავები, რომლებიც ძალიან მაგრად თარგმნიდნენ, თუმცა თარგმანის სკოლა არ ჩამოყალიბებულა, ანუ ერთდროულად შეიძლება გამოსულიყო, ვთქვათ, ნიკო ყიასაშვილის ნათარგმნი "ულისე" და, იმავე დროს, გამოსულიყო, ვთქვათ, რუსულიდან ნათარგმნი ფლობერი ან რაიმე შუალედური ენიდან ნათარგმნი რაღაც საოცრება. ანუ შეიძლებოდა ისიც და ისიც თანაბრად და ორივე იყიდებოდა. ერთი სული გვქონდა, ოღონდ რაღაცა თარგმნილიყო..."

ყველაზე ცუდი მხარეა ყოველთვის ანაზღაურება. არა იმიტომ, რომ დაბალი ტარიფებია, არამედ იმიტომ, რომ ბოლო წიგნის თარგმნის მერე, რა ვიცი, რამდენი თვე გავიდა - რვა! - და ჯერ კიდევ ველოდები ანაზღაურებას და ვურეკავ გამომცემლებს, რომლებიც საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობენ...
ანა მაყაშვილი

სწორედ შუალედური თარგმანის პრობლემასა და მთარგმნელობითი სკოლის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას გამომცემლობა "სიესტას" დირექტორი ქეთი კიღურაძეც: "ჩვენს გამომცემლობაში რომ გამოიცეს თარგმანი, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იყოს დედნიდან თარგმნილი. შუალედურ თარგმანებს არ გამოვცემთ, ამიტომ ხშირად ვერ გამოვცემთ ისეთ ლიტერატურას - იაპონურს, ჩინურს, რაღაცებს ვერ გამოვცემთ, იმიტომ რომ ვერ მივაგენით ჯერ ისეთ მთარგმნელს, რომლის ხარისხზეც ჩვენი გამომცემლობა პასუხისმგებელი იქნება. უნდა იყოს აუცილებლად უფრო ძლიერი მთარგმნელობითი სკოლები. თუმცა საბჭოთა დროს ეს იყო, იმის მერე დაიშალა და აკადემიური საბჭო ან ასოციაცია, რომელიც მთარგმნელებს ხელს შეუწყობს, რომ უფრო განვითარდნენ ამწუთას არ არსებობს. სასურველია, რომ შეიქმნას".

სერიოზული და უმთავრესი პრობლემაა მთარგმნელის ჰონორარი. ანა მაყაშვილისთვის ფინანსური პრობლემები უცხო არ არის: "ყველაზე ცუდი მხარეა ყოველთვის ანაზღაურება. არა იმიტომ, რომ დაბალი ტარიფებია, არამედ იმიტომ, რომ ბოლო წიგნის თარგმნის მერე, რა ვიცი, რამდენი თვე გავიდა - რვა! - და ჯერ კიდევ ველოდები ანაზღაურებას და ვურეკავ გამომცემლებს, რომლებიც საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობენ".

თარგმნა კი გრძელდება... და ლიტერატურის მოყვარულები კვლავ სულმოუთქმელად ელიან საყვარელი ავტორების კარგ ქართულ თარგმანებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG