Accessibility links

მემარცხენე ოპოზიციის კრიტიკის ფონზე, ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს, რომ თავისუფალი ბაზარი საუკეთესოა


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, ხუთშაბათს განაცხადა, თავისუფალი ბაზარი სწორი გზაა ეკონომიკის სამართავადო. ერთი დღით ადრე კი ოპოზიციის ლიდერი, ჯერემი კორბინი, რომელსაც ამჟამად მზარდი რეიტინგი აქვს, აცხადებდა, რომ მისი მემარცხენე იდეები ახლა უკვე პოლიტიკურ მეინსტრიმს წარმოადგენს. გამოკითხვების თანახმად, მეის კონსერვატიულ პარტიასა და კორბინის ლეიბორისტებს თითქმის თანაბარი მაჩვენებლები აქვთ.

ტერეზა მეის თქმით, სწორად რეგულირებული ბაზრები აუცილებელია ცხოვრების სტანდარტის გასაუმჯობესებლად. მეი აცხადებს, რომ უერთგულებს თავისი მთავრობის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ვალის შემცირებას გადასახადების მნიშვნელოვნად გაზრდის გარეშე.

„ეჭვგარეშეა, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა .... საუკეთესოა და ნამდვილად ერთადერთი მდგრადი საშუალებაა საიმისოდ, რომ ყველასათვის გაუმჯობესდეს ცხოვრების სტანდარტი“, - განაცხადა მეიმ კონფერენციაზე, რომელსაც ინგლისის ბანკი მასპინძლობდა.

ბრიტანეთის კეთილდღეობა საშუალოვადიან პერსპექტივაში ყველაზე მეტად დამოკიდებულია ქვეყნის ახლებურ ურთიერთობაზე ევროკავშირთან და იმ რეფორმებზე, რომლებსაც ეს გამოიწვევს...
მარკ კარნი

მეის უჭირს ამომრჩეველთა დარწმუნება იმაში, რომ ბრიტანეთის მთავრობების მიერ 1980-იანი წლებიდან წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკა კვლავაც საუკეთესო პასუხია ქვეყნის პრობლემებზე. ივნისში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე მეიმ კონსერვატორთა უმრავლესობა დაკარგა.

მას შემდეგ, რაც 2010 წელს ხელისუფლებაში კონსერვატორები მოვიდნენ, ბრიტანეთში ცხოვრების სტანდარტი გაუარესდა ხელფასების მცირედი მატებისა და მაღალი ინფლაციის ციკლების გამო. ეკონომიკის შენელებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილებამაც.

ინგლისის ბანკის მმართველმა, მარკ კარნიმ, კონფერენციაზე გამოსვლისას მეის უთხრა, რომ ბანკის ზედმიწევნით მცირე საპროცენტო განაკვეთი და სხვა მასტიმულირებელი პროგრამები ვერ შეძლებენ დააბალანსონ ბრექსიტის სავარაუდო დარტყმა ეკონომიკაზე.

„ბრიტანეთის კეთილდღეობა საშუალოვადიან პერსპექტივაში ყველაზე მეტად დამოკიდებულია ქვეყნის ახლებურ ურთიერთობაზე ევროკავშირთან და იმ რეფორმებზე, რომლებსაც ეს გამოიწვევს“, - განაცხადა კარნიმ.

ჯერემი კორბინი
ჯერემი კორბინი

თავის გამოსვლაში მეიმ მორიგ ჯერზე გაიმეორა პოზიციები, რომელთა გამოც მას ბევრი კონსერვატორი ბიზნესის მომხრე ფისკალურად ფრთხილ პოლიტიკოსად აღიქვამს იმ ფონზე, როცა მომავალ კვირაში კონსერვატორთა ყოველწლიური ყრილობაა დანიშნული.

მისმა მთავარმა მეტოქემ, ჯერემი კორბინმა, თავის თანაპარტიელ ლეიბორისტებს ოთხშაბათს გამართულ ყრილობაზე უთხრა, „ძალაუფლების ზღვარზე ვართო“ - გამოკითხვებში ლეიბორისტებს უკვე კონსერვატორების მსგავსი მხარდაჭერა აქვთ.

ადრეული 1980-იანი წლების შემდეგ კორბინი ლეიბორისტების ყველაზე მემარცხენე ლიდერია. მიმდინარე კვირაში ფინანსურ საკითხებში მისი პრესმდივანი სხვადასხვა ინიციატივით გამოვიდა - მათ შორის კერძოდ დაფინანსებული ინფრასტრუქტურის ნაციონალიზაციის, საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთებზე ზედა ზღვრის დაწესებისა და დიდი ბიზნესებისთვის გადასახადების გაზრდის წინადადებებით.

ინგლისის ბანკის მიერ გამართული ორდღიანი კონფერენცია ბანკის დამოუკიდებლობის მეოცე წლისთავს მიეძღვნა.

მასალა მომზადდა სააგენტო „როიტერსზე“ დაყრდნობით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG