ავტორი: ანა მოსაშვილი
რამოდენიმე დღეა საზოგადოების ერთი ნაწილი ახალი პანთეონის გახსნის თაობაზე მსჯელობს. განსასვენებელ ადგილთან ერთად ასევე განიხილება : პანთეონის ადგილი
და ქელეხის ხარჯები. ინტელიგენციის ერთი ნაწილი,სავარაუდოდ ახალი პანთეონის აშენებას, ადგილის არაპრესტიჟულობის გამო ეწინააღმდეგება და დიდუბის პანთეონის გაფართოებას ითხოვს.
ქვეყანაში, სადაც არ არსებობს მოსახლეობის საშუალო ფენა;
ქვეყანაში, სადაც 430 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანია;
ქვეყანაში, სადაც ვეტერანტთა ყოველთვიური დახმარება 22 ლარია;
ქვეყანაში, სადაც35 841 სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს;
ქვეყანაში, სადაც პენსია 180 ლარია;
კვირის მთავარი თემა კი არის ახალი პანთეონი, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 1.5 მილიონი ლარია!!!
მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, წინააღმდეგი ვარ, რომ ჩემს მიერ გადასახადების გზით გადახდილი თანხა მოხმარდეს ამ პროექტს, როდესაც არ ვიცით იქ დაკრძალულ ადამიანებს, ისტორია 15, 20 ან 35 წლის მერე როგორ შეაფასებს.
კიდევ უფრო დასაფიქრებელია, ის ფაქტი, რომ ე.წ. ინტელიგენციის წარმომადგენლები, თავად გასცემენ ბრძანებას თუ სად უნდა იყოს მათი საფლავი და როგორი უნდა იყოს. უარესს შემთხვევაში კი შეიძლება ქელეხის ხარჯის გადახდაც სახელმწიფოსგან მოითხოვონ. საინტერესოა, როგორ უნდა ხდებოდეს გამორჩეულ პანთეონში სიკვდილის შემდეგ მოხვედრა,საკუთარი სურვილით თუ ხალხის სიყვარულით? ან ხომ არ გგონიათ უბრალოდ, რომ დიდი და ლამაზი ბაღებით გაშენებული პანთეონიდან პირდაპირ სამოთხეში მოხვდებიან?
სამწუხაროდ, საქართველოში დღეს გენიოსების რაოდენობას პანთეონები სჭარბობს.
დიახ, პანთეონები არაა უცხო ევროპისთვის, მაგრამ არა ამ რაოდენობით და წინასწარ შეკვეთილი ადგილებით.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგალითად, საერთოდ არ აქვთ პანთეონი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მწერალს არ აფასებენ.
მოდით, ვინმეს ხელოვნება, მწერლობა და მოღვაწეობა არ იყოს მხოლოდ ერთჯერადად დაფასებული. დავუტოვოთ მომავალ თაობას უფლება გადაწყვიტოს რა არის მათთვისაც ღირებული, შეიძლება შეფასების კრიტერიუმები განსხვავდებოდეს, მაგრამ ნამდვილი ხელოვნება ხომ არ იკარგება. ასე, რომ ნურც მათ შეეშინდებათ, მათი ღვაწლი ნამდვილად არ დაიკარგება. პირიქით, წლების შემდეგ შეიძლება კიდევ უფრო დაფასდეს.