Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ანა მოსაშვილი

ბავშვობაში სკოლის არდადეგებზე საყვარელ ბებიას სიღნაღის რაიონში სოფელ ტიბაანში ხშირად ვსტუმრობდით. სახლის მე-2 სართულზე მდიდარ ბიბლიოთეკასთან ერთად, შავ-თეთრი გაცრეცილი წინაპრების ფოტოები ასევე ძველებურ ჩუქურთმებიან მაგიდას ამშვენებდა. ალბომის თვალიერება და ყოველ სურათზე ადამიანების ვინაობის დადგენა ჩემი საყვარელი საქმიანობა იყო. ალბომის გადაფურცვლა არაფრით მბეზრდებოდა და ბებიაჩემსაც მათზე გამოსახულ პიროვნებებზე დეტალურად ვეკითხებოდი. სწორედ, მაშინ გავიგე, რომ ჩვენი ოჯახის 2 წევრი, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორნი იყვნენ, 1937 წელს დახვრიტეს და ჩემი დიდი ბებიაც 10 წლით ყაზახეთში გადაასახლეს. მაშინ მე-5 კლასში თუ ვიქნებოდი და ვერ ვხვდებოდი ეს სისხლიანი „37“-წელი რას ნიშნავდა ან რატომ შეიძლებოდა ღამით ოჯახების აყრა და ციმბირის გზისკენ გაშურება.

მოგვიანებით, 1937 წელი უფრო შემზარავი შინაარსის აღმოჩნდა. ბუნებრივია, ჩემი ოჯახი ერთადერთი არ იყო, რომლებიც საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლნენ. მათი მოღვაწეობის დასრულება მხოლოდ სტატისტიკური მნიშვნელობის იყო და ისინიც მილიონობით დახვრეტილ ადამიანთა შორის ცარიელ რიცხვებად დარჩნენ.

ბუნებრივია, საბჭოთა ოკუპაციამ და ქვეყნის ანექსიამ საქართველოს უამრავი ტკივილი მოუტანა. „უბრალო სისხლად“ შეწირული ინტელიგენციის წარმომადგენლები დააკლდნენ ქვეყანას საჭირო დროს და ადგილას. სამაგიეროდ, მათ ნაცვლად ქვეყანას საბჭოთა ნომენკლატურის და პოლიტ-ბიუროს წევრები მოევლინენ, რომლებმაც „წითელი კულტურის“ დამკვიდრებაში დიდი როლი შეასრულეს.

1937 წლიდან 2017 წლამდე ზუსტად 80 წელი გავიდა.

დღეს საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, თუმცა ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე კვლავ რუსული ჯარი დგას. სამაგიეროდ, ხვალინდელი დღის იმედით და რწმენით, რომ ერთ დღეს საქართველო გაერთიანებული იქნება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ მივისწრაფვით და საქართველოში აშშ-ის, ნატოს თუ არამხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროების თუ ჯავშანტექნიკის მარშია. 80 წლის შემდეგ კვლავ ვცდილობთ საბჭოთა მენტალურ ტერორს თავი დავაღწიოთ და მისი ნანგრევებიც ქვეყნის ტერიტორიიდან სამუდამო გავიტანოთ.

„საიმედო პარტნიორი“ ნათელი მაგალითია, რომ დღეს უბრალოდ მარტო არ ვართ. გორის ცენტრში კი ამერიკელ სამხედროებს სტალინი ვერც ძეგლის სახით ვეღარ ეგებება. ჩემთვის, პირადად ეს ერთგვარი რევანში იყო 1937 წლისთვის და ყველა იმ სისხლიანი თარიღისთვის, რომლისთვისაც ჩვენმა ერთმორწმუნე „კეთილმა“ მეზობელმა ორი საუკუნის მანძილზე ასე იზრუნა.

იმისთვის, რომ საქართველოში აღარ განმეორდეს წარსულის „წითელი თარიღები“ თუ 2008 წელი, საჭიროა უფრო მეტი საერთაშორისო პარტნიორი საქართველოში და რაც მთავარია, საბჭოთა სისხლიანი ისტორიის ცოდნა.

2015 წელს საქართველოში 1937 წელს რეპრესირებულთა და დახვრეტილთა სია საჯარო გახდა. თავის მხრივ, მე ჩემი ვალი წინაპრების მიმართ მოვიხადე და დღეს ისინი ამ სიაში არიან. საქმეს თან ახლავს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ისინი რეაბილიტირებულნი არიან დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. მხოლოდ ცინიკურ, სისხლიან და არადამიანურ რეჟიმს თუ ძალუძს, რომ ადამიანები ჯერ დახვრიტოს, ხოლო შემდეგ გაამართლოს.ასე, რომ თუკი ჩემი მტრის მტერი „საიმედო პარტნიორად“ ავირჩიე მათივე კომიკური სასამართლოს განჩინებით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG