Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში


ავტორი: ანა ობოლაძე

წინასაარჩევნო კამპანია - ესაა კანონმდებლობით დადგენილ დროის შუალედში განხორციელებული კოორდინირებული, მიზანმიმართული საჯარო ღონისძიებების სისტემა, რომლის მიზანიცაა კანდიდატის მხარდამჭერთა მობილიზება და არჩევნებში მისი გამარჯვების უზრუნველყოფა. თუმცა, დღეს კამპანიის ჩატარება, გარკვეულწილად, მარკეტინგული მოვლენაა, განუწყვეტელი პროცესი, რომელშიც გათვალისწინებულია მასმედიის, ორგანიზაციების რეაქცია და ამომრჩეველთა აზრი. არსებობენ ამომრჩეველთა სეგმენტები, რომელთა მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენას ახდენს სწორედ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების პერიოდი, რომელიც უშუალოდ წინ უძღვის არჩევნებს, ამიტომ თითოეული პოლიტიკური პარტიისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესია.

წინასაარჩევნო კამპანია შეიძლება განხორციელდეს ისეთი მექანიზმების გამოყენებით, როგორებიცაა: ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გავრცელება, მასობრივი ღონისძიებები - კრებები და შეხვედრები ამომრჩეველთან, საჯარო დებატები და დისკუსიები, შეხვედრები, მანიფესტაციები და სხვა.

ბეჭვდით სააგიტაციო მასალების გავრცელება კამპანიის ეტაპზე პირველი ნაბიჯია, რისი საშუალებითაც მოსახლეობა ეცნობა პარტიების წარმომადგენლებს თავიანთ რაიონებში, მათ ლოზუნგებს, მთავარ მიმართულებებს. სამწუხაროდ, ეს პროცესიც კი დაძაბულობის გარეშე არ ტარდება ჩვენს რეალობაში. გარდა იმისა, რომ პლაკატებისა და ბანერების განსათავსებლად გარკვეული აკრძალული ადგილები არსებობს ვაწყდებით შემთხვევებს, როდესაც ერთი რომელიმე პარტიის სააგიტაციო მასალას ზემოდან მეორე პარტიის საარჩევნო პლაკატი აქვს გადაკრული, რაც ასევე კანონის დარღვევაა. პოლიტიკური პარტიებისთვის კამპანიის პერიოდში მასობრივი ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს. თითოეული პარტია წარადგენს თავის პროგრამებს, გუნდის წევრებს, პერსპექტივებსა და პრობლემების გადაჭრის გზებს. მასობრივი ღონისძიებების ფარგლებში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში ხშირი იყო ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციები. საკმაოდ დიდი საპროტესტო გამოხმაურება მოჰყვა საკრებულოს შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის თბილისის ცენტრში მიწების გადაცემასთან დაკავშირებით. საპროტესტო აქციების ხსენებისას არ უნდა დაგვავიწყდეს „საქართველოს პარტიოტთა ალიანსი“, რომელმაც მთლიანი საარჩევნო კამპანია რამდენიმე მასშტაბური აქციის ფონზე ჩაატარა. თავდაპირველად, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებდნენ, შემდგომ კი მოთხოვნების ცხრა პუნქტიანი სია წარადგინეს. პოლიტიკური პარტიები მასობრივი ღონისძიებების ფარგლებში აწყობდნენ შემაჯამებელ შეხვედრებს. მაგალითად, „ევროპულმა საქართველომ“ ასეთი სამი შემაჯამებელი შეხვედრა მოაწყო ქუთაისში, რუსთავსა და საბოლოოდ თბილისში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელი შეხვედრა მსვლელობით დასრულდა „ვარდების მოედნიდან“ პარლამენტის შენობამდე. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თავის გუნდთან ერთად შემაჯამებელი შეხვედრა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გამართა. მოსახლეობას მოუწოდა არჩევნებში წასვლისკენ და ამ შეხვედრით თავისი წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა. ეს შეხვედრები საშუალებას იძლეოდა აგიტაცია და პროპაგანდა გაეწიათ თავიანთი პოლიტიკური პარტიისა და თითოეული კანდიდატისთვის.

ამომრჩეველთა შემოვლა სახლებში ე.წ. კარდაკარი ქართული წინასაარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილია, პრინციპში ეს ის პერიოდია, როცა ხალხით და მათი პრობლემებით ინტერესდებიან. თუმცა, სამწუხარო რეალობაა, რომ არჩევნების შემდგომ აღარავინ ინტერესდება მოსახლეობით. ამომრჩეველს თავისი პრობლემების გამოთქმის საშუალება ოთხ წელიწადში ერთხელ ეძლევა და ისიც საეჭვოა რამდენად იქნება მათი აზრი გათვალისწინებული.

თანამედროვე ეპოქაში კომუნიკაციის ყველაზე გავრცელებულ საშუალებას მედია წარმოადგენს, საარჩევნო პერიოდში მისი როლი განსაკუთრებით იზრდება. ამ პერიოდის განმავლობაში მოსახლეობა ეცნობა ინფორმაციას საარჩევნო პროცესის შესახებ, მათ შორის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამებს, რომელიც მას მედიის საშუალებით მიეწოდება. საარჩევნო რეკლამები, სტუდიებში მიწვეული პარტიის წარმომადგენლები, მათი აზრი გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით საშუალებას იძლევა ხალხმა შეაფასოს თითოეული კანდიდატი, პარტია და მათი იდეოლოგია.

მედია გარემო არის პლურალისტური, თუმცა პოლარიზებული. ხშირი იყო ოპოზიციური პარტიების მიერ გამოთქმული უკმაყოფილება წინასაარჩევნო გარემოს შესახებ, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას. ამ არჩევნებზე აქტუალური გახდა სოციალური ქსელებით კონტრაგიტაციის ფაქტებიც, რომელიც მუდმივ ხასიათს ატარებდა და სხვადასხვა სუბიექტების წინააღმდეგ დასპონსორებული გვერდების მეშვეობით ხორციელდებოდა. თვალსაჩინო იყო ხელისუფლების შეტევა დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე, რომლებიც ოპოზიციური პარტიების „თავშესაფარს“ წარმოადგენდა. თითქმის უფუნქციოდ დარჩა ტელეკომპანია „მაესტრო“, რომლის ეთერში აღარ არის პოლიტიკური გადაცემები. ტელეკომპანია „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა კი სრულად დამოკიდებული იყო სახელისუფლებო პარტიის პროპგანდისტულ იდეებზე.საკმაოდ საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს დებატები კანდიდატებს შორის, რითაც არც ისე ხშირად გვანებივრებდნენ. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი თბილისის მერობის კანდიდატებს საშუალება მიეცათ კიდევ ერთხელ ესაუბრათ თავიანთ პროგრამებზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, ამომრჩეველს კი მიეცა შესაძლებლობა შეედარებინა თანაბარ პირობებში მყოფი კანდიდატები.

საქართველოში არჩევნებს სამწუხაროდ იგებს ის, ვისაც მეტი ფინანსური რესურსი აქვს. მოსახლეობის ის ნაწილი, რომლისთვისაც გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვან როლს წინასაარჩევნო კამპანია თამაშობს,აუცილებელია რომ არ წამოეგონ კანდიდატების არალეალურ დაპირებებს და არ გახდნენ ლამაზად შეფუთული პიარ-კამპანიის მსხვერპლნი. ეს ტენდენცია რომ შეიცვალოს, მოსახლეობამ უნდადასვას კითხვები, ვალდებულნი გახადონ კანდიდატები უკეთესად მოემზადონ ხალხთან შეხვედრისას, წინასაარჩევნო კამპანია დაგეგმონ ხალხის რეალური პრობლემების გაცნობის შედეგად.ამით შევძლებთ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა აღარ იფიქრონ იმაზე თუ როგორ მოისყიდონ მოსახლეობა ფულით და არარეალური დაპირებებით. სხვა შემთხვევაში, ყოველი შემდგომი არჩევნების მოგება დამოკიდებული იქნება ფინანსური რესურსის რაოდენობაზე და არა ხალხის საერთო სურვილზე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG