Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ანა ვაჩაძე

დიახ, ევროპაში არის უფრო მეტი სექსუალური თავისუფლება, ვიდრე ჩვენთან, თუ თქვენ ამას „გარყვნილებას“ უწოდებთ.

დიახ, ევროპაში არის უფრო რაციონალური დამოკიდებულება რელიგიის საკითხების მიმართ, თუ თქვენ ამას „ურჯულოებას“ უწოდებთ. იქ მარხვის შენახვა, პირჯვრის გადაწერა, მანქანაში ჯვრების დაკიდება მოდაში არ არის, არც სალოცავი კუთხეები აქვთ სახლებსა თუ კაბინეტებში მოწყობილი.

დიახ, ევროპაში არის უფრო ლიბერალური დამოკიდებულება მსუბუქი ნარკოტიკების მიმართ, თუ თქვენ ამას „გადაგვარებას“ უწოდებთ.

სამაგიეროდ ევროპაში ბიჩოკებს ქუჩაში არ ყრიან; „ნაგვის პარკს“ სადარბაზოში და ლიფტში არ ტოვებენ; პიკნიკის შემდეგ ნასუფრალს მდინარეში არ გადაუძახებენ; მიწისქვეშა გადასასვლელებში და ყოველი შენობის ბნელ კუთხეში არ შარდავენ; სახლებს ტროტუარებზე არ აშენებენ; სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ველოსიპედით დადიან ; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ქუჩაში გამოდიან და თავისუფლად გადაადგილდებიან ტრანსპორტშიც და შენობებშიც; მწეველები არამწეველებს სახეში არ აბოლებენ...

და ამ ყველაფერს ერთი სახელი ჰქვია - ს ო ლ ი დ ა რ ო ბ ა. დიახ, ევროპაში ხალხი საოცრად სოლიდარულია იმ საზოგადოებისა და გარემოს მიმართ, რომელშიც ცხოვრობენ. ისინი იხდიან დიდ გადასახადებს საკუთარი ნებით და ამას არავინ ახვევს თავს. იხდიან იმიტომ, რომ საზოგადოებრივი სიკეთეებზე ყველას (მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც) მიუწვდებოდეს ხელი, იხდიან იმიტომ, რომ ყოველდღე ქუჩაში ხელგამოწვდილ მოხუცს და მშიერი თვალიებით მომზირალ ბავშვს არ ხედავდნენ, იხდიან იმიტომ, რომ თავი იმ საზოგადოების წევრად იგრძნონ, რომელშიც ცხოვრობენ და არა ცალკე კასტად სასახლეებს რომ იშენებენ, გალავნებს არტყამენ, უზარმაზარი ჯიპებით დადიან, შვილებს კერძო სკოლებში ატარებენ, რომ თავისნაირ კასტასთან იმეგობროს და დანარჩენ ნაყარ-ნუყარა ხალხის შვილებს არ გაეკაროს... და რაც მთავარია, ისინი იხდიან გადასახადებს, რომელსაც მთავრობა კეთილსონდისიერად და სამართლიანად ანაწილებს იმის მიხედვით, ვის მეტი სჭირდება და ვის - ნაკლები.

სწორედ ეს არის სოლიდარობა, თავისუფლება და სამართლიანობა - სამი მთავარი ღრებულება, რომლის დანერგვა ევროპამ სამი საუკუნის წინ დაიწყო საფრანგეთის რევოლუციით.

ვიღაცები კიდე იტყვიან გარყვნილი ევროპაო...

და მაინც... მე ვარჩევდი „გარყვნილებას“ იმის ნაცვლად რომ ყოველი მე-9 ქალი ძალადობის მსხვერპლი იყოს;

მე ვარჩევდი „ურჯულოებას“ იმის ნაცვლად, რომ ღარიბ-ღატაკ ქვეყანაში, სადაც ბავშვები შიმშილით, უსახლკარობით, ექიმთან მიუსვლელობით იღუპებიან, ხელმოცარული, ეკლესიას შეფარებული წვერებიანი ტიპები ჯიპებით დადიოდნენ;

... და მე ვარჩევდი „გადაგვარებას“ იმის ნაცვლად, რომ მარიხუანას მოწევის გამო ჯარიმების, შემდეგ კი საპროცესოს გადასახდელად ხალხი იპოთეკით კარგავდეს ბინებს ან კიდე იმის ნაცვლად რომ ღვინით დიდ გულზე მოსული კაცები ცოლებს ჩაგრავდნენ სახლში.

მეტი სოლიდარობა გვჭიდება- გარყვნილი, ურჯულო, გადაგვარებული სოლიდარობა...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG