Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქალური ბედნიერება“ ქართულად


ავტორი: ანა ვაჩაძე

სკოლაში კარგად სწავლობდა, ფრიადოსანი არ იყო, ოთხები ყავდა ( სამებს „მერხსაც უწერდნენ“;რადგან გოგო რადგან იყო და არ ცელქობდა, ოთხები ყავდა მაინც). სკოლის ბოლო წელს მშობლემა დაიწყეს ფიქრი, რაზე უნდა ჩაებარებინა. პირველ რიგში „მომზადებაზე“ იფიქრეს და რამდენიმე საგანში კერძო მასწავლებელთან სიარული დააწყებინეს. ფაკულტეტების ასარჩვევად ერთი წელი წინ ჰქონდათ. გაიკითხ-გამოიკითხეს „კარგი უნივერსიტეტები“ და ჩამოწერეს, ფაკულტეტების შეურჩიეს, ისეთები, გოგოს რომ შეეფერება (ისტორია, ფილოლოგია, ჟურნალისტიკა... რომელიმეს სიტყვა „საერთაშორისო“ ან „დოპლომატიაც“ თუ ჰქონდა დამატებული, პრიორიტეტების სიაში პირველი ის ჩაწერეს). როგორც იქნა ჩააბარა. სტუდენტი გახდა. დიპლომი ექნება. გოგოა და ისწავლის აბა რას იზამს, ქუჩაში ხომ არ დადგება.

პირველ კურსზე უხაროდა, დარბოდა უნივერსიტეტის ერთი აუდიტორიიდან მეორეში, ირჩევდა საგნებს, (ი)წერდა შუალედურებს .... მეორე წელს მობეზრდა. მიხვდა რომ „არაფერს არ ასწავლიან“, „მაინც ჩაწყობითაა ყველაფერი“.

მის კურსელებს უკვე აკითხვენ ბიჭები ლექციების შემდეგ. რამდენიმეს ემესიჯა, რამდენიმეს შეხვდა, ერთად ისეირნეს, მაგრამ რაღაც ვერ იყო... მეოთხე კურსზე მიხვდა, რომ ცოტა დრო რჩებოდა. თუ არ გაყვებოდა ვინმეს, აბა მერე რა უნდა ეკეთებინა?! ვინც ყურადღება გამოხატა მის მიმართ „აღარ დაიწუნა“ და ჩააბარა თუ არა ბოლო გამოცდა, გაიპარნენ...

მშობლებმა ცოტა იჩხუბეს, მაგრამ მალევე შეურიგდნენ. გოგოა და აბა რა უნდა ექნა? მთავარია ნარკომანი არ არის ის ბიჭი და ლოთი, ოჯახიც ნორმალური აქვს და „ ნასწავლიცაა“, მერე რამე იქნება.

ქორწილი გადაიხადეს.

ქორწილის დღეს რაღაც სასწაულს ელოდა, მაგრამ ჩვეულებრივად როგორც არის, ბიჭმა მოაკითხა, წაიყვანა, დედამთილმა ოჯახში ფეხის შედგმისთანავე ტკბილეულით გამოუტენა პირი, ასე ტკბილად დაბერდითო, თეფშიც გატეხეს ერთად კარის ზღურბლთან. რესტორანში იქეიფეს სიძე -პატარძლის რამდენიმე მეგობარმა და ძალიან ბევრმა ნათესავმა. პირველ ცეკვაზე ნერვიულობდა, მიუხედავად იმისა, რომ დადგმული ჰქონდათ წინასწარ, ერთი კვირა მასწავლებელთან იარეს და ივარჯიშეს. მოახლაფორთეს როგორღაც, ცოტა კი შეეშალათ მაგრამ სტუმრების ნახევარმა ვერ გაიგო.

7 თვის შემდეგ შვილი შეეძინათ (მანადე ჰქონდათ „რაღაც“, მაგრამ რა მოხდა მერე,სხვა კაცთან ხომ არ ყოფილა, თავის მომვალ ქმართან იყო).

თვითონ რომ მშობიარობდა , მისი ქმარი ძმაკაცებთან ერთად სამშობიაროს ეზოში მთელი დღეს მანქანის „კაპოტზე“ სვამდა. უკვე მერამდენედ სვამდნენ ჯერ არ დაბადბეულისა და მშობიარე ქალის სადღეგრძელოს, შიგადაშიგ ამბავი ჩამოდიოდა ზემოდან : სამ თითზეა უკვე, ოთხზე, იბადება, წყლები დაღვარა.... მამაზე ამაყი იმ დღეს არავინ იყო, პირველივე ბიჭი „გააკეთა“!

ყველაფერი რომ დასრულდა და ტანჯვა-წამება გადაიტანა, „სასტავმა“ რესტორანში გადაინაცვლა.

ბავშვის გაჩენის შემდეგ მთლიანად შეიცვალა მისი ცხოვრება: წონაში მოიმატა, დიეტასაც ვერ იცავდა, „ბუნებრივ“ კვებაზე ყავდა ბავშვი. დაიწყო ნათესავების უწყვეტი ნაკადის მოსვლა სახლში... ამდენი ადამიანის გასტუმრება უკვე აღარ შეეძლო, ისედაც ღამეებს ათევდა. ბოდიშებს იხდიდა, ბავშვს უნდა ვაჭამოო და საძინებელში გადიოდა. ზოგიერთი ნათესავი იქაც დაადგებოდა თავზე, კი ეუხერხულებოდა ჭამის პროცესში ვინმე რომ თავზე ადგა, მაგრამ ქმრის ნათესავს რამეს ხომ ვერ ეტყოდა უხეშად. მერე დაიწყებდნენ ძუძუთი კვების საკითხების გარჩევას, რჩევების მიცემას და ასე გრძელდებოდა მინიმუმ ერთი წელი.

მისგან განსხვავებით, ქმრისთვის არაფერი შეცვლილა. ისევ ისე იდგა ბირჟაზე, ისევ რესტრორნებში ქეიფობდა და პატარების სადღეგრძელოზე ახსენდებოდა თავისი შვილი. სიამაყოთ ამომბდა გაუმარჯოსო. ცოლზე გული აღარ მისდიოდა, მაგრამ ჯერ მაინც ვერ ბედავდა „გულაობას“, საღამოს ნასვამი სახლში მისული მაინც იკმაყოფილებდა მოთხოვნილებებს. სამსახური იშოვა, ახლა საზღვარგარეთ წასვლის „პრასვეტებიც გაიჩითა“ და და აბა რისი ქართველი იყო, უკრაინაში რომ არ ეგულავა...

ეს კი იჯდა სახლში. ბავშვი რომ წამოიზარდა, მუშაობის დაწყება მოინდომა, მაგრამ აბა როგორ დაეწყო?! სად დაეწყო? ბავშვი ბაღში არ ჩერდებოდა. ისევ დაელოდა სანამ სკოლაში მოუწევდა წასვლა. როგორც იქნა „მოუწია“ სკოლამ და ახლა უფრო მოინდომა სამსახური. მამამთილი დატრიალდა, ქმარსაც ჰქონდა უკვე „ხოდები“, ვიღაც იპოვეს, ჯერ სტაჟირებაზე ატარეს ერთი წელი და მერე როგორც იქნა აიყვანეს.

ბავშვის სკოლაში წასვლის შემდეგ ნათესავების რჩევების ახალი ნაკადი წამოვიდა: აბა მეორეს როდის აპირებ, ეს უკვე დიდია და დედმამიშვილი ხომ უნდაო. კი ბიჭია და საქმე მოლეული გაქვს, მაგრამ მეორე შვილი მაინც საჭიროაო.

არადა ისევ ყველაფერის გამეორება ადვილის საქმე ხომ არ იყო? რა უნდა ექნა, ვერ გაუძლო ამდენ ზეწოლას და გააჩინა.

ქმარმა ნელ-ნელა ოჯახისკენ მოიხედა. მობეზრდა გულაობა. ახლა მოუნდა შვილი და ცოლი. ამ უბედურ დღეზე გაჩენილს ცოტა ეშველა. სამსახური ჰქონდა, მართალია ყოველი უფროსის გამოცვლისას გული უსკდებოდა არ გამაგდონო, მაგრამ ასე თუ ისე, ინარჩუნებდა ადგილს. აგერ უკვე „პრავაც“ აიღო. მამამ, მამამთილმა, ქმარმა, ძმამ ფული შეუგროვეს, ცოტა თვითონაც დაამატა და ჯიპი იყიდა. მაინც უსაფრთხოდ რომ ყოფილიყო, ახალი ნასწავლი ჰქონდა ტარება და პატარ მანქანას ვერ ენდობოდა.

ბავშვები წამოიზარდნენ, ერთი მუსიკაზე შეიყვანა (თვითონ მუსიკალური სასწავლებელი ძალით დაამთავრებინეს და მერე კი ინანა, ნეტა გამეგრძელებინაო, მაგრამ აი, ახლა ბავშვს ასწავლის), მეორე ფეხბურთზე. სამ საგანში ამზადებდა ორივეს. ხან ერთს გააქანებდა სკოლის მერე მასწავლებელთან, ხან - მეორეს.

გაიზარდნენ. ჩააბარეს. ახლა ოჯახების შექმნაა მთავარი.ის კი ელოდება როდის გაუჩენენ შვილიშვილებს, რომ სანამ ახალგაზრდაა, გაზრდაში დაეხმაროს.

ქართველი ქალის ცხოვრება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG