Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოცნება მიუკერძოებელ საჯარო სამსახურზე


ავტორი: არჩილ აბაშიძე

"პარკინსონის კანონის" თანახმად (C. Northcote Parkinson, ბრიტანელი მეცნიერი, საჯარო ადმინისტრირების მეცნიერების ერთ-ერთი ცნობილი ფიგურა), საქმის კეთებაზე იმდენი დრო იხარჯება, რამდენი დროც არის გამოყოფილი. სწრაფად გასაკეთებელ საქმეს უცბად ვახერხებთ, ხოლო მარტივი საქმის გაკეთებას უსასრულოდ დიდი ხანიც დასჭირდება, თუ ვიცით რომ არავინ გვაჩქარებს. ზარმაცასავით ზლაზვნია ბიუროკრატიც ამ კანონის მიხედვით მოქმედებს. მას, როგორც წესი, არსად ეჩქარება; ეს მოქალაქეა ყოველთვის "მოუთმენელი, სუსტი ნებისყოფის და აგრესიული".

იმავე პარკინსონის მიხედვით, ბიუროკრატია ასევე ზრუნავს საკუთარ გამრავლებაზე. ჩინოვნიკი ყოველთვის პოულობს მიზეზს გაიჩინოს მრავალრიცხოვანი ხელქვეითი, გააფართოოს იერარქია და ყველა ახალ ჩინოვნიკს საქმე გაუჩინოს (იქაც, სადაც ამის მოთხოვნილება არცაა). და თუ წინააღმდეგობა არ შეხვდა, ბიუროკრატია გაიზრდება და იქცევა მონსტრად, რომელიც ყველაფერს "გადაყლაპავს".

2013 წლიდან საქართველოში მიმდინარეობს საჯარო სამსახურის რეფორმა, რომლის პირმშოცაა ახალი "კანონი საჯარო სამსახურის შესახებ", რომელიც 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. იცვლება საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპი, ინერგება ე.წ. კარიერული მოდელი და ჩინოვნიკები დაცულობის უფრო ფართო გარანტიას იძენენ. საჯარო სამსახურში სამუშაოს დაწყება მხოლოდ იერარქიის ყველაზე დაბალი საფეხურიდან იქნება შესაძლებელი მიუხედავად აპლიკანტის ასაკის, გამოცდილების, განათლების და სხვა დამსახურებებისა. ახალი რეალობა გვპირდება მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებულ საჯარო სამსახურს.

მაგრამ, ყველას კარგად მოეხსენება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს საჯარო სექტორში ხდებოდა ის, რასაც მთავრობა ჯიუტად უარყოფს (რადგან პირველ რიგში სარგებელს თვითონ ელის არჩევნებზე) და რის დამტკიცებას კვლევებით ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. კერძოდ, არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ნიშნით საჯარო სექტორიდან გაათავისუფლეს რამდენიმე ათასი ადამიანი, მათ ადგილზე მიიღეს საკუთარი მომხრეები და შემდეგ (ალბათ, იმიტომ რომ ყველას ადგილი არ ერგო) შტატებიც გაბერეს (მაგ. http://netgazeti.ge/news/131234/, ასევე http://liberali.ge/news/view/23837/TI-2014-tslis-shemdeg-munitsipalur-aaipebshi-dasaqmebulta-raodenoba-8-232-pirit-gaizarda). ოფიციალური მონაცემებით დღეს საჯარო სექტორში ოთხასი ათასი ადამიანია დასაქმებული (იხილე:http://www.tabula.ge/ge/story/109970-dasaqmebulta-raodenobis-mixedvit-umsxvilesi-sajaro-struqturebis-ateuli).

ეს ე.წ. spoils system-ის კლასიკური მაგალითია: არჩევნების შემდეგ ნადავლი გამარჯვებულისაა და ის ალაფს თანამებრძოლებს უნაწილებს. საჯარო სამსახურში ამ პრინციპით თანამდებობების განაწილებაზე უარის თქმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ასი წლის წინ მოუწია. მოუწია, რადგან ამ სისტემამ ამერიკის მეოცე პრეზიდენტი იმსხვერპლა: თანამდებობის მაძიებელმა სიცოცხლეს გამოასალმა პრეზიდენტი ჯეიმს გარფილდი, რომელმაც მას სასურველი თანამდებობა არ არგუნა არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ. შედეგად, 1883 წელს მიიღეს ე.წ. "პენდელტონის აქტი" (Pendleton Civil Service Reform Act), რომლითაც განისაზღვრა, რომ ფედერალურ სამსახურში თანამდებობები დამსახურების მიხედვით უნდა გაიცემოდეს და არა პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით. საინტერესოა, რომ სენატორი ჯორჯ პენდელტონი, რომლის სახელს ატარებს აღნიშნული აქტი, თავის დროზე ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა მონობის გაუქმებას და პრეზიდენტ ლინკოლნის ერთ-ერთი აქტიური ოპონენტი იყო (იხილე აქტი: https://www.ourdocuments.gov/doc.php?doc=48&page=transcript)

დიდი ხნის განმავლობაში, საჯარო სამსახური არისტოკრატიის პრივილეგიად მოიაზრებოდა - საჭირო იყო წერა-კითხვის ცოდნა, კარგი განათლება მნიშვნელოვან პლიუსად ითვლებოდა, "სუფთა საქმეც" იყო და ხელის გასვრას, ფიზიკურ შრომას არ საჭიროებდა- მოკლედ, კარგი ალტერნატივა იყო წარჩინებული ახალგაზრდებისათვის, ვისაც სამხედრო სფეროში კარიერის გაკეთება ამა თუ იმ მიზეზით არ შეეძლო. ცივილიზებულ სამყაროში, ეს დრო წარსულს ჩაბარდა: სოციალურ სტატუსს და პარტიულ კუთვნილებას აღარავინ უყურებს, მთავარი ცოდნა და უნარებია. საჭირო ხალხის ნაცნობობა ყველგან გამოსადეგია, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი არაა.

სხვაგვარადაა საქმე საქართველოში. სწორედ ამის შეცვლა და მერიტოკრატიის, დამსახურების პრინციპის დამკვიდრების ამბიცია აქვთ კარიერული სისტემის მხარდამჭერთ. მაგრამ რა შედეგი მოჰყვება კარიერულ სისტემას ჩვენი აზრით: უინიციატივო, გაზარმაცებული ჩინოვნიკი, რომელიც არასოდეს დაუჭერს მხარს სიახლეს, იქნება ტიპიური "Yes-man". გაიფხორება და გომბეშოსავით გაიბერება მოქალაქესთან ურთიერთობისას და სისხლს გაუშრობს "რიგით ადამიანს"; სამაგიეროდ, ყოველთვის ორად მოიკეცება უფროსთან, რადგან ერთადერთი საზრუნავი პოზიციის შენარჩუნება ექნება. საჯარო სამსახურიდან გავარდნის შიშით ყველაფერს დათანხმდება და არასოდეს შეეწინააღმდეგება ზემდგომს. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებს აწყობთ ასეთი პაიკები სახელწიფო აპარატში; ე.წ. "ადმინისტრაციული რესურსი" არჩევნებში წარმატების მნიშვნელოვანი გარანტიაა, მაგრამ რამდენ ხანს გაძლებს სახელმწიფო ასეთი ჩინოვნიკების ხელში?

რა იქნება ოცნების დასრულების შემდეგ? ოცნებაში აქ შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც აპოლიტიკური საჯარო სამსახურის შექმნის ილუზიის მოსალოდნელი კრახი (თუკი ვინმეს მართლა გულწრფელად სჯერა ამის საქართველოში), მაგრამ ასევე "ქართული ოცნების" მმართველობის დასასრულიც (იმედია, ამ ხელისუფლებას მაინც ესმის, რომ ადრე თუ გვიან ყველა მთავრობას გადაირჩევენ). პირველ რიგში, გარდაუვალი იქნება საჯარო სამსახურის წმენდა. მაღალჩინოსნების ნათესაობის გამო სამსახურში მიღებული ხალხის დათხოვნა და გაბერილი ორგანიზაციების შემცირება თავიდან გასავლელი მტკივნეული პროცესი იქნება. ისევ გადასახედი იქნება "კანონი საჯარო სამსახურის შესახებ" (თუკი ეს კანონი საერთოდ შევიდა ძალაში).

საოცარი ისაა, რომ ახალი კანონის და, შესაბამისად, საჯარო სამსახურის პრინციპების დამტკიცება ისე მოხდა, ქართულ საზოგადოებას დიდი ინტერესი არ გამოუჩენია. პრესა, ტელევიზია სრულიად გულგრილი დარჩა. 2017 წელს კანონი უნდა ამოქმედდეს; დედლაინი განსაზღვრულია და ყველაფერი რომ მოესწროს, ბიუროკრატიული აპარატი ამოქმედდა; განისაზღვრება ახალი წესები, გამოვა ახალი ბრძანებები, გაიწერება ინსტრუქციები. მოკლედ, მოესწრება. მაგრამ საჯარო სამსახურის რეფორმა მხოლოდ რომელიმე დონორის კმაყოფილების და რეფორმის აღმსარულებელი კონკრეტული ჩინოვნიკების ამბიციების და კარიერული წინსვლის საკითხი ხომ არ უნდა იყოს?

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG