Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიის კრიტიკა და რელიგიის თავისუფლება


ავტორი: გიორგი ჩიხლაძე

,,იქით გაიწიე,მზეს ნუ მიჩრდილავ''

(დიოგენე)

თავისუფლება, ფილოსოფიურ კატეგორიაში, აისახება, როგორც ადამიანის მოქმედების თვითმყოფადობისა თუ განსაზღვრულობის ავტონომიურ პრობლემად. რელიგიური თავისუფლების ვერტიკალი, უპირატესად, პიროვნების მორალურ და დოგმატურ პასუხისმგებლობათა გააზრებაზე გადის. ამ უძველესი პრობლემის გარშემო კამათის ისტორია, რელიგიის ჩანასახშივე იწყება,როდესაც ადამიანის დაუცველობა და უმწეობა, მასზე ბევრად აღმატებული ბუნების ძალების წინაშე, გახდა საფუძველი, სოციუმში შექმნილიყო თავდაპირველად მარტივი, მაგრამ წინასწარ და მკაცრად განსაზღვრული დოგმატთა სისტემა. ამგვარ სოციალურ პრაქტიკაში, ერთიანდბოდა შელოცვა, მსხვერპლის შეწირვა, ვედრება, მონანიება და ა.შ.

ბუნების ძალები იქცნენ კერპებად, რომლებიც თვალ-ყურს ადევნებენ ადამიანთა ცხოვრებას და გამოდიოდნენ უზენაესი არბიტრის როლში. ცხოვრების უკუღმართობას და ბედისწერის სიავეს, ადამიანს უმსუბუქებდა უფლის რწმენა, პოსტულატით - უფალი კეთილია, იგი არ გასწირავს საკუთარ ქმნილებას. შესაბამისად, რელიგიის შექმნასთან ერთად, ადამიანმა, უნებლიედ მოაქცია საკუთარი თავი მარწუხებში, რადგან აღნიშნული აქტით, საკუთარი თავი დაარწმუნა, რომ მის არსებობას რაიმე მყარი მეტაფიზიკური საფუძველი გააჩნია. შფოთისა და მღელვარებისგან თავის დასაღწევად, მან რელიგიას შეაფარა თავი. ადამიანის ინტერესი რელიგიისადმი განპირობებულია არა მსოფლმხედველობრივი პრობლემებით,რომლებიც, შესაძლოა, ადამიანს გაუჩნდეს ცხოვრების გარკვეულ პერიოდში, არამედ გაორებისა და ეჭვიანობისაგან თავის დასაღწევად. მეორე მხრივ, საკამათოა ადამიანის სრულიად თავისუფლების საკითხი, რადგან სოციალური გარემო, სადაც ადამიანი ინტერაქციის საშუალებით სოციალიზაციის პროცესში ერთვება, აქვს მის გარეშე განპირობებული მოვლენების შედეგად წარმოქმნილი რამდენიმე ალტერნატივის არჩევის საშუალება. მდგომარეობა განსაკუთრებით მაშინ რთულდება, როდესაც რელიგიური დოგმატები, ელიტისტური დაჯგუფებების შედეგად იქნება მორგებული დროს, სივრცეს და პოლიტიკურ ნებას. შესაბამისად, რელიგიის თავისუფლების საერთო გაგება, ყველა რელიგიურ მიმდინარეობაში, შეუძლებელია. საჭიროა, ინდივიდუალურ ჭრილში, რაციონალური აზროვნების საშუალებით, განვიხილოთ თავისუფლების რელიგიური ფენომენი, რომელსაც რელიგიის კრიტიკამდე მივყავართ.

რელიგიის კრიტიკა, ერთადერთი საშუალებაა, რათა ცოცხალი რწმენა, არსებული მცდარი წარმოდგენებისგან გავმიჯნოთ, რომლებიც ფსიქიკური და სოციალური ფაქტორთა ზეგავლენით ჩამოყალიბდა.

ნიცშემ, ,,ღმერთის სიკვდილით'', ღმერთი რელიგიას, ანუ სოციალურ ინსტიტუტს განარიდა, რომელიც საერო ცხოვრებას განიხილავდა,როგორც ცოდვისა და ბოროტების სივრცეს და რომლის ძალა იყო ღმერთის წიაღქვეშ გაერთიანებული მრევლში. სწორედ მან თქვა, რომ რელიგიის კრიტიკა, ადამიანს ათავისუფლებს ილუზიებისგან,რათა მან კვლავ რაციონალურად იაზროვნოს, იმოქმედოს, კვლავ შექმნას თავისი რეალური რეალობა, როგორც ამ რელიგიური ილუზიებისაგან და წარმოდგენებისგან გათავისუფლებულმა.

პიონერი ბრუნოსა და დიდი მოაზროვნეების დამსახურებით, კაცობრიობა გამოვიდა საკუთარი თავიდან, დაიწყო რაციონალურად აზროვნება და მიხვდა, რომ აუცილებელია იყოს ცვლილება, რომლის დანახვაც სამყაროში სურს, რომ წარსული არასდროს არ ეტყვის რა უნდა აკეთოს,მაგრამ ყოველთვის შეახსენებს,რისი გამეორება არ მართებს.

იქამდე კი,ვიდრე რელიგიის კრიტიკა საყოველთაო სახეს არ მიიღებს, რელიგიური ელიტა, ახალი კანონმდებლობის საშუალებით, რომელსაც დოგმატის სახეს მისცემს და არარაციონალური არგუმენტებით გაამყარებს, უფრო განამტკიცებს ძალაუფლებას. მეორე მხარეს დარჩენილ უმცირესობას კი პელიკანივით, საკუთარ სხეულზე ანათლელი ხორცით მოუწევს შვილების გამოკვება.

გვახსოვდეს,რომ დიოგენე კვლავ კასრში ზის.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG