Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ებრძვის ქართული საზოგადოება ქარის წისქვილებს ანუ რას გვიშავებს ლიბერალიზმი?


ავტორი: გუგა სუხიაშვილი

ბოლო დროის პოლიტიკურმა ვითარებამ ფართო საზოგადოებას დაანახა ქართველი ერის უარყოფითი დამოკიდებულება ლიბერალური იდეების მიმართ და ეს თემა მრავალი კონტექსტით განიხილა, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ დღევანდელი ვითარების ნათელ ფერებში დანახვა შეუძლებალია ისტორიული მემკვიდრეობის და ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე.

საქართველოს თითქმის 70 წელი ტოტალიტარიზმის ქვეშ მოუწია არსებობა. საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული რეჟიმის ნებისმიერი იდეოლოგია ქვეყანაში სახეცვლილი აღწევდა. არ არსებობდა მედიისა და პრესის თავისუფლება. ადამიანებს არ შეეძლოთ აერჩიათ მათთვის სასურველი რელიგიური კონფესია. სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატია და პოლიტიკაში ჩართულობა უცხო იყო მოსახლეობისთვის, ის კი ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა რომ სხვა შენ მაგივრად ფიქრობდა. განსხვავებული იდენტობის ადამიანები იდევნებოდნენ სახელმწიფოს მხრიდან. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ არენაზე მხოლოდ რეპრესიები, ცენზურა და შიში იყო გაბატონებული. საბჭოთა კავშირმა ლიბერალური იდეოლოგია დასავლეთთან გააიგივა და შესაბამისად სახე უცვალა და ტაბუ დადებულ იდეოლოგიად აქცია.

ბუნებრივია, თაობებს, რომლებსაც ასეთ რეალობაში მოუწიათ გაზრდა უჭირთ სიახლეების მიღება და ისინი რეაქციონერულ პოზიციებს იკავებენ. მათთვის უცხოა ყველაფერი ის, რაც ლიბერალიზმთანაა კავშირში. კონსერვატორი მშობლებისთვის მიუღებელია მათი შვილების სწრაფვა ახალი, ლიბერალური იდეებისკენ. რეაქციონერები ყველანაირად ეცდებიან მათი შთამომავლებიც მათ დაემსგავსონ და სიახლეებზე მათაც უარი ათქმევინონ. სწორედ ამიტომ პროგრესი ძალიან ნელია.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 25 წელი გავიდა, თუმცა ქართველ საზოგადოებას ლიბერალიზმის ისევ ეშინია, პირველ რიგში ისევ იმიტომ რომ არ არსებობს იდეოლოგიის საღი აქმა და იდეოლოგია ისევ პოპულისტურ ჩარჩოებში ჩასმულ საფრთხედ გვევლინება. რატომ ვერ მოვახერხეთ ამდენი წლის შემდეგ ლიბერალიზმის მიღება, როდესაც იგივე ისტორიული გამოცდილების ქვეყნებმა ლიტვამ, ლატვიამ თუ ესტონეთმა მოახერხეს ტოტალიტარიზმის კლანჭებიდან თავის დაღწევა? ამ კითხვაზე პასუხი, შეიძლება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და განათლებაში ვეძიოთ.

სოციალური პროგრესის ინდექსის მიხედვით: დანია, ნორვეგია, ისლანდია, ფინეთი და შვეიცარია ლიდერობენ. რა აქვთ ამ ქვეყნებს საერთო? უმაღლესი საერთო შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე და უმდიდრესი ქვეყნების სტატუსი ევროპაში. სკანდინავიის ე.წ კეთილდღეობის ქვეყნები „ლიბერალიზმის სკალაზე“ ყველაზე მაღალ ნიშნულს აჩვენებენ. ასევე პირველები არიან მთლიანი შიდა პროდუქტის განაწილებაში ერთ სულ მოსახლეზე.

SPI-ის ინდექსის მიხედვით, საქართველო 128 ქვეყნიდან 53-ე ადგილს იკავებს. ამავე სიაში, ერთი პოზიციით უსწრებს ალბანეთი საქართველოს და რამდენიმეთი ჩამორჩება სომხეთი, მაკედონია და თურქეთი. ამ კვლევის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ეკონომიკური განვითარება მჭიდრო კავშირშია ქვეყნის საზოგადოების პროგრესულ ხედვებთან. სიღარიბე კი ქვეყანაში ლიბერალიზმის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მივიჩნიოთ.

ეკონომიკურ განვითარებაში არ იგულისხმება მხოლოდ ის თუ რამდენად მდიდარია ესა თუ ის ქვეყანა. მაგალითად, თურქეთსა და აზერბაიჯანს საკმაოდ მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტი აქვთ, მაგრამ ამავდროულად მისი თანაბრად განაწილების ძალიან დაბალი მაჩვენებელი. ქვეყანაში არსებული სიმდიდრე საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილშია მოქცეული.

სწორედ ამიტომ, განათლების დონის განვითარებითა და დოვლათის მეტ-ნაკლებად თანაბრად განაწილებით ზოგიერთმა პოსტ-საბჭოთა ქვეყანამ შეძლო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გამხდარიყო, სადაც ლიბერალური იდეები უალტერნატივოა. რა ხდება ამ დროს საქართველოში?

საქართველოში ქვეყნის მოსახლეობის 20-ზე მეტს უკიდურეს სიღარიბეში უწევს ცხოვრება. მათ არ აქვთ ადამიანის ისეთ საბაზისო მოთხოვნილებებზე წვდომა როგორიცაა: თავშესაფარი, პერსონალური უსაფრთხოება, ჯანსაღი საკვები, ძირითადი სამედიცინო დახმარება და ა.შ. შესაბამისად ისინი ადამიანის მოთხოვნილებების შემდეგ საფეხურებსაც ვერ იკმაყოფილებენ.

საინტერესოა რომ არ არსებობს არც ერთი მაგალითი ჩვენ ქვეყანაში როდესაც ლიბერალური იდეოლოგგის რომელიმე ფასეულობის მცირე ინტეგრირებამაც კი ქვეყანას რაიმე ზიანი მოუტანა.თუმცა ქართული საზოგადოების უმრავლესობას არ აქვს იმის ფუფუნება რომ ამაზე იფიქროს და მაღალი დონის ადამიანური მოთხოვნილებები დამოუკიდებლად დაიკმაყოფილოს.

შესაბამისად უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ხალხს მხოლოდ აბსტრაქციული ღირებულებები აქვთ შემორჩენილი, რომელთა დაცვასაც ლიბერალიზმთან ოპოზიციონირებით ცდილობენ. ყველაზე მტკივნეულია ის არის რომ ერი ებრძვის არა ლიბერალურ იდეოლოგიას კლასიკური გაგებით არამედ კონკრეტული ჯგუების მიერ ჩექმნილ მითს მის შესახებ და მასების დამოკიდებულება კი გვერდიდან ქარის წისქვილიდან შექმნილ ურჩხულთან ბრძოლას გავს.

როდესაც მასებისთვის არ არსებობს ინსტიტუტი რომელიც არ იქნება რეპრესირებული საზოგადოებაში გაბატონებული ჯგუფებისაგან და უმცირესობაში მყოფს პროპაგანდისტულ კლიშეებს არ მიაკრობენ, საზოგადოების პოლიტიკური განათლების დონე დაბალია და ვითარებიდან თავის დასაღწევად სოციალური და ეკონომიკური პირობები არ არსებობს რთული წარმოსადგენია რამ შეიძლება დაარღვიოს დღევანდელი ჩაკეტილი ციკლი. საბოლოდ კი ირონიულ სიტუაციაში ვრჩებით სადაც ლიბერალიზმთან ბრძოლაში ვაკუუმიდან გამოსასვლელად ისევ ლიბერალური იდეებისთვის მოხმობა გვიწევს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG