Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური პარტიების ფრაგმენტაცია ქართულად


ავტორი: ინგა ფუტკარაძე

ბოლო პერიოდში ქართული პოლიტიკური დღის წესრიგი პარტიების საკმაოსიჭარბით გამოირჩევა, რომლებსაც ერთი შეხედვით დამახასიათებელი ინდივიდუალიზმი, მრავალფეროვანი იდეები, ღირებულებები, პროგრამა აქვთ. ერთმანეთისგან განსხვავდებიან მათ მიერ წარდგენილი კანდიდატებიც. ამის მიუხედავად პარტიული სპექტრის ფრაგმენტაცია აშკარაა, ამიტომ პარტიებს უჭირთ გამონახონ ის საერთო იდეური ბაზისი, რის საფუძველზეც გაერთიანებას შეძლებენ. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ამომრჩეველი ფრაგმენტიზირებული პარტიებიდან თავს არცერთთან აიგივებს, არ აქვს მასთან იდეოლოგიური თანხვედრა, ინტერესები, მოლოდინები, შესაბამისად არჩევნებზე დაბალ აქტიურობასა და პოლიტიკურ ნიჰილიზმს ვიღებთ, საინტერესოა თუ რა არის ამის მიზეზი?

საქართველოში პარტიების გამაერთიანებელ ფაქტორს იდეოლოგია არ წარმოადგენს. აშკარაა, რომ პარტიები მიბმულია ლიდერს, როგორც კი მისი პოპულარულობა ეცემა ან პარტიას ტოვებს, მას ან მთელი გუნდი მიჰყვება ან პარტია არჩევნებში ხმათა 1%-ის მოპოვებას ძლივს ახერხებს. ყურადსაღებია ისიც, რომ უფრო ხშირად ამომრჩეველი არჩევანს კანდიდატიდან გამომდინარე აკეთებს, ვიდრე პარტიული ნიშნით. აღსანიშნავია ,,რესპუბლიკური“ პარტიისა და ,,თავისუფალი დემოკრატების“ მაგალითი, როდესაც ლიდერებმა გაერთიანება დატოვეს, იგი უკვე თავად ამომრჩეველმა ,,მიატოვა“. ამ მოსაზრებასსულ ცოტა ხნის წინ ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ცხადყოფს, სადაც რესპუბლიკურმა პარტიამ ექს-ლიდერის გარეშე მხოლოდ 1.65 % მოიპოვა. საინტერესოა ასევე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევა - შიდა ფრაგმენტაცია, როდესაც პარტიის წევრთა ნაწილმა ლიდერთან ასოცირება ამჯობინა, ნაწილი კი მას ,,ევროპული საქართველოს“ სახით გაემიჯნა. არჩევნებში წარმატების თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაში უფრო ხელსაყრელი ლიდერთან მიბმული პარტია აღმოჩნდა, რომელმაც დაახლოებით ხმათა 6 %-ით მეტი მოიპოვა გამოყოფილ მხარესთან შედარებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პარტიებს საერთო იდეები ნაკლებად აერთიანებთ, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ხშირია მემარცხენე-მემარჯვენეობის აღრევა, პოლიტიკოსების ერთი პარტიიდან მეორეში გადანაცვლება, შესაბამისად ძნელია მათ მიერ მიერ საერთო იდეური სპექტრის ირგვლივ ჩამოყალიბება, რის შედეგადაც ისინი სახელისუფლებო პოზიციების დასაკავებლად ბრძოლას ინდივიდუალურად ამჯობინებენ.

კოალიციები იდეურადმყარად არ არის ფორმირებული, რის გამოც იგი მარტივად იშლება და მისგან მცირე პარტიები წარმოიქმნება, რომელთა გაერთიანება იმთავითვე წარმოუდგენელია. რის დადასტურებულმაგალითს კოალიცია ,,ქართული ოცნება“ წარმოადგენს, რომელშიც გაერთიანებულ პარტიებს მიზნის მისაღწევად საერთო იდეები და სტრატეგია არ აღმოაჩნდათ, რის გამოც ისინი დანაწევრდნენ, ხოლო არჩევნებში წარმატება და სახელისუფლებო ძალად დარჩენა მხოლოდ პარტია ,,ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა. კოალიციაში შემავალი დანარჩენი პარტიები კი დღემდე პარლამენტის მიღმა, მცირე ამომრჩევლიან ერთეულებად რჩებიან, რომლებმაც ერთმანეთისგან მკვეთრი გამიჯვნა აირჩიეს. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოში პარტიებს არ აქვთ სოციალური ბაზისი ანუ ის მყარი ელექტორატი, ვისაც დაეყრდნობიან. საზოგადოება ხშირ შემთხვევაში აპათიურია პოლიტიკოსებისა და არჩევნების მიმართ, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ როდესაც პარტია ,,პოტენციური ამომრჩეველის“ იმედათაა, ფრაგმენტაციის რისკი გაცილებით მაღალია.

პარტიული სისტემა მკვეთრად პოლარიზებულია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პარტიული პოლიტიკის ორ წამყვან ბირთვს ,,ნაციონალური მოძრაობა“ და ,,ქართული ოცნება“ წარმოადგენს, რომლებიც ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსის სახით,ერთმანეთს რადიკალურად უპირისპირდება. გამოსაყოფია სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რის შედეგადაც ქართულ რეალობაში ხშირია პოლიტიკოსებისა და პარტიების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება, დაპირისპირებები საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო სივრცეში, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მედია სივრცესაც,შესაბამისად, პოლარიზებულ მხარეებს არ შეუძლიათ გაერთიანება და ერთობლივი ქმედებებით საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა. შესაძლოა მათთვის ღირებულებებისა და პრინციპების ნაცვლად, პირადი ან მერკანტილური მიზნებია უფრო სასურველი. გავიხსენოთ 2016 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, როდესაც იდეოლოგიური კუთხით მსგავს ორ ძალას ,,თავისუფალ დემოკრატებსა“ და ,,რესპუბლიკურ“ პარტიას ამომრჩეველთა მოსაზიზად და პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად გაერთიანება შეეძლოთ, თუმცა მათ ფრაგმენტაცია აირჩიეს, რის შედეგადაც ჩვენს ქვეყანაში დღემდე, პლურალური და მულტიპოლარული პარლამენტის ფორმირება ვერ მოხერხდა.

არჩევნებში წარუმატებლობის შემთხვევაში პარტიები ვერ ახერხებენ თვითგადარჩენას, ვინაიდან პოლიტიკური ბაზარი მცირეა, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ამომრჩევლის მოთხოვნილებებს კი ვერ ითვალისწინებენ, ამიტომ, პარტიები, რომლებიც მატერიალური მოგების მიღების საშუალებად აღიქმება, მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე და ძირითადად წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოკლევადიანი სტრატეგიით ცდილობენ ამომრჩევლებს ისეთი ,,პროდუქტი“ შესთავაზოს, რომ ისინი მის ,,მომხმარებლად“ აქციოს. ასევე აღსანიშნავია საარჩევნო კამპანიებისთვის განკუთვნილი დაფინანსების რადიკალურად არათანაბარი და არაპროპორციული განაწილება - პარტიებს არ აქვთ საკმარისი მატერიალური რესურსი ( მათ არც კერძო ბიზნესი ეხმარება, არც რიგითი წევრები), ამ მხრივ კი პრივილეგია მმართველ პარტიას ენიჭება, შესაბამისად პარტიების დანაწევრება ფინანსური რესურსის ,,სიმსუყის“ მიხედვით ხდება.

საბოლოოდ კი ვიღებთ შედეგს, რომლის მიხედვითაც პარტიებს ფსევდო-სიჭრელე ახასიათებთ, იდეების სიმცირეს განიცდიან, საარჩევნო ბარიერის გადალახვას მათგან მხოლოდ ორი თუ სამი ახერხებს, სხვები კი დაფინანსების გარეშე და ერთგულ ამომრჩეველთა მცირე რაოდენობით ცდილობენ არ გაქრნენ პოლიტიკური სპექტრიდან, შესაბამისი გამმიჯნავი ხაზი გამოყონ, საზოგადოებას ინოვაციები შესთავაზონ, ,,ლიბერალურ-ეროვნულობის“ დაპირისპირებით ხმები მოიპოვონ და ა.შ. თუმცა მათ მცდელობებს ხშირად ადეკვატური შედეგი არმოაქვს, რაც ამომრჩეველთა აბსენტიზმის უფრო მეტად გაღრმავებას უწყობს ხელს, ამის მიზეზი კი სწორედ პარტიული პოლიტიკური სპექტრის ერთიანი იდეების, იდეოლოგიის არ ქონა და რაც მთავარია, ფრაგმენტაციაა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG