Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენ ვაშენებთ თქვენთვის(?)!„


ავტორი: ლელა მაისურაძე

ქვეყნის ბედზე ფიქრითა და ზრუნვით ვერანაირად დავიკვეხნი. უფრო პირიქით, საკმაოდ ჩაკეტილ, აპოლიტიკურ ცხოვრებას ვეწევი. არც რაიმე ფასეული შემიქმნია ჩემი სამშობლოსთვის, სხვებისგან განსხვავებული.

აი, ერთი კითხვა კი არასოდეს მასვენებს. რატომ ვერ მივდივართ წინ, რა გვაბრკოლებს, რომ ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო ავაშენოთ?

ზუსტი და ამომწურავი პასუხები ამ კითხვებზე არავის აქვს.

უბრალოდ, ერთი მოსაზრების გაზიარება მომინდა და რატომაც არა.

ბოლო თვეების განმავლობაში ბერლინში მიწევს ცხოვრება და, ძირითადი საქმიანობის გარდა, რომელიც სოციალური პოლიტიკის რამდენიმე ასპექტის კვლევას გულისხმობს, ვაკვირდები ხასიათებს, ურთიერთობებს, ტრადიციებს, ნორმებს და ანომალიებს (სუბიექტურად, ცხადია), მოკლედ ყველაფერს.…

ძალიან მიკვირს ამ ერის..., რა დავარქვა არც ვიცი, „სამოქალაქო მორჩილება“? იქნებ, ესაა, რაც ჩვენ (მათ შორის მეც) არ მოგვწონს და ასე გვაკლია. იქნებ, ეს ერთ-ერთია, რაც გვაბრკოლებს და, უბრალოდ, ჩვენთვისვე სასარგებლო იქნებოდა, რომ გვესწავლა.

მირჩევნია, როცა მაგალითებით მისაბუთებენ მოსაზრებას და მეც ასევე მოვიქცევი.

წარმოიდგინეთ ასეთი სურათი : ვზივარ ქალაქის ავტობუსში და ვხედავ, რომ გაჩერებამდე საკმაოდ დიდი მანძილიდან ერთმა ასაკოვანმა ქალბატონმა (ასე, 65 წლის იქნებოდა) შენიშნა, რომ ჩვენი ავტობუსი გაჩერებას უახლოვდება. როგორც ჩანს, ეჩქარებოდა და გადაწყვიტა, სირბილით გამოგვყოლოდა. გადაჭრა ორი ქუჩა და, ჩემდა გასაკვირად, დაგვეწია გაჩერებაზე. მძღოლმა კი ზუსტად ცხვირწინ მიუკეტა კარი. ძალიან ცუდი სცენაა, დამეთანხმებით. თქვენი აზრით, როგორი იყო ქალბატონის რეაქცია? ან ვინმესი საერთოდ? ნული - გარეგნულად, ყოველ შემთხვევაში. მე ბევრი ემოცია ერთად დამეუფლა – ქალი შემეცოდა, გავბრაზდი მძღოლზე, ავღელდი, მომინდა გაპროტესტებაც. ქალბატონს კი ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს თავის თავს აბრალებდა, უფრო სწრაფად უნდა მერბინა, ამ ავტობუსს ხომ თავისი განრიგი აქვსო.

მსგავსი შინაარსის მაგალითები უხვად ვნახე აქ. მეტრო რომ 4 დღით იკეტება, ამასაც არავინ აპროტესტებს, არც სენსაციურ რეპორტაჟებს აკეთებენ მსგავს თემებზე. კიდევ იჯერებენ ასეთი შინაარსის წარწერას სარემონტო სამუშაოების გამო საოცრად ანგრეული სავაჭრო ცენტრის კარზე „ ჩვენ ვაშენებთ თქვენთვის!“ და მათ გულწრფელად სჯერათ, რომ ახალი მაღაზიები იხსნება მათთვის, მე-ნაკლებად.

არ ვიცი რამდენად დამეთანხმებით, მაგრამ, იქნებ, სწორედ ეს „მორჩილებაა“ ერთ-ერთი, რაც ქვეყანას აშენებს?

ჩვენ ხომ მუდმივად რაღაცას ვაპროტესტებთ, ვაკრიტიკებთ და მერე „ვვიშვიშებთ“ (ერთ ჩემს მეგობარს დავესესხები უახლოესი წარსულის სტატუსიდან). ეს გრძელდება დღეები, კვირეები, წლები. უამრავი დრო იკარგება, დრო ხომ ფულია, კიდევ ჯანმრთელობა და ბევრი სხვა რამ.………

ალბათ, ძალიან რთულია, გაავლო ზღვარი ასეთ დამოკიდებულებასა და სხვას, „უარესს“ შორის. მაგრამ ხომ არსებობს გამოცდილებები. დავაკვირდეთ, სასწავლი ვისწავლოთ და, იქნებ, ოდესმე ჩვენთვისაც დადგეს ის ნანატრი მომავალი. ამის რწმენა კი, უპირველესად, ახალ თაობას უნდა ჩავუნერგოთ. ვასწავლოთ, როგორი გზითაც გნებავთ - სკოლაში საგნად, სახლში, ყოველ ნაბიჯზე. მათ უნდა სჯეროდეთ, რომ მათი სამშობლოც შეიძლება იყოს წარმატებული, წარმატებული ეკონომიკაში, პოლიტიკაში, სპორტში, ყველაფერში. იმისიც უნდა სჯეროდეთ, რომ ამის მისაღწევად მათი დამოკიდებულება და ძალისხმევაა ყველაზე მნიშვნელოვანი. წარმოვიდგინოთ, როგორ უყურებენ ჩვენი შვილები მათ მომავალს, როცა მუდმივად ესმით: „ამ ქვეყანას მაინც არაფერი ეშველება“, „ჩვენზე უვარგისი ერი არ არსებობს“. ასეთი რამ მეც არაერთხელ მითქვამს და ვნანობ. ალბათ, იმიტომ, რომ ახლა გარედან ვუყურებ რეალობას და კიდევ იმიტომ, რომ ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა - ისეთი, როგორიც არის. არაფერია იდეალური. სხვა ერებსაც, ბევრ დადებითთან ერთად, საკმაოდ ბევრი აქვთ სასწავლი ერთმანეთისგან. არც ის იფიქროს ვინმემ, რომ აქ დაუცველი ადამიანები არ არიან. უამრავ უსახლკაროს და გაჭირვებულს ვხედავ ყოველდღიურად.

ასე რომ, საზრუნავი ყველგან საკმარისზე მეტია. რასაც მოევლება, იმას მივხედოთ. ჯერ ჩვენ თვითონ დავიჯეროთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მართლაც, აუცილებლად ასე იქნება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG