Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრეა გლაუბაქერის ინტერვიუ ურვაში ბუტალიასთან


ავტორი: მარიტან ჭეშმარიტაშვილი

ურვაში ბუტალია არის მწერალი და გამომცემელი. 1984 წელს ნიუ დელიში მან დაარსა ფემინისტური გამომცემლობა „კალი ქალებისთვის“ ინდოეთის პირველი გამომცემლობა, რომელიც სპეციალიზირებულია ქალთა ლიტერატურაში. ამჟამად ის ხელმძღვანელობს გამომცემლობა „ზუბან“-ს (ენა, ხმა). იგი ოც წელზე მეტხანს ასწავლიდა დელის უნივერსიტეტში. ურვაში ბუტალია არაერთხელ დაჯილდოვდა თავისი წიგნისთვის „დუმილის მეორე მხარე: ხმა ინდოეთის დაყოფიდან“(„The Other Side of Silience: Voices from the Partition of India“).

ა. გ. რა მიზანი გამოძრავებდათ 1984 წელს პირველი ქალთა გამომცემლობის დაარსებისას?

უ. ბ. გამომცემლობის დაარსება სრულიად მიზანმიმართულად მოხდა. 70-იან წლებში ჩემი სტუდენტობის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩაბმული ქალთა მოძრაობაში. დისკუსიებს ვმართავდით და ვკამათობდით ფემინიზმზე, მაგრამ ამ თემაზე წიგნები თითქმის არ იყო, ხოლო ის მცირე რაოდენობის წიგნი, რაც გაგვჩნდა, ძირითადად დასავლელი მეცნიერების დაწერილი გახლდათ. მე საჭიროდ მივიჩნიე, ინფორმაციის დინების პროცესის შემობრუნება და გადავწყვიტე, თავად გამომეცა წიგნები, რომელშიც ასახული იქნებოდა ინდოელი ქალების პრობლემა და ისტორია.

ა. გ. არის ისეთი თემები, რომლებსაც თანამედროვე ლიტერატურის წარმომადგენელი ინდოელი ქალი ავტორები უპირატესობას ანიჭებენ?

უ. ბ. ქალები, უპირველეს ყოვლისა ისინი, ვინც თავს ფემინისტებად მიიჩნევენ, ყველანაირ თემაზე წერენ, იქნება ეს ცხოვრება, ძალადობა, ურთიერთობები, მეგობრობა, პოლიტიკური მმართველობა, ინტერნაციონალური ურთიერთობები, დედობა, ბავშვები, არცერთი თემა არ არის ტაბუ. ინდოელ ქალებს აღარ ეშინიათ იმ თემების არჩევის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მათთვის შეუფერებელ საქმედ ითვლებოდა. დღეს ქალი ავტორები თავდაჯერებულად აღიქვამენ სამყაროს მთელი თავისი წახნაგებით და წერენ მასზე.

ა. გ. ოცი წელია, რაც თქვენ ქალთა მოძრაობით ხართ დაკავებული. რამდენად შეიცვალა სიტუაცია ინდოელი ქალებისთვის ამ ხნის განმავლობაში?

უ. ბ. ძნელია იმის თქმა, გაუმჯობესდა თუ არა სიტუაცია ინდოელი ქალებისთვის. თავად რეგიონებსა და ფედერაციულ შტატებში იმდენად განსხვავდება ეს, რომ შეუძლებელია საერთო სიტუაციაზე საუბარი. მაგალითად, კერალაში მცხოვრებთა ას პროცენტს შეუძლია წერა-კითხვა, მაშინ როცა რაჯასტანში ეს მაჩვენებელი ოც პროცენტს ძლივს აღწევს. როგორ შეიძლება ამ ორი შტატის შედარება? მიუხედავად ამისა, მაინც შეგვიძლია, დავაკვირდეთ, შეიცვალა თუ არა რაღაცეები. მაგალითად, მთავრობისა და პოლიტიკის დონეზე შესამჩნევია ქალებისადმი მზარდი ინტერესი და გაგება. ადრე ქალებს საწყალ არსებებად აღიქვამდნენ, დღეს მათ უყურებენ, როგორც ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან მონაწილეებს. დღეს არ არსებობს რაიმე პოლიტიკური დოკუმენტი, პოლიტიკური პარტიის მანიფესტიც კი, რომელიც ქალთა თემებს არ მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ ქაღალდზე ბევრი რამ შეიცვალა. მაგრამ რეალობა სხვაა: სიღარიბე, გლობალიზაციის ნეგატიური გავლენა, გარდა ამისა მატულობს ძალადობა ქალებზე.

2005 წელს ინდოეთის მთავრობამ გასაკვირად პროგრესული კანონი მიიღო ოჯახურ ძალადობაზე, 1992 წელს მათ განახორციელეს საკანონმდებლო ცვლილება, რომლიც კომუნალურ პოლიტიკურ პოზიციებზე ქალთა 33 პროცენტიან კვოტას აწესებს. რის შედეგადაც დღეს 1,2 მილიონ ქალზე მეტია კომუნალურ პოლიტიკაში არჩევით თანამდებობაზე დასაქმებული. ინდოეთის რამდენიმე მნიშვნელოვან შტატს სათავეში უდგანან ქალები, ისინი მართავენ წამყვან კომპანიებს. სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ მართლა შეიცვალა რაღაცეები? ალბათ არა, რადგან ცვლილებებს ახალი პრობლემები მოჰყვება.

ა. გ. მდგომარეობა მხოლოდ ქალაქში მცხოვრები საზოგადოების მაღალი და საშუალი ფენების ქალებისთვის შეიცვალა თუ იმ ქალებისთვისაც, რომლებიც ღარიბ ფენას მიეკუთვნებიან ან სოფლად ცხოვრობენ? არსებობს კი საზოგადოდ მიღებული კოეფიციენტი თუ მათი ცხოვრების სტილს შორის მეტისმეტად დიდი უფსკრულია?

უ. ბ. ცვლილებებმა, მაგალითად კვოტების სისტემამ კომუნალურ პოლიტიკურ პოზიციებზე, რაღაც ცვლილებები გამოიწვია ღარიბი და სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრებაში. თუმცა მართალია, რომ ქალები, რომლებიც მაღალ და საშუალო ფენას მიეკუთვნებიან, ძალიან პრივილეგირებულად ცხოვრობენ და მათი ცხოვრების რეალობა ძალიან შორსაა ღარიბი ქალების რეალობისგან. განსაკუთრებით ცხოვრების სტილი სოფლად ჯერ ისევ ძალიან ტრადიციულია.

ა. გ. იყოფა ფემინისტური ჯგუფები მათი საზოგადოებრივი სტატუსისა და კასტების მიხედვით? აქვთ ხელშეუხებელ კასტასა და დალიტ ქალებს საკუთარი დაჯგუფებები?

უ. ბ. ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც ინდურმა ქალთა მოძრაობამ დასავლეთისგან ისწავლა, არის ის, რომ დიალოგში განსხვავებული იდენტურობის გამო ბარიერები არ უნდა აიგოს. თემები, როგორცაა კასტების იდენტურობა, მოძრაობის შიგნით მუშავდება, არ არსებობს ისეთი თემა, რომელზეც აქტივისტ ქალებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა რა ხდება.

ა. გ. ქალთა ჯგუფები ინდოეთში ძალიან წარმატებული იყო, მათ მიაღწიას ისეთ საკანონმდებლო ცვილილებებს, როგორიცაა ქალთა კვოტა ადგილობრივ პოლიტიკურ დონეზე - შესანიშნავი მიღწევა, რისი საშუალებითაც ინდოეთში უფრო მეტი ქალია პოლიტიკურად აქტიური ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში. როგორ დაწესდა ეს კვოტა?

უ. ბ. თავიდან, კვოტების შემოღებაზე დიდი ყურადღება არ გამახვილებულა - არა მგონია, ვინმეს წინასწარ განეჭვრიტა ამ კვოტების წესდების პოტენციალი, თორემ წინააღმდეგობა ბევრად დიდი იქნებოდა, რაც ხდება ახლა კვოტების ნაციონალურ პოლიტიკაში გადატანის მცდელობისას. მაგრამ ქალთა მოძრაობა ტრადიციულად ძლიერი და დინამიკურია, ამიტომ შეძლო რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება, უპირველეს ყოვლისა, საკანონმდებლო დონეზე. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ მოძრაობის დასაწყისში სახელმწიფო აქტივისტების პრობლემებისადმი უფრო ლოიალური იყო, რაც დღესდღეობით აღარ შეინიშნება. ამიტომ არ კმარა სარჩელის წარდგენა სახელმწიფოს წინაშე - ქალები მრავალ სხვადასხვა დონეზე უნდა იყვნენ დღეს აქტიურები.

ა. გ. რა არის, თქვენი აზრით, ის გადაუდებელი პრობლემები, რომლებიც ინდოელ ქალებთან მიმართებაში უნდა გადაიჭრას?

უ. ბ. ესაა აუცილებლად სიდუხჭირე, კვება, ჯანმრთელობა და ძალადობა ქალებზე. პრობლემები იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ ჩამოთვლა შეუძლებელია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG