Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილმი „მძევლები“ - ისტორია Led Zeppelin-ის მოყვარულ რამდენიმე ქართველ ახალგაზრდაზე


ავტორი: მეგი ბენია

არასწორად და სრულიად უპატივცემლოდ მიმაჩნია ფილმის პრემიერიდან რამოდენიმე საათში საჯაროდ ისეთი შეფასებების დაწერა, რომლებიც დეტალურად განიხილავს ფილმს და შესაბამისად შინაარსსაც აცნობს მკითხველს. თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ისინი უკვე ბლომად დევს და ამასთანავე ჩვენს საზოგადოებას ერთი საზიზღარი თვისება აქვს, ნაცვლად იმისა რომ ინდივიდუალურად შევაფასოთ რაღაც, ბრმად ვეთანხმებით ვიღაცის ნააზრევს, რომელიც მალევე ხდება პოპულარული და საყოველთაოდ დამკვიდრებული, ამიტომ ისეთი აზრის გაჟღერებაც აუცილებელად მიმაჩნია, რომელიც აბსოლიტურ უმცირესობაშია ამჟამად.

როგორც ჩანს, ქართველ მაყურებელს სურს ყველაფერი გამზადებულად, კარგად დაწყობილი ლანგარზე მიიღოს და იქიდან კმაყოფილებით მიირთვას, მაგრამ ეს ასე არ ხდება და არც უნდა ხდებოდეს!

პირველ რიგში, იმათ საყურადღებოდ, ვინც დაწერა რომ მოვლენები იწყება პირდაპირ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, შეგახსენებთ რომ ფილმის ავტორი ქმნის პროტოტიპებს და არა იმავე, რეალურ გმირებს, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ, მათ სახელებიც კი სხვა აქვთ. „მძევლები“ არ არის დოკუმენტური ფილმი, ეს არის მხატვრული ნამუშევარი, რომელიც უნდა გვთავაზობდეს რაღაც იდეას ან ისე იყოს წარმოჩენილი, რომ ეს იდეა ჩვენ თვითონ შევქმნათ და დავინახოთ. იდეა კი ამ ფილმში ნამდვილად არსებობს და ის იმაზე ძლიერია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

დღევანდელი ახალაგზარდებისთვის - ჩვენთვის არაფერს წარმოადგენს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მიღება, სახლიდან გაუსვლელად, ჩვენს ხელშია ყველაფერი რაც მოგვესურვება რომ ვიცოდეთ; გვაქვს საშუალება ვისწავლოთ ის ენა, რომელიც მოგვწონს, წავიკითხოთ, მოვუსმინოთ, ვუყუროთ იმას, რაც გვინდა, შემდგომ დავსხდეთ და საჯაროდ განვიხილოთ ეს ყველაფერი. იმ ახალგაზრდებს კი ამაზე ოცნების უფლებაც არ ჰქონდათ. რა თავისუფლებაზეა ლაპარაკი, როდესაც ზღვაში შესულებს, რუსი ჯარისკაცი დაადგება თავზე და მიუთითებს რომ ბანაობის დრო ამოეწურათ, რომ ეს აკრძალულია, აქაოდა თურქეთის საზღვარია ახლოს და არ გადაიპაროთო. იქით, The Beatles მოსმენა უნდათ და ამას ღიად ვერ აკეთებენ, სიგარეტის მოწევა უნდათ და ნორმალური არ აქვთ. ყველაფერს ჩუმად, სპეკულიანტებთან ყიდულობენ. დაკითხვაზეც სწორედ The Beatles-ის ფირფიტა იყო ერთ-ერთი სამხილი მათ წინააღმდეგ.

აბსურდული იყო ასევე შეფასება, რომ „ფილმს საკმაოდ ძლიერად გასდევს რელიგიური ხაზი, რომელიც საერთოდ ამოვარდნილია ყველანაირი კონტექსტიდან და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მღვდლებისგან შეგულიანებულმა რელიგიურმა ექსტრემისტებმა თვითმფრინავი გაიტაცეს“. სინამდვილეში ავტორს უნდოდა ეჩვენებინა საბჭოთა რეალობა, სადაც ადამიანი იმდენად შეზღუდულია, რომ ეკლესიაში თავისუფლად შესვლის უფლებაც არ აქვს და მუდმივი შიშის ქვეშა იმყოფება.

ფილმში ძლიერი აქცენტი თვითმფირნავში დატრიალებულ ტრაგედიაზე კეთდება, სწორედ იმიტომ რომ ამ ახლაგაზრდების საქციელის წინააღმდეგ ერთადერთი არგუმენტი არსებობს, სხვა ფიზიკურად ვერ იარსებებს და ეს ესმის ყველას, ვინაიდან სხვაგავარად მათი გამტყუნება იმ გარემოში შეუძლებელია, რისი ნათელი დასტურიც უფროსი თაობის მიერ ქვეყნის დატოვების კანონიერი, მაგრამ წარუმატებელი მცდელობებია.

გენიალურია ის სცენა, სადაც თვითმფრინავში დატრიალებული მოვლენების შემდეგ, მანქანას შუა გზაზე აჩერებს გომიაშვილის პერსონაჟი და ეკამათება თავის შვილს: "რა აკლდათ? რა უნდოდათ? აქ ჯოჯოხეთია და იქ სამოთხე, არა? ისინი სულ ცოტა ხანში დაურეკავდნენ თავის მშობლებს და უკან დაბრუნებას შეეხვეწებოდნენ! თქვენ რა იცით იქ რა ხდება?!" და შვილი კი პასუხობს: "ხო, არ ვიცი და მინდა ვნახო, მე თვითონ მინდა ვნახო! შენი ნაბოდვარი არ მაინტერესებს!"

.... რადგან ყველანი იყვნენ მძევლები, საბჭოთა რეჟიმის მძეველები და მისი მარწუხებისგან ხსნა მხოლოდ მისავე განადგურებაში იყო, სხვაგვარად გაქცევის ყველა ცალკეული შემთხვევა კრახით სრულდებოდა.....

ამაზე მეტი იდეა შეუძლებელია მხატვრულმა ფილმმა დაგანახოს და ჩემი აზრით, „მძევლები“ ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ნამუშევარია, რომელიც იმაზე მეტ დაფასებას იმსახურებს ვიდრე ამას ქართველი მაყურებელი კადრებს მას.

P.S. ცალკე უნდა გავუსვა ხაზი აუცილებლად მსახიობების შესრულებას და ახალგაზრდების განსაკუთრებით, რადგან ეს არის ნიშანი იმისა, რომ ამ სფეროში შესაძლებელია რაღაცის გაკეთება და ძალიან ხარისხიანადაც. ასევე, რეზო გიგინეიშვილი სრულიად სხვა კუთხით აღმოვაჩინე როგორც რეჟისორი, მადლობა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG