Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდემდე უნდა იცხოვროთ ეჭვებში?!


ავტორი: ნიკა გურინი

არჩევნები რომ დემოკრატიის ინდექსის მთავარი განმსაზღვრელია, ამაზე ცივილიზებულ სამყაროში აღარავინ კამათობს. ქართველი საზოგადოებაც რომ ამ ცივილიზაციისკენ მიისწრაფვის ეს ახალი არავისთვისაა. არაერთი ხელისუფლება შევიცვალეთ, მაგრამ მაინც უნებურადმიჩნდება განცდა, რომ ერთ უხილავ წრეზე ვტრიალებთ. მართალია, თითქოს უკეთესობისკენ მივდივართ, მაგრამ ბევრი მაკიერი თვისება მაინც არ გვანებეს თავს.

კონსტიტუციის მიხედვით ხალხი ხელისუფლების წყაროა. “ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი..” (კონსტიტუციაც ხომ სწორედ ამ სიტყვებით იწყება). დიახ, ჩვენ საქართველოს მოქალაქენი რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი ვაცხადებთ კონსტიტუციას, რომელის მიხედვითაც ხელისუფლების წყარო არის ხალხი. საჯარო მოხელენი კი ჩვენი დაქირავებული დროებითი “მოსამსახურეები” არიან. დიახ, დროებითი და არა სამუდამო. დიახ, ჩვენი დაქირავებული და არა ჩვენგან რამით გამორჩეული ზემდგომნი. საჯარო მოსამსახურები და არა “ცისფერსისხლიანი” მონარქები. ადამიანები, რომლებიც ჩვენი შრომითი ანაზღაურებიდან გადახდილი თანხებით “იკვებებიან”. არჩევნების დროს კი ბუნებრივია ცდილობენ “კომფორტის ზონაში” დარჩენას და ჩვენზე პირდაპირ თუ ირიბად, ნებსით თუ უნებლიეთ ზემოქმედებას ცდილობენ.

გულწრფელი არ ვიქნები თუ ვიტყვი რომ ეს არჩევნები წინა წლების არჩევნებისგან არ განსხვავდებოდა. დიახ, განსხვავებული იყო. ჩემი გადმოსახედიდან მეტი თავისუფლება იგრძნობოდა. რასაც ვხედავდი, ადამიანებს საკუთარი არჩევანის გაკეთება არ უჭირდათ. (ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა უცხო თვალით). ვფიქრობ, ნაკლები დარღვევები იკვეთებოდა და ერთი სიტყვით მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად ჩაიარა. მაგრამ მაინც შემემთხვა ერთი კურიოზული ფაქტი. სიმართლე ვთქვა ძალიან არასერიოზულად მეჩვენება და საერთოდ არ ვანიჭებ რაიმე მნიშვნელობას, მაგრამ მაინც გადავწყვიტე თქვენთვის მოყოლა.

თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით დამკვირვებლის პოზიციაზეც (არასამთავრობოდან) უარი ვთქვი და ასე ვთქვათ ბოლომდე “გავემიჯნე” საარჩევნო პროცესს. ერთადერთი რაც გადავწყვიტე, საარჩევნო უბანზე მისვლა და ხმის მიცემა იყო. ამ ერთგვარი “გამიჯვნის” მიზეზი კი არჩევნების თარიღი იყო - 21 ოქტომბერი, ჩემი დაბადებიდან 20 წლის თავი. ნამდვილად არ მქონდა იმის სურვილი, ჩემთვის მნიშვნელოვნად ლამაზი და გამორჩეული დღე პოლიტიკური პარტიებისთვის “შემეწირა”. დაბადების დღე მშობლიურ ყვარელში აღვნიშნე, მეგობრულ გარემოში. რამდენიმე სტუმართან ერთად. ბუნებრივია, ილიას მშობლიურ მიწაზე ჩასულ სტუმარს აუცლებლად უნდა მოუყვე და საკუთარი თვალით უჩვენო ამ ქალაქის ისტორია. ქალაქის, რომელმაც დიდი ილია ჭავჭავაძე, კოტე მრჯანიშვილი და სხვა საზოგადო მოღვაწეები აღზარდა. ქალაქის, რომელიც ერთდროულად იტევს ილიასა და კოტეს სახლ-მუზეუმებს, ფულის მუზეუმს, ორ ულამაზეს ტბას, ისტორიულ ციხე-გალავანს და სხვა მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტებს. ტური ყვარელში მუზეუმებით დავიწყეთ. შემდეგ ისტორიული ციხე-გალავანი. (ამ დროს დრო ვიხელთე და იქვე მდებარე საარჩევნო უბანში ხმა მივეცი) შემდეგ “ილიას ტბა” და ყველასთვის საყვარელი სასტუმრო “როიალ ბატონიც” მოვინახულეთ. სტუმრები ემოციებს ვერ მალავდნენ, აპარატით ხელში გაოცებული სახეებით იღებდნენ ყველაფერს რასაც კი გზად გვხვდებოდა. ილიას ტბიდან მომავალნი, მანქანაში ჩაწეული ფანჯრებით ემოციებს მიზიარებდნენ. უკანა სავარძელზე მჯდომი ერთ-ერთი მეგობარი კი აპარატით ფანჯრიდან ქუჩებში ყვარლის იერსახეს აფიქსირებდა. მივუახლოვდით ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის პირველ საჯარო სკოლას, ჩემთვის განსაკუთრებულად საამაყო და საყვარელ ადგილს, სადაც 12 წელი ვისწავლე. რამდენიმე სიტყვით სკოლის შესახებ მოვუყევი და საუბარი სხვა თემაზე გავაგრძელე.სკოლასთან ადამიანები იყვნენ შეკრებილნი.საარჩევნო უბანი იყო და ეს ჩვეულებრივ მოვლენად მივიღე. სიმართლე ვთქვა არავისთვის მიმიქცევია ყურადღება. სახლში მივედით, ფოტოებს ვნახულობდით, სოცილურ ქსელში მილოცვებს ვპასუხობდი და უცებ.. უცებ ვიგებ ასეთ რამეს - ერთ-ერთ პოლიტიკური პარტიის კულვარებში ატეხილ აჟიოტაჟს. ხალხი ჰყავს ჩამოყვანილი და ჩვენს კოორდინატორებს ჩუმად აფიქსირებენო..

სერიოზულად არ ან ვერ აღვიქვი. მაგრამ იმ რამდენიმე ადამიანმა ხომ დაიჯერა ვინც დამინახა ჩაწეულ ფანჯარაში გაღიმებული სახითმჯდომი და ხომ იფიქრა რომ მათ აგიტატორებს დავდევდით. შემდეგ ხომ დარეკა და სხვებს შეატყობინა. შემდეგ იმ სხვებმაც ხომ დაიჯერეს და კიდევ სხვებს შეატყობინეს..

ამ ყველაფრის შემდეგ ბუნებრივად მებადება შემდეგი შეკითხვები:

რას ნიშნავს “ჩუმად გადაღება?” - ალბათ ჩაწეულ ფანჯარაში ბედნიერი სახით ჯდომას არა, ხომ?

“ხალხი ჰყავს ჩამოყვანილი და ჩუმად..” - ქალაქში სადაც თითქმის უმრავლესობა კარგად მიცნობს ჩემს გვერდზე მეყოლებოდა ადამიანები, რომლებიც ჩუმად რაღაცეებს საქმიანობენ?

აგიტატორობა დანაშაულია? რატომ უნდა მეშინოდეს ან არ მომწონდეს ჩემი აგიტატორების გადაღება, რომლებიც საარჩევნო უბანთან ყველანაირი კანნის დაცვით დგანან და ადგილზე არანაირ აგიტაციას არ ეწევიან? (დარწმუნებული ვარ რომ იქ უკანონო არაფერი ხდებოდა).

და ბოლო შეკითხვა, რომელიც თავს არ მანებებს - როდემდე უნდა აცხოვრონ ქვეყანა ეჭვებში? როდემდე უნდა ჰქონდეთ განცდა რომ ყველას აინტერესებს მათი პოლიტიკა? როდემდე უნდა ნათლონ ადამიანები სხვადასხვა პოლიტიკური იარლიყებით? თქვენი არ ვიცი და მე დავიღალე. დამღალა ამ გაუთავებელმა ეჭვებმა. დამღალა ამ პოლიტიკურმა შუღლმა. დამღალა ფრაზებმა - “ის ნაციონალია”, “ის ოცნებაა”, “ის გამყიდველია”..

არა ბატონებო, პირადად მე არც ნაციონალი ვარ და არც ოცნება. არცე რთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ. მე ვარ ქართველი, რომელსაც უნდა დემოკრატიულ, ცივილიზებულ, ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც დასრულდება ეს საშინელი ეჭვიანობა და თითოეული მოქალაქე ორიენტირებული იქნება აკეთოს ქვეყნისთვის რაღაც კარგი, ნებისმიერი ფორმით.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG