Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ამომრჩეველი?


ავტორი: ნინო ზარანდია

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი პოლიტიკურ არენაზე პირველად 2013 წელს გამოჩნდა და არსებობის პირველივე დღეებიდანვე საზოგადოებას თავი ხისტი, მკაცრად ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური განცხადებებით დაამახსოვრა. იმ დროისათვის პატრიოტთა ალიანსის პირველად მიზნად პარტიის ლიდერებმა მმართველი პრეზიდენტის ხელისუფლებას ჩამოშორება გამოაცხადეს, თუმცა ჩვენს ქვეყანაში არსებული დემოკრატიის მთელი რიგი ნაკლოვანებებისდა მიუხედავად ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მაინც მოხერხდა და ახლადშექმნილი პარტიის ახალ მიზნად სრულიად ქართველ ერში მიძინებული პატრიოტული სულისკვეთების აღორძინება გამოცხადდა.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერები პარტიის საქმიანობას ქვეყანაში მემარჯვენე კონსერვატიული ძალის დამკვიდრებას უკავშირებენ და მიიჩნევენ რომ ეს უკანასკნელი ქართული საზოგადოების სამოქალაქო თუ პოლიტიკური ცნობიერების განუყოფელი ნაწილია. თუმცა საინტერესო ისაა, თუ როგორ არის თარგმნილი მემარჯვენე კონსერვატიზმი ქართველი ამომრჩევლისათვის და რამდენად ახდენს მოცემული იდეოლოგია სოციალური ჯგუფების მობილიზებას პარტიის სასარგებლოდ.

პატრიოტთა ალიანსის წარმატების ფორმულას ელემენტების ნაერთად თუ წარმოვიდგენთ ნათელი გახდება, რომ პარტიის ელექტორალური ბაზისი სამ მთავარ ბლოკად იყოფა, რომელთა შორისაც ღირებულებითი თანაკვეთაც ხშირია.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლო, რამაც გვიჩვენა , რომ ჩვენს ქვეყანაში ნაციონალისტური დისკურსი კლერიკალური აქცენტებით კვლავაც არ კარგავს აქტუალურობას და მეტიც, სულ უფრო იკრებს პოპულარობას. ამომრჩეველი ფსევდო-პატრიოტული მისწრაფებებით პარტიის მთავარი სამიზნე აუდიტორიაა და როგორც ჩანს, გათვლა მოცემულ სეგმენტზე არც თუ წარუმატებელი აღმოჩნდა პატრიოტთა ალიანსისთვის. რატომ არის მოცემული დისკურსი კვლავაც პოპულარული სულ სხვა პრობლემური კითხვის ნიშანია, მაგრამ ფაქტია, რომ პარტიის ამომრჩეველთა დიდ ნაწილს სწორედ ქსენოფობიური განაცხადებით მოხიბლული საზოგადოება წარმოადგენს.

მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი პარტიულ ლოზუნგებში თუ საჯარო მიმართვებში ეკლესიის აპოლოგიაა. ამ შემთხვევაში ამომრჩევლები მოცემული საკითხისადმი განსაკუთრებული სენსიტიურობის ნიშნით ჯგუფდებიან.საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიას , გარდა თავისთავად ნაგულისხმევი გავლენისა მრევლის სულიერ ცხოვრებაზე , მნიშვნელოვანიი სოციალური თუ პოლიტიკური განზომილებები გააჩნია და უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტია ქვეყანაში, საქართველოს პატრიარქი კი ალბათ ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება. ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკლესიის მოცემულ როლს საკმაოდ პოზიტიურად აფასებს. ყოველივე ეს ბუნებრივია განაპირობებს ეკლესიის არასასულიერო კომპეტენციების მნიშვნელოვან განვრცობას და კარგ შესაძლებლობას აძლევს პარტიას მოახდინოს მანიპულირება საკმაოდ ვრცელი ელექტორატის რელიგიური გრძნობებით.

მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია პარტიის დაპირებები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. პატრიოტთა ალიანსის მიერ ადაპტირებული პატერნალისტური კონსერვატიზმის იდეები ამ შემთხვევაშიც რადიკალურ ფორმებში იჩენს თავს. პარტიის პროგრამაში ნათქვამია, რომ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის სრულიად უფასო უნდა იყოს ტრანსპორტი, კვება, სამოსი, სამედიცინო დახმარება და სხვა. მოცემულ დანაპირებში არაფერია ნეგატიური, გარდა ერთი გარემოებისა - მათი შესრულება ყოვლად შეუძლებელია. სიღარიბის ზღვარზე და მის ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის ( რომელთა რიცხვი ძალიან დიდია) მოცემული დაპირებები ერთგვარი იმედია და ამიტომ ელექტორატის დიდი ნაწილი მესიანურად განეწყობა ხოლმე მსგავსი ტიპის პარტიების გამოჩენისას. დიდ იმედებს ამყარებენ სოციალურ- ეკონომიკურ ცვლილებებზე და ხშირად ყურადღების მიღმა რჩებათ ის სამწუხარო რეალობა, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არ იძლევა სოციალური ფონის უეცარი გაუმჯობესების შესაძლებლობას. ამგვარად, ამ შემთხვევაშიც პარტია ორიენტირებულია მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი პოპულიზმით გაჯერებული დანაპირებით, ნაცვლად იმისა, რომ პროფესიონალურად მიუდგეს სოციალური თუ ეკონომიკური პოლიტიკის გაუმჯობესების სტრატეგიის დასახვას.

სამწუხაროდ, დღესდღეობით პარტიის პროგრამებში პროფესიონალურად ჩამოყალიბებული ეკონომიკის განვითარების თუ სოციალურ-პოლიტიკური გარდაქმნებისკენ მიმართული სტრატეგიები უკიდურესად არაპოპულარულია და ეს ერთ-ერთი მიზეზია თუ რატომ გადალახა პატრიოტთა ალიანსმა თავისი „დაუწერელი“ საარჩევნო პროგრამით 5%-იანი ბარიერი. პოლიტიკური მარკეტინგის თვალსაზრისით, პარტია ოსტატურად იყენებს ჩვენი პოლიტიკური კულტურისთვის დამახასიათებელ ნაკლოვანებებს ელექტორატის მოსაზიდად. პატრიოტიზმისა და რელიგიურობის პოლიტიკური კომერციალიზაციის წყალობით პატრიოტთა ალიანსი წარმატებას აღწევს ქართულ პოლიტიკურ არენაზე, ყოველ შემთხვევაში თავისი მასშტაბისა თუ არსებობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მისი შედეგები საპარლამენტო თუ ადგილობრივ არჩევნებში საკმაოდ კარგია.

დღევანდელი პარტიული პოლიტიკა ქართული საზოგადოების ერთგვარ ანარეკლს წარმოადგენს. სამწუხაროდ, მესიანიზმი, ეროვნული ღირებულებებით, ნაციონალისტური განწყობებით, სოციალური მდგომარეობის სასწაულებრივი გაუმჯობესებით და რელიგიით მანიპულირების ტრადიცია ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ფენომენი არ არის, ყოველი მათგანი დღემდე საკმაოდ მიმზიდველად იფუთება პოლიტიკური პარტიების მიერ და მათი გასაღების ბაზარიც ფართოა, იმდენად ფართო, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი დღესდღეობით საპარლამენტო პარტიაა და მისი რეიტინგი სულ უფრო იზრდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG