Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდჩატეხილობის პრობლემა ქართულ პოლიტიკაში


ავტორი: სალომე ელისაშვილი

დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე პოლიტიკური პარტიების როლი განუსაზღვრელია. მისი დამსახურებით ძლიერდება ქვეყანაში პოლიტიკური ინსტიტუტები და პოლიტიკური სისტემაც სტაბილურ ხასიათს იძენს. პარტია შუამავალი რგოლია, ის მექანიზმია, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესს სახელმწიფოებრივად გარდაქმნის. ამიტომაც, მაშინ, როდესაც არ არსებობს მდგრადი, სტაბილური პოლიტიკური პარტიები, არ შეიძლება ვისაუბროთ კონსოლიდირებულ დემოკრატიაზე.

მიუხედავად იმისა, რომ პარტიების როლის განსაზღვრისას, ვთანხმდებით მის მნიშვნელობაზე, არსებობს ჩავარდნებიც, როცა საზოგადოებასა და პარტიებს შორის ნდობის ხარისხი იკლებს და მათ შორის დამაკავშირებელი ხიდი წყდება. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია დემოკრატიული გარდაქმნების პირობებში, გარდამავალ ეტაპზე. როცა სისტემა, ჯერ კიდევ გაუმართავია და პარტიებიც, ნაკლები თანმიმდევრულობით ხასიათდებიან. საინტერესოა, რა იწვევს ნდობის დეფიციტს ქართულ პოლიტიკაში, რისი მანიშნებელია მსგავსი ტენდენცია სამომავლოდ და როგორ შეიძლება მოხდეს მასთან გამკლავება.

პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს შეუსაბამობა, ხალხის ინტერესებსა და პარტიულ ქმედებებს შორის. სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი, სადაც ქვემოდან ზემოთ კი არ მიემართება ინტერესთა ნაკადი, არამედ – პირიქით, ზემოდან – ქვემოთ. არ არსებობს სიახლოვე ხალხსა და პარტიებს შორის. ისინი ერთმანეთისგან განცალკევებულნი არიან და ჩაკეტილ ორგანიზმებს ქმნიან. მათი დაახლოება მხოლოდ არჩევნების წინა პერიოდში ხდება, როცა პარტიები ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობენ. იმარჯვებს პარტია, ე. ი. მიზანს აღწევს და ამიტომაც, აღარ ეკონტაქტება ხალხს. ასეთია გამარჯვებული პარტიის „თამაშის წესები“. მაგრამ, დამარცხეული პარტიებიც რომ ასე იქცევიან? იმის ნაცვლად, რომ მათ თვითგანვითარებაზე იზრუნონ, ისინიც წყვეტენ ხალხთან კავშირს. ადეკვატურ შემთხვევაში, ისინი უფრო ინტენსიურად უნდა ცდილობდნენ საზოგადოებასთან კომუნიკაციას, რათა უკეთ გაიგონ ხალხის პრობლემები. ჩვენს ქვეყანაში ასე არ ხდება. პარტიათა ქმედებები სოციალური ინტერესების გამომხატველი სულაც არ არის. ისინი ვერ პასუხობენ ხალხის მოთხოვნებს, ვინაიდან მათ არ აქვთ საზოგადოებასთან ბმის კულტურა. პარტიები, რომლებიც ხალხის ინტერესებზე არ რეაგირებენ, იშლებიან, ეს კი, ცხადია, ვერ შექმნის კონკურენტულ გარემოს.

ხალხსა და პოლიტიკურ ელიტას შორის კავშირი გაწყვეტილია. ამიტომაც აღარ სჯერა საზოგადოებას მისი. მაღალია აბსენტიზმის დონეც. მაგრამ, იქნებ, აბსენტიზმი ხალხის შეგნებული არჩევანია? იქნებ პარტიები ვერ სთავაზობენ ადამიანებს ისეთ დღის წესრიგს, რომ სახლიდან გამოვიდნენ და ხმა მისცენ მათ. იქნებ პარტიაა პასუხისმგებელი რომ მოქლაქე „აამოძრაოს“. დაპირება ბევრია, მის შესრულებაზე არავინ ფიქრობს. ხალხი კი, მხოლოდ მაშინ გადაწყვეტს არჩევნებზე წასვლას, თუ მისი პოზიცია რადიკალური გახდება და არჩევანის გაკეთებას ბრაზი აიძულებს. აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ზიზღია ის ინდიკატორი, რომელიც ინდივიდს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალის მოხდისკენ უბიძგებს.

ყურადღება უნდა გავამახვილოთ იდეოლოგიურ ასპექტზეც. განსაკუთრებით თვალშისაცემია, პარტიებისგან გაუცხოება, მათი უპრინციპობისა და მედროვეობის გამო. პარტიიდან პარტიაში გადასვლა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ეს კი, რეალური გამმიჯნავი ხაზების არარსებობით არის გამოწვეული. ჩვენს რეალობაში იდეოლოგიური კუთვნილებით გამოხატული მხარდაჭერა არ არსებობს, რადგან პარტიებს არ აქვთ გამოკვეთილი იდეოლოგიური პლატფორმები. ადამიანები საკუთარი შეხედულებების გამოძახილს ვერ ხედავენ პარტიულ პროგრამებში. სამაგიეროდ, პარტიები ცდილობენ ყურადღება გაამახვილონ იმ სეგმენტზე, რომელიც მათ მეტ ხმას მოუტანს. თუმცა, პრაქტიკაში, როცა მსგავსი დაპირებები არ ხორციელდება, ხალხი უფრო მეტად გაუცხოებული ხდება. აღმოჩნდება ხოლმე, რომ უხვად გაცემული დაპირებები მხოლოდ გამარჯვებისთვის გამოგონილი ფანდია და სინამდვილეში, რიგითი მოქალაქის პრობლემა არავის ადარდებს. მაშინ, როცა მოლოდინი და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა, ჩნდება კონფლიქტიც, რასაც საფუძვლად აგრესია და ბრაზი უდევს. ეს კი, პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას კარგს არაფერს უქადის.

ამ დროს ყურადსაღები ხდება ლიდერის როლიც.ჩვენში, ხშირია პიროვნებათა გაიდეალების შემთხვევები. თუ ხალხს ლიდერი მოსწონს, პარტიის პროგრამით სულ არ დაინტერესდება, ისე მისცემს ხმას. ამ დროს კი, პარტიის პოპულარობა, ლიდერის ქარიზმატულობის პირადპირპროპორციულად იზრდება. ესაა მესიანიზმის პრობლემა, რაც დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია.

ამ პრობლემას ებმის, ასევე, საქართველოში ძლიერი საშუალო კლასის არარსებობაა. მაშინ, როცა მოსახლეობას ყოველდღიური საარსებო საშუალებების მოპოვებაზე უწევს ფიქრი, რთულია იდეისთვის თავგანწირვა მოსთხოვო. იმისათვის, რომ საზოგადოებამ იდეებზე იფიქროს, მას მინიმალური, ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სჭირდება.

რა არის პატრიების არსებობის უმთავრესი მიზანი, თუ არა, საზოგადოებრივი ინტერესის განხილვა-ანალიზი და მოგვარება. მაგრამ, პარტიებს რომ ვკითხოთ, მათი პოზიცია ასეთი იქნება – ხალხს სულაც არ აინტერესებს პოლიტიკა იდეების დონეზე. იქნებ ასეც არის – პარტია ხომ ხალხის დაკვეთას ასრულებს. ჩვენ დაკვეთა არ მოგვწონს, მაგრამ, იქნებ ეს ხალხის არჩევანია?

პრობლემა ცალსახაა. ნდობა, პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის, ფაქტობრივად, ძალიან დაბალია. პოპულიზმმა მოიცვა პოლიტიკური სპექტრი და იდეების დეფიციტიც უკვე საგანგაშოდ შეიმჩნევა. გამოსავალი ერთია, პრობლემა ორმხრივად უნდა მოგვარდეს. ურთიერთბრალდებები მოჯადოებულ წრეს ქმნის. მისგან თავის დაღწევა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ორივე მხარე საკუთარ დანაშაულს გააცნობიერებს. ნდობას ერთი მხარე ვერ აღადგენს. პასუხიმგებლობა ორივე მხარემ უნდა იგრძნოს, ერთმა – მოქალაქეობრივი, მეორემ – პარტიული. პროცესი კი, იმდენად გამჭვირვალე და თვალსაჩინო უნდა იყოს, რომ თითოეულ მოქალაქეში სანდოობის შეგრძნება გაჩნდეს.

მთავარი ერთია, ჩვენს ქვეყანას სტაბილური პოლიტიკური სისტემისათვის ძლიერი და კონკურენტული პოლიტიკური პარტიები სჭირდება. სხვა შემთხვევაში, ვერ მივაღწევთ იმ ნიშნულს, რასაც კონსოლიდირებული დემოკრატია ჰქვია. ამ ეპატამდე მისვლა კი, ნამდვილად საჭიროებს ნდობის ფაქტორის განმტკიცებასა და, საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, ჩატეხილი ხიდის აღდგენას.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG