Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიული ტელევიზიების კარის თამაშები


ავტორი: თენგო ხუხუა

პოლიტიკური პარტიების ლტოლვა სახელისუფლებო ძალისკენ ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც მათ მთავარ მიზანს წარმოადგენს. ძალაუფლებისკენ სწრაფვისას პარტიები ყველა ღონეს ხმარობენ. ერთ-ერთი ასეთი, მასიური ზემოქმედების საშუალება, ტელევიზიაა. საქართველოს შემთხვევაში ტელევიზია არა მარტო პოლიტკური მოვლენის გამშუქებლად, არამედ მთავარ აქტორადაც გვევლინება. ვინ არიან მთავარი სატელევიზიო აქტორები? სად გადის ზღვარი მიკერძოებულობასა და ობიექტურობას შორის? როგორი რეალობაა დღეს?

თემის განხილვა დავიწყოთ ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიით „ რუსთავი 2“-ით. რუსთავი 2 ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა, შესაბამისად ის საუკეთესო საშუალებაა საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის. თუ არხის ყოველდღიურ „პოლიტიკას“ გადავხედავთ მაშინ მარტივად შევნიშნავთ პარტიულ ინტერესს, კერძოდ კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“. ამ ტელევიზიის პარტიული მიკერძოებულობის მაგალითადრამოდენიმე არგუმენტის მოყვნა შეიძლება:

პირველი, თუ რატომ შეიძლება ჩაითვალოს რუსთავი 2 პარტიულ ტელევიზიად არის ის, რომ მის გენერალურ დირექტორად გვევლინება პირი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი და მთავრობის მაღალჩინოსანი. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების შედეგად, ლოიალობის ნიშნით, ის მალევე ინიშნება ამ თანამდებობაზე. ალბათ არ მოიძებნება ისეთი შემთხვევა დემოკრატიული ქვეყნების უახლოეს პერიოდში, სადაც ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავოს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომლის პარტია, პირველ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს.

მეორე შემთხვევა ეხება უშუალოდ მაუწყებლობის პროცესს. ხშირად რეპორტაჟი არ არის ბალანსირებული და მხოლოდ ერთი მხარის პოზიციას წარმოადგენს, არც ფაქტებითაა გაჯერებული. ბრალდებები ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების წინაღმდეგაა მიმართული და დაუსაბუთებელია. ასევე რეიტინგული პოლიტიკური გადაცემების წამყვანები ხშირად არღვევენ ჟურნალისტურ ეთიკას.პარტიული ტელევიზიები განსაკუთრებით აქტიურდებიან არჩევნების წინ. თუ მოვიშველიებთ მედიამონიტორინგის შედეგებს, 2016 წლის წინასაარჩევნოდ ყველაზე დიდი დრო დაეთმო ენმ-ს, სადაც პარტია უარყოფითად- 7% ,ხოლო სხვა პროცენტული მაჩვენებლები გადანაწილდა, როგორც დადებითი და ნეიტრალური შინაარსის მქონე. ამავე კვლევებით ხელისუფლება უარყოფითად წარმოჩენილია 66%-ით. ასევე შეგვიძლია მოვიყვანოთ რუსთავი 2-ის მიერ ჩატარებული კვლევა 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით სადაც პარტიების პროცენტული მაჩვენებელი რეალობისგან შორსაა.

მეორე ტელეკომპანია, რომელიც ასევე ქმნის ამინდს ქართულ სატელევიზიო სივრცეში,„იმედია’’. საბაზრო კონკურენციიდან გამომდინარე იმედი რუსთავი 2-ის მთავარი კონკურენტია, შესაბამისად მისი პოლიტიკური შეხედულებაც განსხვავებულია. ტელეიმედში გასული რეპორტაჟების უმრავლესობა გამოირჩევალმობიერი დამოკიდებულებით მთავრობის მიმართ. მაშინ როდესაც კონკურენტი ტელევიზია ცდილობს ქარ-ცეცხლში გაატაროს მთავრობა, იმედი მის მთავარ მხსნელად გვევლინება და ცდილობს დადებით მხარეებზე ყურადღების გამახვილებას.

იმედის სიმპათია ხელისუფლების მიმართ და ნეგატიური დამოკიდებულება წინა მთავრობის მიმართ გამოწვეულია იმით, რომ 2007 წელს სახელისუფლებო ძალების მიერ ტელევიზიაზე თავდასხმის შედეგად მოხდა მისი გათიშვა და მეპატრონისთვის საკუთრების (ტელევიზიის) ჩამორთმევა. გარკვეული დროის შემდეგ მაუწყებლობა აღდგა მაგრამ სხვა „ღირებულებებით“. მხოლოდ ხელისუფლების შეცვლისა და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში შეძლო მეპატრონემ სამართლებრივი დავის განახლება და მოგება. ეს წარსული მოუშუშებელი დარჩა ამ ტელევიზიისთვის. ჟურნალისტების მწვავე შეკითხვები უმეტეს შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის წინაღმდეგაა მიმართული.

გადავხედოთ „პატრიოტთა ალიანსთან“ აფილირებულ ტელეკომპანია „ობიექტივის’’ საქმიანობასაც. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ პარტიის პარლამენტში მოსახვედრად საკმაო წვლილი მიუძღვის ობიექტივს. რადგანაც ამ არხზე ძირითადად პატრიოტთა ალიანსის იდეები და მათი გეგმები ცალმხრივად შუქდება. პარტია საკმაოდ კარგად იყენებს პროპაგანდის ამ საშუალებას, თუმცაღა მისი რეიტინგი საკმაოდ დაბალია. ტელევიზია არც კი ცდილობს შენიღბოს პარტიისადმი პირდაპირი სიმპათია. თუ გადავხედავთ გადაცემების შინაარს და სარედაქციო პოლიტიკის მიმართულებებს ამ ჭეშმარიტებას მალევე აღმოვაჩენთ.

რამდენად საშიშია პარტიული ტელევიზიები?

თავისუფალი მედია ყოველთვის არ ნიშნავს ობიეტურ მედიას. პოლიტიკური პარტიები თავიანთ საკეთილდღეოდ იყენებენ მედია საშუალებებს და მიუხედავად დღეს არსებული, თავისუფალი, გარემოსი ტელევიზიები მაინც ვერ, ან არ ახერხებენ პარტიული უღელისგან თავის დაღწევას. ასეთ შემთხვევაში ისინი არა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, არამედ პარტიული. ამ დროს მაყურებლებით მანიპულირება და მათთვის არაზუსტი ინფორმაციის მიწოდება ხდება. მაღალია საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და მატულობს ემოციური ფონი. საქართველოში არსებული დაბალი პოლიტიკური კულტურის გამო,პარტიული არხები საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს და შესაბამისად საზოგადოების უმრავლესობა ვერ ღებულობს ობიექტურ ინფორმაციას ქვეყანაში რეალურად არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

შეიძლება თუ არა, პარტიას ქვეყნის ბედი იმდენად არ აინტერესებდეს რამდენადაც საკუთარი? რა თქმა უნდა, შეიძლება და თუ ასეთ შემთხვევაში მას ტელევიზიაც შეუწყობს ხელს ე.ი მას (მაუწყებლობას) ცალკე ინტერესი გააჩნია რაც საბოლოოდ შეიძლება ნეგატიურად აისახოს სახელმწიფოზე და შესაბამისად ქვეყნისდემოკრატიულ განვითარებულობაზე. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მედია უნდა ასრულებდეს „მოდარაჯე ძაღლის“ ფუნქციას თუმცა არ უნდა კარგავდეს ობიექტურობას.

როგორია დღევანდელი რეალობა?

როგორც აღვნიშნეთ დღევანდელი რეალობა საკმაოდ არაპოზიტიურია. იმის ნაცვლად, რომ ტელევიზიები რეალურად ასახავდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ისინი პირიქით ცდილობენ მოარგონ ესა თუ ის პოლიტიკური პროცესი უშუალოდ პარტიულ ინტერესებს, რაც ყოვლად მიუღებელია. მაშინ, როდესაც სახელმწიფოში მიმდინარეობს დემოკრატიული ტრანზიცია, ეს ტელევიზიებზეც უნდა შეიმჩნეოდეს. ეს ნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო მიჰყვება დასავლურ კურს, მაშინ იგივე უნდა განახორციელონ ტელევიზიებმა და აიღონ ევროპული მაუწყებლობისგან მაგალითი. განსხვავებული აზრის არსებობა აუცილებელი პირობაა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, ხოლო პარტიული მიკერძოებულობის შემთხვევაში ეს ვერ იარსებებს, რადგანაც ქართულ რეალობაში ჩვენ ორი ძალის დაპირისპირების მსხვერპლნი ვხდებით. ასეთ ფონზე საზოგადოების უკმაყოფილება მატულობს და იზრდება უნდობლობა ტელევიზიების მიმართ. საბოლოოდ ეს ყველაფერი უკუკავშირის სახით დაუბრუნდება ტელევიზიებს და დაკარგული ნდობის აღდგენას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG