Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები სამცხე-ჯავახურად


ავტორი: ზურაბ მენაღარიშვილი

ნათელია, რომ კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობები, მათ შორის ახალქალაქელი და ნინოწმინდელი სომხები, არჩევანს მუდმივად მმართველი პარტიის სასარგებლოდ აკეთებენ. ანალიტიკურ წრეებში ამ ფაქტს ქართული ენის არცოდნას, დაბალ პოლიტიკურ სოციალიზაციას ან მმართველი პარტიის სახელმწიფოსთან გაიგივებას უკავშირებენ. ამ კუთხით გამონაკლისი არც წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნები ყოფილა, თუმცა ამ თემაზე უკვე ბევრი დაიწერა და ამ ბლოგში ამაზე არ ვისაუბრებთ, სამაგიეროდ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ არჩევნებზე გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია, ქართული მემარჯვენე-პოპულისტური პარტიებმა, რომელთაც მეტ-ნაკლებად ნაციონალური ელფერი დაკრავთ, გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვეს ეთნიკურად არაქართულ მოსახლეობაში. ამ შემთხვევაში საინტერესო იქნება პერსონალური სახეების დონეზე დასული პოლიტიკის, ელექტორატის, ადგილობრივი კანდიდატებისა და პარტიების ინტერესების მიმოხილვა, რათა ავხსნათ პოლიტიკური სუბიექტებისადმი „პატრიოტთა ალიანსისა“ და „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“ მხარდაჭერის მოტივი.

არჩევნების შედეგების მიმოხილვა

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით ახალქალაქის მერობის კანდიდატმა პატრიოტთა ალიანსიდან ხმათა 32.32% მიიღო და ამ მაჩვენებლით მნიშვნელოვნად გაუსწრო სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, მათ შორის რაისიანს, რომელიც ლორთქიფანიძე-კუკავას წარმომადგენელი იყო, რომელმაც თავის მხრივ აჯობა ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს, თუმცა ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი მეორე ტურისთვის ან გამარჯვებისათვის. თითქმის იგივე დაფიქსირდა ნინოწმინდის მერობის არჩევნებშიც, მეორე ადგილზე გასული მხითარიანი, რომელმაც ხმათა 15.77% დააგროვა, მთავარ ოპოზიციურ კანდიდატად ჩამოყალიბდა. ამ შემთხვევაში „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო-ს“ წარმომადგენელმა ხმათა მხოლოდ 3.1% მიიღო, თუმცა თუ შევადარებთ საქართველოს სხვა ქალაქებში მიღებულ შედეგებს, შეიძლება აღნიშნული მონაცემები წარმატებად მივიჩნიოთ. რაც შეეხება საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებს, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში თითქმის იგივე ტენდენცია განმეორდა, რაც მერობის შემთხვევაში, მმართველი პარტიის გარდა ამომრჩეველმა მხარი მემარჯვენე-პოპულისტურ პარტიებსაც დაუჭირა. ახალქალაქში სპამ ხმათა 26.66%, ხოლო მოძრაობა თავისუფალი საქართველომ 4.97% მიიღო. ნინოწმინდის შემთხვევაში, სადაც მმართველმა პარტიამ ხმათა თითქმის 80% მიიღო, სპა-მ 9.1%-ით, ხოლო მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის 2.63%-ით შემოიფარგლა.

პარტიული გაუცხოება და პერსონიფიცირებული პოლიტიკა
ძნელია ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მემარჯვენე პარტიების მხარდაჭერა ცალსახად ერთ გარემოებას დავუკავშიროთ, თუმცა გარკვეული ტენდენციები მაინც იკითხება. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ რეგიონში პარტიებისადმი მხარდაჭერა თითქმის არ არსებობს, ამომრჩეველს, ისევე როგორც საქართველოს ბევრ სხვა ადგილას, არ ყავს კონკრეტული პარტია, რომლის პროგრამასა და მოქმედებებს მხარს დაუჭერს, ასევე არ არსებობს ე.წ. სიკვდილამდე ამომრჩეველი, რაც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში, პარტია, რომელიც წარსულში დიდი უპირატესობით იგებდა წლევანდელ არჩევნებში მე-4-5 ადგილს დასჯერდა. ისმის კითხვა მაშ თუ პარტიული პოლიტიკა არ არსებობს მაშინ რამ განაპირობა აღნიშნული პარტიების წარმატება?!
მიუხედავად იმისა, რომ პატრიოტთა ალიანსი მხარს უჭერს სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხს, მისი, როგორც პარტიის პოპულარობა რეგიონში ძალიან დაბალია, შესაბამისად მთელი აქცენტი კეთდება პერსონალიებზე, ანუ ნაცვლად პარტიული პოლიტიკისა, ვიღებთ მკვეთრად პერსონიფიცირებულ პოლიტიკას და ამომრჩეველი ხმას აძლევს არა პარტიის იდეებს, არამედ კონკრეტულ ადამიანს, რომელიც პარტიას წარმოადგენს, მაშინ როცა შესაძლოა როგორც კანდიდატი, ისე ამომრჩეველი სრულიად არ იზიარებდეს აღნიშნული პარტიის ხედვებს. მაგალითისთვის, გამოდგება კუმურდოს ინციდენტი, სადაც წინასაარჩევნო პერიოდში წარსულში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი პეტროსიანი წარმოადგენდა არა პარტიის, არამედ საკუთარ შეხედულებებს. წინასაარჩევნო პერიოდმა დაგვანახა, რომ კანდიდატები სარგებლობენ საკუთარი კავშირებით და არა პარტიული რესურსებით ან აქტივით, ხოლო ხმებს იღებენ მეგობრების, ნათესავებისა და თანასოფლელებისგან და არა პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი ხალხისგან.

რატომ სჭირდებათ პერსონიფიცირებული პოლიტიკა პარტიებს?
რეალურად ქართული პარტიები განიცდიან იდეოლოგიურ კრიზისს, უჭირთ ამომრჩეველთა მოზიდვა და მათი პროცესებში ჩართვა, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები საერთოა, ქართული პარტიები მაინც ვერ ახერხებენ ეთნიკური უმცირესობების საკუთარ ამომრჩევლად გარდაქმნას. აღნიშნული პრობლემის წინაშე დგას პატრიოტთა ალიანსი და ლორთქიფანიძე-კუკავას გაერთიანებაც, მათთვის პერსონებზე, რომლებიც ადგილობრივ დონეზე ცნობადი პირები არიან, ორიენტირებული პოლიტიკა ნიშნავს ხმების მიღების საშუალებას ისეთი ელექტორატიდან, რომელიც არასდროს მისცემდა მას ხმას პარტიული პოლიტიკის რეალურად გატარების შემთხვევაში. ეს ის შემთხვევაა, როცა პარტიისთვის მომგებიანი არ არის საკუთარი ღირებულებების წინ წამოწევა და აქცენტი მხოლოდ ადგილობრივ, ცნობილ პირებზე კეთდება.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი

განსხვავებით ძირითადი პარტიებისა, სადაც შერჩევა ვერტიკალურად ხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ თბილისში მყოფი პარტიული ბოსები წყვეტენ თუ ვინ იქნება კონკრეტულ ოლქში კანდიდატი, მემარჯვენე-პოპულისტურ პარტიების შემთხვევაში საქმე გვაქვს ორმხრივ გარიგებასთან. კანდიდატები ძირითადად გამოცდილ ბიუროკრატები, ბიზნესმენები ან ცნობადი სახეები ხდებიან, რომელთაც გავლენის შენარჩუნება სურთ, ხოლო პარტიები იღებენ დამატებით ხმებს ქვეყნის მაშტაბით მიღებული ხმების გასაზრდელად და დაფინანსების შესანარჩუნებლად. როგორც წესი, კანდიდატები წარსულში სხვადასხვა პარტიის წევრებიც იყვნენ დაწყებული კომუნისტური პარტიით, დამთავრებული მოქალაქეთა კავშირითა და ნაციონალური მოძრაობით, ესმით ბიუროკრატიის მუშაობის წესები და აქვთ გარკვეული კავშირები, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე ცენტრში.

დასკვნის სახით ანუ რა საფრთხეებს შეიცავს პიროვნებებზე დასული პოლიტიკა

ასეთი პოლიტიკა განსაკუთრებით აღრმავებს ნაპრალს ამომრჩეველსა და პარტიებს შორის და ამცირებს პარტიის, პოლიტიკურ ფუნქციასა და როლს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში განსაკუთრებით სახიფათოა პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებისათვის. ასევე ქმნის არაფორმალურ კავშირებს პარტიებსა და კანდიდატებს შორის, რაც პროცესებს ფარულს ხდის, ასევე არ ხდება პოლიტიკური ელიტის განახლება, რაც საბოლოოდ დემოკრატიულობის ხარისხს ამცირებს. აღნიშნული პარტიულ-ინდივიდუალური კავშირები სამცხე-ჯავახური პოლიტიკის ერთ-ერთი თავისებურებაა, რაც პარტიების გაუფასურების შედეგიცაა და მიზეზიც.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG