Accessibility links

25 დეკემბერი, კვირა

დილის სიზმრიდან გამოფხიზლება ყველაზე ცუდი რამეა, რაც კი შეიძლება დეკემბერში ბაგების მესამე კორპუსში გააკეთო. გარეთ მოყინულია, ოთახში სითბოა დაგროვილი, შენ კი ამ დროს თვალს ახელ და რაღაცების გარჩევას ცდილობ.

სანდროს, რომელიც უკვე დიდი ხანია შუაღამისას ჩვენს ლოგინში გადმობარგებას დაეჩვია, ზედ ჩემს სახეზე ჩამოუფარებია ფეხები და გემრიელად ფშვინავს. ფეხი ჩაწიე, ჯიგარო. ძილის შებრუნებას ამაოდ ვცდილობ, რამდენიმე წუთში ვდგები და ვიცვამ. ხანმოკლე საუზმის, დედაჩემთან საუბრისა და ნიკოსა და დემესთან თამაშის შემდეგ დაღმართზე ვეშვები.

წიგნის საახალწლო ფესტივალის ბოლო დღეა. ამ დროს სტრესი და ცაიტნოტი გადავლილია, მაგრამ დაღლილობა ისე მაქვს ძვლებში შემჯდარი, რომ რამდენიმე დღე გონზე მოსვლა მიჭირს. ვფიქრობ, დატვირთული, მრავალფეროვანი, შედეგიანი და წარმატებული ფესტივალი გამოვიდა. სტენდებთან ჩამოვლისას გვანცასთან ვსაუბრობ: მაგარი გოგოა, რომ ამდენ ტექნიკურ დეტალს, საორგანიზაციო საკითხს, სატელევიზიო ეთერებს, სოციალურ ქსელში დაგროვილ უამრავ შეკითხვას და პრეტენზიას გასწვდა და მოერია. ასოციაციის გოგონებს მეგრულად ვეუბნები კომპლიმენტებს. მართალია, მხოლოდ თამუნას ესმის, მაგრამ ისიც საქმეა, რომ ჩემი სიტყვები არ დარჩა ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა.

ჯერ ქეთისა და აჩოს კულინარიულ წიგნს წარვადგენთ, დეგუსტაციის თანხლებით, შემდეგ ტორესა მოსის ახალ რომანს, საღამოსკენ კი „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ ბესტსელერები გამოვლინდება. რუსუდან რუხაძის მოთხრობების წიგნმა ავტორიტეტულ კონკურენტებს გაასწრო საფესტივალო გაყიდვებში, იქით კიდე ხალიდ ჰოსეინიმ არავის დაანება პირველობა.

საღამოს რესტორანში მივდივართ, სადაც მაიკო ნამდვილად არ აპირებს „ვაშვა“-ო მიძახოს, რადგან თვითონაც გადაუწყვეტია დალევა განტვირთვისთვის.

26 დეკემბერი, ორშაბათი

ზუკას მესიჯი მაღვიძებს – ჯორჯ მაიკლი გარდაცვლილა, ჩემი თინეიჯერობის საკულტო ტიპი. იყო დრო, მისი Freedom მეც ისევე მამხნევებდა და მახალისებდა, როგორც მილიონობით ადამიანს, რომელიც დედამიწის სხვადასხვა წერტილში უხასიათობისა და მოწყენისგან იტანჯება.

გადავწყვიტე, რომ დავისვენო. მხოლოდ ერთი დღით. მერე რა, რომ უკვე მეოთხედი საუკუნეა, ორშაბათს არ დამისვენია: გამონაკლისი უნდა დაუშვა, სანამ ჯერ კიდევ რაღაცის შეცვლა შეგიძლია.

ცოლ-ქმარი ნაბახუსევზე ვართ და ბავშვები ბებია-ბაბუას გადავაბარეთ. ძილ-ღვიძილში მყოფი დაუწერელ რომანზე ვფიქრობ, რომლის სიუჟეტი და პერსონაჟები მოცლილობის დროს თუ დამიტრიალდება გონებაში. თითქოს ყველაფერი აწყობილია, დალაგებული, მაგრამ მაინც მიჭირს ჩაჯდომა, რომ ყველა საქმე დავივიწყო და ამბავს დავნებდე.

ამასობაში პრემიერლიგაში „ბოქსინგ დეი“ ჩამოდგა. ჩემი „არსენალი“ ძლივ-ძლივობით, როგორც იქნა, გაძვრა ამ დათარსულ გვირაბში, მაგრამ კონტეს მიერ ჩემპიონობაზე დაგეშილ „ჩელსის“, მგონი, ვეღარ დაეწევა. ისევ ოთხეულში მოხვედრის იმედად უნდა ვიყოთ ეს ამდენი პატიოსანი ხალხი.

ღამით რიდლი სკოტის „მოსეს“ ვუყურებ. შთაბეჭდილება ისეთივეა, როგორიც შარშანწინ კინოთეატრში ნახვისას მქონდა: სუსტი ფილმია. მხოლოდ მაყურებელზე ვიზუალური ეფექტის მოსახდენადაა შექმნილი, მხატვრული ღირებულება თითქმის არა აქვს. ამას ჰოლივუდური „ათი მცნება“ და, მით უმეტეს, ამავე რეჟისორის „გლადიატორი“ ჯიბეში ჩაისვამს.

ძნელად, მაგრამ როდის-როდის მეძინება.

27 დეკემბერი, სამშაბათი

მიხარია, რომ ჩემმა წერილმა „გულქანი და ეთერო“ დაინტერესება გამოიწვია. უკვე მესამე წელია, ინტერნეტგაზეთ „მასწავლებლის“ ბლოგერი ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი რამ შემძინა ამ თანამშრომლობამ. ესაა ნამდვილად გამორჩეული საგანმანათლებლო რესურსების ბაზა, რომელიც ყოველწლიურად ივსება, ვითარდება, მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება.

შუადღისას ეროვნულ ბიბლიოთეკაში მივდივარ გიორგი კეკელიძესთან გადაცემა „ინტერპრეტაციის“ ჩაწერაზე. კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ვსაუბრობთ და ბოლოსკენ ვატყობ, რომ უკეთ შემეძლო მელაპარაკა. ნახევარი საათი ცოტა დრო არ არის, მაგრამ ასეთი მასშტაბის მწერალზე თუნდაც ზედაპირულად რაღაცების მონიშვნა სერიოზულ კონცენტრაციას და მობილიზებას ითხოვს. თავიდან იმ მოდურ და სნობურ-ნიჰილისტურ ტენდენციაზეც მოგვიწია ერთი-ორი სიტყვის თქმა, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობის ავტორად არ მიიჩნევს. ბევრი რამ, მათ შორის, ხელმოცარული ლიტერატორების კომპლექსი და, ნაწილობრივ, პოლიტიკური კონტექსტიც კვებავს ამ ამბავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ძალიან მალე.

გამომცემლობაში დაბრუნებული, დაღლილობას ვგრძნობ – „მიწია გველისფერი წმინდა გიორგის რისხვამ“ კი არადა, წიგნის საახალწლო ფესტივალზე ყველაფრის ერთად მოსწრებისა და განხორციელების სურვილმა. ოთახიდან, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით დაზიანებულ და შემდგომ აღდგენილ ვერეს ხეობას გადაჰყურებს, ვათვალიერებ მაგისტრალს, ზოოპარკს, შენობებს. ლომის ღმუილს მანქანების ხმაური ვერ ახშობს...

28 დეკემბერი, ოთხშაბათი

დემეტრე დილიდანვე ემზადება: ბაღში საახალწლო სპექტაკლია, სადაც მეტყევის როლი უნდა შეასრულოს. რამდენიმე მონოლოგი უკვე ვიცით, დილა-საღამოს იმეორებს და ჩვენც შევეჩვიეთ, მაგრამ სპექტაკლი მაინც მოულოდნელობებს გვპირდება. მეტყევის ერთი შეხედვით უარყოფითი ტიპი, ჩიტის ბარტყები რომ თავისთან წაასხა, ფინალში ძალიან საყვარელი პერსონაჟი აღმოჩნდება, რომელსაც მარტოობა სტანჯავს და უნდა, რომ ახალ წელს კეთილ ხალხთან ერთად შეხვდეს.

გზაში, სამსახურისკენ მიმავალს, სულ ამაზე მეფიქრება – მარტო დარჩენილ ადამიანებზე. ბებიაჩემი რამდენიმე წელი მარტო ცხოვრობდა სოფელში და ჩვენ, სოფლიდან შვიდ-რვა კილომეტრში მყოფები, იშვიათად ვახერხებდით მასთან ჩასვლას. ალბათ, როგორ ვენატრებოდით, როგორ ეშურებოდა ჩვენს ნახვას, მაგრამ, ქალაქის ორომტრიალსა და სტუდენტურ ცხოვრებაში აზელილები, ათასში ერთხელ თუ გავიხსენებდით, რომ ათი-ოცი წუთის სავალზე ყველაზე ძვირფასი ადამიანი გველოდა. ძალიან ვნანობ, ახლაც მახრჩობს ეს სინანული და მინდა წიგნი, რომელსაც მომავალში დავწერ, მას ასე მივუძღვნა:

„ბებიაჩემს – ვარო თოლორაიას.

ცხოვრებაში სულ რამდენიმე შემხვედრია მასავით ნიჭიერი, პრინციპული, სამართლიანი და ყველა ადამიანური გაჭირვების ღირსეულად დამთმენი ქალი. ბებიაჩემი სკოლაში დიდხანს ასწავლიდა ისტორიას, ჩვენ კი ადამიანის პატივისცემა და უიმედო მდგომარეობაში გაძლება გვასწავლა. სხვისი არ შეგშურდეთო, სულ გვიჩიჩინებდა, მაგრამ მე კი ყოველთვის მშურდა მისი (და ეს სიცოცხლეში ვერასდროს ვუთხარი): მშურდა და მაოცებდა, თუ როგორ შეეძლო სიმარტოვესთან მგელივით გამკლავება“.

29 დეკემბერი, ხუთშაბათი

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად საცობებმა, დარჩენილი საქმეების მიმთავრების წყურვილმა და საახალწლო საჩუქრების ტალღამ იმატა. სოციალური ქსელი ამ საჩუქრებისგან მოგვრილი ემოციებით ისე გადაიჭედა, როგორც გმირთა მოედანი-ლაგუნა-მარჯვენა სანაპიროს ტერიტორია პიკის საათის დროს. ჰო, ბანალური შედარებაა, მაგრამ ასე კი იყო.

ჩვენც – „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ მთელი გუნდი – ვამზადებთ საჩუქრებს ავტორებისა და პარტნიორებისთვის. გადარბენას რომ იტყვიან, იმ დღეში ვართ, მაგრამ, როგორც ჩემი ერთი ნაცნობი ამბობს, „დედლაინებთან“ მარსით არ უნდა წააგო, ოინს კიდე ამოქაჩავ.

რაც წელს ვერ მოესწრო, იმ წიგნების სიას ვადგენ. სვეტლანა ალექსიევიჩის ზედიზედ სამი წიგნი რომ გამოვა იანვარში და მარკესის „მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში“ (ელზა ახვლედიანის თარგმანით) – ეს უკვე ყვითელი მარკერით ხაზგასასმელი ამბებია. და თუ ხალიდ ჰოსეინიმ 2017-ში რომანი დაწერა, ჩემი აზრით, ეგ მაიკომ უნდა თარგმნოს – ისაა ჭეშმარიტი ჰოსეინოლოგი საქართველოში!

უკვე მზადდება რამდენიმე ქართველი ავტორის რომანი, პოეტური თუ პროზაული კრებული. ზოგი წერს, ზოგიც მორჩა და რედაქტორებთან მუშაობს... ბევრი ამბობს, არაკომერციულიაო, მაგრამ თანამედროვე ლიტერატურის გამოცემა აუცილებელი საქმეა, კულტურის განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის გაცნობის საუკეთესო საშუალებაა. კარგია, რომ ბევრი წიგნი ითარგმნება და ეს სფერო ყველაზე განვითარებულია, მაგრამ თარგმანი ვერ ასახავს ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების მდგომარეობას. ეს ორიგინალურმა ლიტერატურამ, პროზამ და პოეზიამ უნდა გააკეთოს. ამიტომ ყველამ – ავტორებმა, გამომცემლებმა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა, ვისაც ამ მიმართულების ხელშეწყობა შეუძლია – უფრო მეტად უნდა მოვინდომოთ, რომ ეს პროცესი არ შეწყდეს.

30 დეკემბერი, პარასკევი

დღეს ზუკა ჩამოდის ელენეს და ჰელენთან ერთად. უკვე მეშვიდე წელია, რაც ახალ წელს ერთად არ შევხვედრივართ მთელი ოჯახი, წლების განმავლობაში სხვადასხვა ადგილას გაფანტულები ვიყავით. ბავშვები გაიხარებენ, დედაჩემსაც გული აუჩუყდება. მამაჩემი არ შეიმჩნევს, ალბათ, მაგრამ გულში, დარწმუნებული ვარ, უხარია, პრემიერლიგის თამაშებს რომ შვილებთან ერთად ჩაუჯდება. „ლივერპული-სიტი“ – ოოო, ნი შუტკა!-ო, იტყვის.

საღამოს განათლების მინისტრთან გვაქვს შეხვედრა სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ საკითხებზე. სექტემბერში, როცა სამი წლის განმავლობაში შეჩერებული დიალოგი გამომცემლებსა და სამინისტროს შორის განახლდა, მახსოვს, მოკლემკლავიანი მაისურით ვიყავი შეხვედრაზე. მაისურიდან დათბილულ ქურთუკამდე პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა, გაირკვა, შეფასდა, გადაფასდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ამ მეთხუთმეტე შეხვედრაზე გაირკვევა ბოლომდე ყველაფერი.

„ირიათონში“ სეკრეტ სანტაობაა. მე „კლივლენდ კავალიერსისა“ და „რეალ მადრიდის“ თავგადაკლული ფანის, ვასილ საბანაძის (მეტსახელად ბალუს), სანტა ვარ. ვიცი, რომ ბალუს საახალწლოდ ვისკი გაუხარდება. ბოლოს ისე გამოდის, რომ მეც ვისკის ვიღებ ჩემი სანტასგან – მამუკასგან.

ვარჯიში უნდა დავიწყო. იანვარი საუკეთესო დროა ვარჯიშის დასაწყებად – ძალიან რომ გცივა და გეზარება, სწორედ მაშინ უნდა წამოყო საწოლიდან თავი, თბილად ჩაიცვა და ბაგების ცივი, მაგრამ სუფთა ჰაერი ჩაუშვა ფილტვებში.

მაგრამ მანამდე 31-ში საღამოს მომიწევს დალევა – დიდი ოჯახი ვიკრიბებით, ტრადიციულად, კახმეგთან და ერთად ქეიფს მონატრებული ხალხი დათრობას ვერ გადავრჩებით.

31 დეკემბერი, შაბათი

31-ში, ტრადიციულად, ჩემი დღის საუნდტრეკი ის ერთია, უცვლელი ჰიტი – ირაკლი ჩარკვიანის „ახალ წელს“:

„ახალ წელს

გავატანოთ წყენა ძველს,

შევურიგდეთ დებს და ძმებს,

ყველა.

ახალ წელს

გამოვისხამთ ვიცი ფრთებს,

სიყვარულზე ვიმღერებთ

ერთად...“

სიხარული, ბედნიერება და მშვიდობა მოეტანოს 2017 წელს!

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG