Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თავისუფლების დღიურების“ 11 წელი


52 ავტორის მიერ აღწერილი 52 კვირა - „თავისუფლების დღიურების“ მე-11 გამოცემაც მზადაა. წიგნის პრეზენტაცია 29 მარტს „მწერალთა სახლში“ გაიმართა. მხატვრები, მწერლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, მეწარმეები თუ გამომცემლები - თავისუფლების დღიურებს წერს ყველა, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი. წიგნს, ტრადიციულად, ერთვის საპრეზენტაციო დისკიც - დოკუმენტური ფილმი „დღიურის წერა მინდოდა“, სადაც ავტორები საკუთარ ერთ კვირაზე ჰყვებიან.

„თავისუფლების დღიურების“ 11 წელი
please wait

No media source currently available

0:00 0:07:50 0:00
გადმოწერა

„1 იანვარი „თენდება“ 12 საათზე. ეს ყველასთვის სასიხარულო და საყვარელი დღესასწაულია! ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ოჯახში ძალიან გვიყვარს ეს დღე. ტრადიციულად, ვიკრიბებით. ანუკა მოდის. მე ნატოსთან და ნიკუშასთან ერთად ვცხოვრობ. მერე მოდიან ჩემი შვილიშვილის, დათა თავაძის, მეგობრები - მთელი ჯგუფი... და იწყება ‘თავდავიწყება’“, - 2016 წლის „თავისუფლების დღიურები“ ქორეოგრაფისა და პედაგოგის, მაკა მახარაძის, კვირით იწყება. ჰყვება თავის ოჯახზე, სამეფო უბნის თეატრზე, საბალეტო სტუდიაზე, ბალეტზე...

„თავისუფლების დღიურები“ სხვადასხვა პროფესიის უკვე თითქმის 600-მა ადამიანმა დაწერა - სათქმელი და მოსაყოლი ამბები არ ილევა. არ ილევიან საინტერესო ადამიანებიც, რომლებიც თავიანთ დღეებზე, სამსახურზე, ოჯახსა თუ მეგობრებზე, მომხდარ ამბებზე ჰყვებიან - და როგორც რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარინა ვაშაყმაძემ, თქვა წიგნის პრეზენტაციაზე, ყოველი მათგანის კვირა განსაკუთრებულია:

მარინა ვაშაყმაძე, ანდრო ჭიაურელი
მარინა ვაშაყმაძე, ანდრო ჭიაურელი

„და არ დაილევა საქართველოში ის ხალხი, ვისი ცხოვრებაც არის საინტერესო და ვინც სიამოვნებით გაგვიზიარებს თავის დღიურებს, თავის ფიქრებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ საზოგადოებას მხოლოდ ცნობილი ადამიანების დღიურები არ მოვასმენინოთ, არამედ ვიპოვოთ ის ხალხიც, თავიანთი საქმის პროფესიონალები, ვისაც, შესაძლოა, ფართო საზოგადოება არ იცნობდეს, ჩვენ კი გვინდა, რომ გაგაცნოთ ისინი. ამიტომაც გვეძვირფასება ეს პროექტი ასე ძალიან“.

„თავისუფლების დღიურების“ იდეის ავტორი რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის უფროსი, დავით კაკაბაძეა. ის ხშირად იხსენებს ხოლმე წლების წინანდელ ამბავს, როგორ ძნელად წარმოედგინათ, რომ ეს პროექტი ამდენ ხანს გაძლებდა და დღიურის დამწერი ამდენი ადამიანი მოიძებნებოდა. თუმცა ფაქტია, რომ 2017 წელს დღიურების კიდევ ერთი, მე-12 წიგნის მზადება დაიწყო.

„ფარდას ვწევ და მთაწმინდას „დილა მშვიდობისას“ ვეუბნები. დილის რვა საათი დაიწყო და მზის პირველი სხივები ფანჯრებზე, სატელევიზიო ანძასა და ნაძვების ტოტებში, ღრუბლებივით გამოკიდებულ თოვლზე ქრებიან და ჩნდებიან. ფუნიკულიორის ტრამვაის ასასვლელის შუა მონაკვეთზე, მთის შუაწელზე, ორი ვაგონი ერთმანეთს ხასხასა წითელი ტუჩებივით ხვდება, თითქოს წყვილიაო, რომელმაც სისხამ დილას კოცნა დასტყუა. ნისლის საბანში გახვეული კოჯრის მუქი მწვანე გორაკები ნელ-ნელა იღვიძებენ. ისევ ის ქალაქია, რომელსაც პირველად ოთხი წლის წინ შევხვდი; ქალაქი, სადაც მხატვრები მზით სავსე შუშაბანდებში ხატავენ, მოხუცები ვაზის ტოტებქვეშ ნარდს თამაშობენ; ქალაქი, რომელსაც სველი ფოთლების, გოგირდის წყლის, თონის პურის, ტკბილი ყავისა და სიგარეტის სუნი ასდის; ქალაქი, რომელსაც ეზოში გაგონილი ჭორის, ქვაფენილიან ქუჩებზე მოგრიალე მანქანებისა და პურის ნატეხისთვის წაკინკლავებული ბეღურების ხმა აქვს“... - ეს კი ბრიტანელი ჟურნალისტი ჯოზეფ ალექსანდერ სმითია.

ჩვენ ვცდილობთ, რომ საზოგადოებას მხოლოდ ცნობილი ადამიანების დღიურები არ მოვასმენინოთ, არამედ ვიპოვოთ ის ხალხიც, თავიანთი საქმის პროფესიონალები, ვისაც, შესაძლოა, ფართო საზოგადოება არ იცნობდეს, ჩვენ კი გვინდა, რომ გაგაცნოთ ისინი. ამიტომაც გვეძვირფასება ეს პროექტი ასე ძალიან...
მარინა ვაშაყმაძე

2016 წლის ბოლო თავისუფლების დღიური მწერალმა ზვიად კვარაცხელიამ დაწერა. ახსოვს, რომ ეს დღეები წიგნის საახალწლო ფესტივალს დაემთხვა, დატვირთულ დღეებს. აი, როგორ იხსენებს ზვიადი დღიურების წერის პერიოდს:

„წერისას მაინც უწევ ანგარიშს იმ ფაქტს, რომ ამ დღიურებს საჯაროდ წერ. თუმცა მე მაინც მიმაჩნია, რომ აუცილებელია, რასაც დაწერ ავტორი, ის მაინც იყოს გულწრფელი. ყველაფერზე გიწევს საუბარი - ოჯახი, საქმე, მოვლენები... ჩემი დღიურები საკმაოდ დატვირთულ წიგნის ფესტივალის კვირას დაემთხვა და მოსაყოლიც ბევრი მქონდა. როცა რაღაც ხნის მერე თავიდან გადავხედე, მომეწონა კიდეც, ჩემი თავი ვიცანი“.

დღიურების წერის პროცესი საინტერესო აღმოჩნდა პოლიტოლოგ გიორგი გობრონიძისთვისაც:

„თან ცდილობ ყველა სიტყვა აწონო, მაგრამ თან ცდილობ იმასაც, რომ მანერული არ გამოგივიდეს. ბედად, ჩემთვის კარგ პერიოდს დაემთხვა - ვიყავი კონფერენციაზე, სადაც ჩემი რუსი კოლეგებიც მონაწილეობდნენ და მოსაყოლიც ბევრი მქონდა“...

ხშირად ისეც ხდება, რომ „თავისუფლების დღიურებში“ დღიურების ავტორთა ცხოვრებაში მომხდარი უნიშვნელოვანესი ამბებიც ხვდება - ხან სევდიანი, ხანაც, პირიქით, სასიხარულო. აი, მაგალითად, რას წერს ტექინოვაციების სპეციალისტი ნინუცა ნანიტაშვილი:

„ყველაფერი ტვიტერზე მიღებული შეტყობინებით დაიწყო. ჟურნალ „ფორბსის“ მთავარი რედაქტორი ნიუ-იორკიდან მწერდა, თქვენ შესახებ გავიგეთ და დაკავშირებას ვცდილობთო. მეც აფორიაქებულმა მივწერე იმეილის მისამართი და დავიწყე ლოდინი, ნეტავ რა გაიგეს ან რატომ უნდათ ჩემთან დაკავშირება-მეთქი. ღამის პირველი საათისთვის უფრო ვრცელი წერილი მივიღე. გაირკვა, რომ ისრაელში „ფორბსის“ თაოსნობით იმართებოდა 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდების სამიტი, რომელზეც 600-ზე მეტი წარმატებული ახალგაზრდა მოიყრიდა თავს. თურმე, უნდოდათ, რომ ერთ-ერთი მომხსენებელი ვყოფილიყავი. მომხსენებელი?! მე ხომ სამიტში მონაწილეობაზეც ვერ ვიოცნებებდი! რამე ხომ არ ეშლებათ? იქნებ ვინმე სხვა ნინოს ეძებენ? ჩვენთან ხომ ამდენი ნინოა...“

„თავისუფლების დღიურების“ პრეზენტაცია
„თავისუფლების დღიურების“ პრეზენტაცია

დღიურები არასოდეს დაუწერია მხატვარ ნინო კუპრავას და ეს ამბავი მისთვის ამითაც გახდა საინტერესო:

„თავიდან უფრო კარგად დავიწყე, ენთუზიაზმით, მაგრამ მერე ცოტა გამიჭირდა, ბოლოსკენ, რეალურ დღეებს რომ დაემთხვა და უნდა დამეწერა, დღეს ესა და ეს მოხდა.. ცოტათი ვიგრძენი, რა არის წერა საკუთარ თავზე და ეს პროცესი იყო ჩემთვის საინტერესო. მოხარული ვიქნები, თუ სხვებისთვისაც ასე აღმოჩნდება“.

წლებია დღიურები არ დაუწერია ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილს და „თავისუფლების დღიურებმა“ ისიც ახალგაზრდობაში დააბრუნა. ჩვენთან საუბარში იხსენებს, უცებ თითქოს რაღაც გამეხსნა, დავჯექი და დავწერე, მაგრამ ახლა რომ ვინმემ მთხოვოს, ალბათ, ვეღარ დავწერო.

ჟურნალისტ ია ვეკუასთვის კი, რომელიც „თავისუფლების დღიურებს“ ნაახალწლევს, იანვრის ბოლო კვირაში წერდა, ამ პროექტში მონაწილეობა ნიშნავდა იმას, რომ ამ გზითაც დარჩება ისტორიაში:

„ამ დღიურებს ხომ ისეთი პროექტისთვის ვწერთ, რომელსაც ასობით ადამიანი გაეცნობა - მხოლოდ შენს ამბებს კი არა, რაც ხდება იმ დროს შენს გარშემო, შენს ქვეყანაში და მსოფლიოშიც. ასე ხდები ისტორიის ნაწილი. შეიძლება გავიდეს მრავალი წელი და შენი ნალაპარაკევიდანაც მიხვდნენ შორეული შთამომავლები, თუ რა ხდებოდა 2016 წელს“...

„თავისუფლების დღიურები“ კი გრძელდება. წინ ახალი 52 კვირაა, 52 ადამიანის ახალი ამბავი.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG