Accessibility links

თბილისი უკვე დიდი ხანია, რაც ურბანული კატასტროფის წინაშე დგას. პრობლემები, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდებიან დედაქალაქის მცხოვრებლები, ერთი შეხედვით, მხოლოდ ტექნიკური ხარვეზებია, სინამდვილეში კი თითოეული მათგანი, პირველ რიგში, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს. ამ სტატიაში ვისაუბრებ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გვესმოდეს თბილისის ურბანული კატასტროფის პოლიტიკური ხასიათი.

პოლიტიკა თავისი არსით გულისხმობს არასაკმარისი რესურსების ისეთ განაწილებას, როდესაც რომელიმე მხარე მაინც რჩება სხვებთან შედარებით წაგებული. თბილისში არსებული პრობლემებიც იმგვარი ხასიათის არის, რომ მათი მოგვარება აუცილებლად მოითხოვს გარკვეულ მსხვერპლზე წასვლას.

თბილისის პრობლემებია: გადატვირთული ქუჩები და საცობები, მანქანებით ჩახერგილი ტროტუარები და ზოგიერთ შემთხვევაში უტროტუარო ქუჩები, განადგურებული საჯარო სივრცეები, შემცირებული გამწვანება, დაურეგულირებელი მშენებლობები, გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გამონაბოლქვით და მშენებლობების მტვრით დაბინძურებული ჰაერი და ა.შ. სხვადასხვა უბნის მიხედვით, ამ სიისთვის სხვადასხვა ურბანული პრობლემის დამატება შეგვიძლია.

ამ პრობლემების გადაჭრის ტექნიკურ გზებზე მე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს სპეციალისტების - უმთავრესად, ურბანისტების და ეკოლოგების - პრეროგატივაა. ჩემთვის ამ შემთხვევაში მთავარი საკითხი ის არის, რომ მთავრობას, პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას ჯეროვნად გვესმოდეს, რომ პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებების მიღების გარეშე მათი მოგვარება შეუძლებელია.

მაგალითად, იმისათვის, რომ ტროტუარების საკითხი მოგვარდეს, საჭიროა მანქანებს აეკრძალოთ ტროტუარებზე პარკირება. სხვა გამოსავალი ამ პრობლემის გადასაჭრელად არ არსებობს, თუკი ვაღიარებთ იმას, რომ ტროტუარები თავისუფალი უნდა იყოს ფეხით მოსიარულეთათვის და ზოგადად ქვეითებს ქალაქში პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ. (თავისთავად ამგვარი პრიორიტეტის მინიჭებაც უკვე იმას ნიშნავს, რომ ღირებულებით პოლიტიკურ არჩევანს ვაკეთებთ - სხვადასხვა ღირებულებიდან ვირჩევთ ერთს და არა სხვას, კონკრეტული მიზეზების გამო.)

იმისათვის, რომ თბილისში გადაადგილება თავისუფლად შეიძლებოდეს და საცობებში არ დაიხარჯოს ის დრო, რომელიც, წესით, პროდუქტიულად მუშაობას, სწავლას ან დასვენებას უნდა მოხმარდეს, საჭიროა მანქანების რაოდენობის შემცირება. ალტერნატიულ გამოსავლად ზოგიერთი დემაგოგი პოლიტიკოსი გზების გაფართოებას ან ახალი გზების გაყვანას გვისახავს, მაგრამ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ 1) თბილისში, განსაკუთრებით თბილისის ცენტრში, ვერც გზები გაფართოვდება და ვერც ახალი გზები დაიგება, რადგან ფიზიკურად არ არის საკმარისი სივრცე; 2) სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ გზების გაფართოება ბევრ შემთხვევაში პრობლემას კი არ აგვარებს, პირიქით, ამწვავებს (მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, ახალი გზები საცობების წარმოქმნას უფრო ახშირებს, რადგან მეტ ადამიანს უბიძგებს, იმგზავროს ავტომობილით. ამ ფენომენს, როდესაც მოთხოვნა მიწოდების ზრდასთან ერთად იზრდება, ეკონომისტები უწოდებენ „ლატენტურ მოთხოვნას“.

იმისათვის, რომ გამწვანებული საჯარო სივრცეები გვქონდეს, საჭიროა ახალი მშენებლობების შეზღუდვა იმ ადგილებში, სადაც ასეთი სივრცეების დეფიციტია. ასევე, საჭიროა ახალი სკვერებისა და პარკების გაშენება კომერციული, ინდუსტრიული ან საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობების შემცირების ხარჯზე. ცხადია, რომ ამის გაკეთება კონკრეტულ ინტერესებს დააზარალებს, მაგრამ სხვა მდგრადი გამოსავალი - ისეთი, რომ ამით ყველა თანაბრად კმაყოფილი დარჩეს, არ არსებობს.

იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარდეს, საჭიროა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან მეტი თანხა გამოიყოს ამ მიმართულებით; ასევე, მაგალითად, ზოგიერთ ქუჩებზე ავტობუსებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი სამოძრაო ზოლი, რაც ავტომობილების მძღოლებს დააზარალებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ავტობუსებით გადაადგილებას უფრო მიმზიდველს გახდის. ევროპის ბევრ ქალაქში ავტომობილებზე გარკვეული სახის გადასახადებია დაწესებული, რაც შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ქალაქის ეკოლოგიურ განვითარებას ხმარდება. მაგალითად, გერმანიაში არსებობს გადასახადი მოტორიზებულ სატრანსპორტო საშუალებებზე (Kraftfahrzeugsteuer), რომელსაც იხდიან ავტომობილების მფლობელები იმის მიხედვით, თუ რამხელაა მათი მანქანების ძრავის მოცულობა და რამდენ ნახშირორჟანგს გამოყოფს მანქანა ატმოსფეროში. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასთან ერთად, ევროპის ზოგიერთ ქალაქში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ველოტრანსპორტის განვითარებას (რაზეც ორი წლის წინ ბლოგიც დავწერე) . მაგალითად, ბარსელონაში საზიარო ველოსიპედების სისტემა ფინანსდება მანქანების პარკირებისგან შემოსული გადასახადებით.

მსგავსი ურბანული პრობლემებისა და მათი პოლიტიკური გადაჭრის გზების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ. წესით, უკვე ისედაც ცხადი უნდა იყოს, რომ ამ ჩავარდნების მოგვარება შეუძლებელია გარკვეულ სიამოვნებებზე უარის თქმის გარეშე. რა თქმა უნდა, კერძო ავტომობილით გადაადგილება არის სიამოვნება, მაგრამ შეუძლებელია ამ სიამოვნების შეუზღუდავად გამოყენება - ისე, რომ ქალაქი ურბანული კატასტროფის წინაშე არ დავაყენოთ (როგორი კატასტროფის წინაშეც ახლა დგას თბილისი). ამიტომ, მოცემულ რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ და გვეყოს იმის პასუხისმგებლობა და გამბედაობა, რომ რადიკალური ნაბიჯები გადავდგათ. თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, დანარჩენი უკვე ტექნიკური პრობლემებია, რომლებსაც სპეციალისტები მიხედავენ. თუ სპეციალისტების ნაკლებობა გვექნება, არც სხვა ქვეყნებიდან მათი მოწვევა უნდა მოგვერიდოს. სხვა შემთხვევაში, თბილისში ცხოვრება დაემსგავსება ურბანულ ჯოჯოხეთში ტანჯვას, რისკენაც ძალიან ჩქარი ტემპებით მივექანებით.

XS
SM
MD
LG