Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეზოლუციას - კი, წერეთელს - არა


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია

5 ივლისს დეკლარაციის მიღებითა და პრეზიდენტის არჩევით დასრულდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია, რომელსაც თბილისი ხუთი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. დელეგატებმა 86 ხმით საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს ავსტრიელი დეპუტატი ხრისტინე მუტონენი. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა კი, გიგი წერეთელმა, 73 ხმა მიიღო. ქართველი დეპუტატის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევას აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებმაც სესიის მსვლელობისას შესაბამისი შინაარსის არაერთი მიმართვა გაავრცელეს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ასარჩევად მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა, მათ შორის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ, მხარი დაუჭირეს ავსტრიელ დეპუტატს ხრისტინე მუტონენს და არა გიორგი წერეთელს.

„გიორგი წერეთელი არ ყოფილა წარმოდგენილი ეროვნული კვოტით. ის იყო წარმოდგენილი „სახალხო პარტიის“ მიერ, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ერთი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ „სახალხო პარტიასა“ და რუსეთის დელეგაციას შორის არსებობდა მოლაპარაკება, მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობაზე. სახალხო პარტიელების მიერ წარმოდგენილი სხვა რეზოლუციებიც ამაზე მეტყველებს... მნიშვნელობა ამას ჰქონდა. ვფიქრობ, რომ არა ეს, მუტონენი პირველივე ტურში გაიმარჯვებდა“, განაცხადა გია ვოლსკიმ.

დაახლოებით იგივე იქნებოდა, რომ გაეროს ხელმძღვანელად ვინმეს ბერია დაესახელებინა და საქართველოს მხარი დაეჭირა იმიტომ, რომ ის ქართველია...
მანანა კობახიძე

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა სესიის მსვლელობისას გაავრცელეს რამდენიმე განცხადება და მოუწოდეს დელეგატებს არ დაეჭირათ მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლისათვის. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, მეტი დამაჯერებლობისთვის, ასეთი არგუმენტიც კი მოიტანა:

„დაახლოებით იგივე იქნებოდა, რომ გაეროს ხელმძღვანელად ვინმეს ბერია დაესახელებინა და საქართველოს მხარი დაეჭირა იმიტომ, რომ ის ქართველია“.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა შეულახავს რეპუტაციას იმ პრესტიჟულ ორგანიზაციას, რომელიც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე მეთვალყურეთა მასშტაბური დელეგაციის გამოგზავნას აპირებს. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძეც ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობამ გიგი წერეთლის წინააღმდეგ გაილაშქრა, იყო ეჭვი კანდიდატის პოლიტიკური მიკერძოების თაობაზე.

„შესაძლოა, ეს ეჭვი ემყარებოდა გარკვეულ საფუძვლებს, რადგანაც გიგი წერეთელს აქვს გარკვეული კავშირები ეუთოში, სადაც ის ორჯერ ზედიზედ იქნა არჩეული ვიცე-პრეზიდენტად და ბუნებრივია, რომ მჭიდრო კავშირები ექნება და, შესაძლოა, ეს კავშირები გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველის ძალზე მნიშვნელოვანი არჩევნები, სადაც ეუთო იქნება ერთ-ერთი დამკვირვებელი“, უთხრა ზაალ ანჯაფარიძემ რადიო თავისუფლებას.

ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ასევე შესაძლებელია, რომ გიგი წერეთლის არჩევა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოეჩინა მორიგ გამარჯვებად და პარტიის საერთაშორისო ავტორიტეტის დადასტურებად, რასაც ბოლო წლებია ენერგიულად ეწინააღმდეგება მმართველი კოალიცია, რომელიც თავის მთავარ ოპონენტს ბრალს სდებს მმართველობის პერიოდში ჩადენილ არაერთ დანაშაულში. პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ეჭვობს, რომ „ქართული ოცნების“ არგუმენტები გასაგები და მისაღები ყოფილიყო ევროპელი პოლიტიკოსებისთვის.

„იმათთვის აბსოლუტურად გაუგებარია ვითარება, როდესაც თუნდაც ოპოზიციური დეპუტატის მიმართ იყოს იმ ტიპის აგრესია, რაც გამოავლინა „ქართულმა ოცნებამ“. თუ ის დამნაშავეა, მაშინ რატომ ზის პარლამენტში? და თუ პარლამენტშია, მაშინ რატომ არის ასეთი აგრესია? - ეს ამოუხსნელია ევროპული ლოგიკისთვის. პოლიტიკოსებს უნდა შეეძლოთ თავის გადაწყვეტილებებში ემოციური და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების გარჩევა ერთმანეთისგან“, უთხრა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ეს იყო შანსი საქართველოსთვის, რათა ამხელა დონეზე, საერთაშორისო მასშტაბით, მთელი სიმწვავით დამდგარიყო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები: ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, დევნილთა დაბრუნება, სუვერენიტეტის საკითხი ...
გიორგი კანდელაკი

არჩევნების დასრულების შემდეგ თავად გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ არ აპირებს ცხელ გულზე განცხადებების გაკეთებას და ვინმესთან ანგარიშის გასწორებას, თუმცა წერეთლის კოლეგამ გიორგი კანდელაკმა შენიშნა, რომ მმართველმა კოალიციამ საქართველოს დააკარგვინა შანსი, უკეთესად დაეცვა თავისი ეროვნული ინტერესები:

„ეს იყო შანსი საქართველოსთვის, რათა ამხელა დონეზე, საერთაშორისო მასშტაბით, მთელი სიმწვავით დამდგარიყო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები: ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, დევნილთა დაბრუნება, სუვერენიტეტის საკითხი... მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც ჩვენი მთავრობისთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვიწრო პარტიული ინტერესი, ვიდრე ქვეყნის ინტერესი“.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ბოლო პლენარულ სხდომაზე 122 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაამტკიცა საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი „კონფლიქტი საქართველოში“, რომლითაც „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და მიწაყრილების აღმართვის პროცესს, რითაც ხდება ადგილობრივი მოსახლეობის ერთმანეთისგან გაყოფა და მათი ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების ხელყოფა. როგორც რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი სულ 19 პუნქტისგან შედგება:

„აქვს თუ არა ამ დოკუმენტს იურიდიული ძალა? არა! ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია და მას აქვს პოლიტიკური ძალა! ამ რეზოლუციის გამო რუსები ხვალ ჯარებს არ გაიყვანენ ცხინვალიდან და სოხუმიდან, მაგრამ ამ რეზოლუციის გამო მათ ექნებათ პრობლემები შემდგომი აგრესიული ნაბიჯების გადადგმისას. და კიდევ, მსოფლიო იქნება უფრო მეტად საქართველოს მხარდამჭერი კონტრზომებში, რაც ჩვენგან არის მისაღები“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG