Accessibility links

ბელგიის დედაქალაქის ცენტრალურ რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში ატარებდა საგამოძიებო მოქმედებებს, რათა უზრუნველეყო სიმშვიდე და აღეკვეთა შესაძლო გაგრძელება იმ ინციდენტისა, რომელიც 20 ივნისს ღამით მოხდა.

ბრიუსელის პოლიციამ ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე გაანეიტრალა მამაკაცი, რომელსაც თვითმკვლელის ქამარი ეკეთა და, თვითმხილველთა განცხადებით, შეძახილით „ალაჰუ აკბარ“, შეიჭრა რკინიგზის სადგურში. ინციდენტი სამშაბათს, ევროპის დროით საღამოს 20:30 წუთზე, მოხდა. აფეთქების უშედეგო მცდელობის შემდეგ უსაფრთხოების ძალების წევრმა ადგილზევე მოკლა სავარაუდო თვითმკვლელი მოიერიშე, რომლის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ 20 ივნისის ტერაქტის მცდელობას მსხვერპლი არ მოჰყოლია, პოლიციის ბრძანებით შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა და სასწრაფოდ ევაკუირებულ იქნენ ის მოქალაქეები და ტურისტები, რომლებითაც ზაფხულის სეზონში განსაკუთრებით სავსეა ხოლმე ბრიუსელის ცენტრი „გრან პლაცი“, 400-500 მეტრით დაშორებული ბრიუსელის რკინიგზის ცენტრალური სადგურისგან.

„ჩვენ ამ ინციდენტს განვიხილავთ ტერორისტულ აქტად“, - განაცხადა კონტრტერორისტული სამსახურის პროკურორმა ერიკ ვან დერ სიპტმა, რომელმაც თავი აარიდა კომენტარებს თვითმხილველების ჩვენებაზე, რომ სავარაუდო თვითმკვლელი მოიერიშე რკინიგზის სადგურში შეიჭრა ძახილით „ალაჰუ აკბარ“.

უსაფრთხოების ექსპერტები აცხადებენ, რომ სამშაბათის ინციდენტი ჰგავს „მარტოხელა მგლების“ მიერ მანამდე მოწყობილ თავდასხმებს, რომელთაც ადგილი ჰქონდა პარიზში, მიუნხენში, ლონდონსა და ევროპის სხვა ქალაქებში. „მარტოხელა მგლებს“ უწოდებენ რადიკალურ ისლამისტურ ელემენტებს, რომლებსაც არა აქვთ გავლილი სპეციალური მომზადება და არ მიუწვდებათ ხელი დიდ შეიარაღებასა და ასაფეთქებელ მოწყობილობაზე.

20 ივნისის ტერაქტის მცდელობის შემდეგ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა საგანგებო თათბირი გამართა და ოთხშაბათისათვის ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა. ბელგიის ხელისუფლების განკარგულებით, ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეორედ გამოცხადდა ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი საფეხური. პირველად ეს მოხდა შარშან 22 მარტს. მაშინ 34 კაცი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა ბრიუსელის „ზავენტემის“ აეროპორტსა და მეტროს სადგურ "მაალბეკის“ ერთი საათის ინტერვალით მომხდარი მძლავრი აფეთქებების შედეგად. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“, რომლის წარმომადგენელთა განცხადებით, იერიშები მისმა მებრძოლებმა სპეციალური ასაფეთქებელი ქამრებით განახორციელეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა მოიერიშეების ვინაობაც.

ბრიუსელი
ბრიუსელი

თვითმკვლელები აღმოჩნდნენ ძმები ხალიდ და ბრაჰიმ ბაქრაუიები. პოლიციამ დაადგინა, რომ მათ კავშირი ჰქონიათ სალაჰ აბდესლამთან, პარიზში მომხდარი საზარელი თავდასხმების ერთ-ერთ ორგანიზატორთან.

ბელგიის პოლიციამ აბდესლამი ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებამდე 4 დღით ადრე, 2016 წლის 18 მარტს, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დააკავა ბრიუსელის გარეუბან მოლენბეკში. სროლის შედეგად დაჭრილი ორი პირიდან ერთი სწორედ სალაჰ აბდესლამი აღმოჩნდა, ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი 2015 წლის ნოემბერში პარიზში მოწყობილ ტერაქტებში, რომელთა დროსაც 130 კაცი დაიღუპა.

22 მარტის ტერაქტების შემდეგ ევროკავშირის ინსტიტუტების, ნატოს შტაბბინის, სამთავრობო შენობების, საელჩოებისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების დასაცავად ბელგიის დედაქალაქში დამატებითი სამხედრო ძალა გაიგზავნა, რომელიც დღემდე რჩებოდა და 20 ივნისის არშემდგარი ტერაქტის შემდეგ, ალბათ, კვლავ დიდი ხნით დარჩება ბრიუსელში. სხვათა შორის, სწორედ ერთ-ერთი ასეთი სამხედრო პატრულის წევრმა მოკლა ჯერჯერობით დაუდგენელი ტერორისტი, რომელიც ბრიუსელის ხალხმრავალ რკინიგზის ცენტრალურ სადგურში („კარე სენტრალში“) 20 ივნისის საღამოს შეეცადა ასაფეთქებელი ქამარი მოქმედებაში მოეყვანა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG