Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერეზა მეის რჩევა რუსეთის თაობაზე: „ელაპარაკე, მაგრამ უფრთხილდი“ 


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ აშშ-მა და ბრიტანეთმა ისე უნდა შეინარჩუნონ მსოფლიოს ლიდერობა, რომ ბოლო მოუღონ სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევას. რაც შეეხება ურთიერთობას რუსეთთან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დასავლეთი რუსეთს კვლავაც ძალის პოზიციიდან უნდა ელაპარაკოს, თუმცა თავიდან უნდა აირიდოს მოსკოვთან კონფრონტაცია.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე, 26 იანვარს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ფილადელფიაში რესპუბლიკელი კანონმდებლების თავყრილობაზე გამოვიდა სიტყვით და რამდენიმე მნიშნელოვან საერთაშორისო საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი დარწმუნებულია, რომ აშშ-მა და ბრიტანეთმა უნდა შეინარჩუნონ მსოფლიოს ლიდერობა, თუმცა უნდა დასრულდეს სხვა ქვეყნების შინაურ საქმეებში ჩარევისა და ძვირად ღირებული ომების წარმოების დრო:

„დასრულდა ის პერიოდი, როდესაც ბრიტანეთი და ამერიკა ერეოდნენ სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში იმ განზრახვით, რომ მსოფლიო ჩვენი მსგავსი გამხდარიყო. მაგრამ ჩვენ ვერც იმის უფლებას მივცემთ საკუთარ თავს, რომ უმოქმედოდ ვიყოთ, როდესაც საფრთხე რეალურია და როდესაც ჩარევა ჩვენს ინტერესებშია“.

6 იანვარს, ფილადელფიაში სიტყვით გამოსვლის დროს, ტერეზა მეი გამოეხმაურა რუსეთთან ურთიერთობასაც და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებების დროს საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას სურს რუსეთთან „ძალზე გაფუჭებული“ ურთიერთობის მოწესრიგება, 28 იანვარს კი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი სატელეფონო საუბარს გამართავენ.

„ელაპარაკე, მაგრამ უფრთხილდი“, - ეს არის ჩემი რჩევა პუტინთან დაკავშირებით“, - განაცხადა ტერეზა მეიმ, რომელმაც პერიფრაზი გაუკეთა ცნობილ გამოთქმას „ენდე, მაგრამ შეამოწმე“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი იყენებდა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვთან ურთიერთობისას. თუმცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც აცხადებს, რომ დასავლეთმა უნდა შეძლოს რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან აცილება და ცივი ომის პერიოდში დაბრუნება.

„დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფლიქტი არანაირად არ არის შეუქცევადი და არც ცივი ომის დღეების დაბრუნებაა გარდაუვალი. რუსეთს ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ძალის პოზიციიდან, განსაკუთრებით ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ უნდა დავარწმუნოთ რუსეთის მეზობელი ქვეყანა, რომ მისი უსაფრთხოება არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. მაგრამ ეს კავშირები, ურთიერთობათა სისტემა და პროცესები ისე უნდა წარვმართოთ, რომ თანამშრომლობა უფრო შესაძლებელი გახდეს, ვიდრე კონფლიქტი“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG