Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ერთმანეთს ხვდებიან რუსეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები


რექს ტილერსონი, სერგეი ლავროვი
რექს ტილერსონი, სერგეი ლავროვი

მოსკოვში მიმდინარეობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის შეხვედრა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან სერგეი ლავროვთან. ტილერსონის ვიზიტის ფონს ქმნის დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის გამწვავება მას შემდეგ, რაც სირიაში, სავარაუდოდ, სამთავრობო ჯარებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს და აშშ-მა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა სირიის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე.

მოსკოვში ვიზიტამდე ტილერსონმა კრემლს მოუწოდა, შეწყვიტოს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 11 აპრილს იტალიაში, „დიდი შვიდეულისა“ და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოსვლისას, რუსეთს მოუწოდა, მხარში ამოუდგეს შეერთებულ შტატებს სირიის კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

ლავროვთან შეხვედრის დაწყებამდე ტილერსონმა განაცხადა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთკავშირის არხები მუდამ ღია იქნება. მისივე თქმით, ვაშინგტონის სურვილია, განსაზღვროს რუსეთთან საერთო ინტერესების სფერო და დაადგინოს, რამდენად რეალისტურია არსებულ უთანხმოებათა ხარისხის შემცირება. ტილერსონი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი წევრია, რომელიც მოსკოვს სტუმრობს. გუშინ, იტალიის ქალაქ ლუკაში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების საკითხზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG