Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თირის მონასტერში ფრესკების ნაწილი გადალესეს


თირის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერში ფრესკების ნაწილი გადალესეს. მეცამეტე საუკუნის ძეგლზე დაწყებული სარემონტო სამუშაოების შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივ ეპარქიაში არაფერი იცოდნენ. ამჟამად სამუშაოები უკვე შეჩერებულია, მაგრამ, ადგილობრივი სპეციალისტების თქმით, მშენებლებმა ძეგლს ზიანი უკვე მიაყენეს. თირის მონასტერი ცხინვალიდან 5 კილომეტრის მოშორებით, თამარაშენის ზევით, სოფელ მონასტერთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. მონასტერში შემონახულია მეთხუთმეტე საუკუნის ფრესკების ფრაგმენტები. კედლებზე ისევ ჩანს ქართული წარწერები. მონასტერი დაზიანებულია, ამიტომ დე ფაქტო რესპუბლიკის მშენებლობის სამინისტრომ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში სარემონტო სამუშაოები დაიწყო, თუმცა იქ სპეციალისტები არ მიუწვევია. მონასტერში იმყოფებოდა ინტერნეტგამოცემა „სპუტნიკის“ ჟურნალისტი დიანა კოზაევა, რომელმაც ასე აღწერა საკუთარი თვალით ნანახი:

„მუშებმა ეკლესიის შიგნით ხარაჩოები აღმართეს და კედლებს ლესავენ. გადალესილია მე-15 საუკუნის ფრესკების ზედაპირიც. ერთი შეხედვით, ისინი არაფრით განსხვავდებოდნენ იმ ბრიგადების მშენებლებისგან, რომლებსაც სხვა ნებისმიერ სამშენებლო ობიექტებზე შეხვდებით“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მიზნით და ვისი შეკვეთით მიმდინარეობდა სამუშაოები, მუშებმა უპასუხეს, რომ საქმის კურსში იყო ცხინვალის ეკლესია. ამის შემდეგ კოზაევა დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში წავიდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ არავინ არაფერი იცოდა. ადგილობრივმა ძეგლთა დამცველებმა სასწრაფოდ მონასტერს მიაშურეს. კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ნელი თაბოევა ჩვენს რადიოსთან საუბარში ამბობს, რომ ფრესკების ნაწილი უკვე წაშალეს და ამის გამო მან ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. გაირკვა, რომ, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, ეკლესია-მონასტრების შეკეთებაც ჩვეულებრივ სამშენებლო კომპანიებს დაავალეს. თირის მონასტერში კომპანია „უიუტი“ მუშაობს. ნელი თაბოევა ამბობს, რომ ამ საქმისთვის გამოყოფილი 10 მილიონი რუბლი მხოლოდ კონსერვაციის სამუშაოებისთვისაც არ არის საკმარისი, მუშებმა კი პირდაპირ ლესვა დაიწყეს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე დე ფაქტო ხელისუფლება ქართველ სპეციალისტებს არ უშვებს და ამ ძეგლებს სამხრეთ ოსეთის საკუთრებად აცხადებს. ვახუშტის მიხედვით, „თამარაშენს ზეით ერთვის თირის მონასტრის ხევი. ამის დასავლეთით არს მთაში თირის მონასტერი, უგუმბათო, არამედ ფრიად კეთილშენი, კეთილს ადგილს“. ისტორიული სახელწოდება „თირი“, როგორც ჩანს, მომდინარეობს ამ ადგილებში არსებული ქარაფების ძველი სახელწოდებიდან. თირის კლდე იგივე ქვიშაქვის კლდეა. სულხან-საბას განმარტებით, „თირი არს კლდე ლბილი და ადვილ სათლელი“. დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელს ბადრი გასპაროვს არ სჯერა, რომ მონასტერში ფრესკები დაუდევრობით იქნა წაშლილი. მისი ინფორმაციით, ლიახვის ხეობაში ქართულ კვალს მიზანმიმართულად შლიან.

თირის მონასტერში ჩასულმა ოსმა ისტორიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ მშენებლებს ხეებიც მოუჭრიათ, ხოლო მე-16 საუკუნის სამრეკლოს იატაკი, უბრალოდ, ბეტონით ამოუვსიათ. ადგილობრივმა ისტორიკოსებმა სამართალდამცავებს უკვე მოსთხოვეს ვითარების გარკვევა, თვითონ კი შეიტყვეს, რომ სამშენებლო კომპანია „უიუტისთვის“ პროგრამის ფარგლებში სარემონტოდ კიდევ ოთხი ეკლესია გადაუციათ. მათ შორისაა იკორთის მე-12 საუკუნის ტაძარიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG