Accessibility links

ტყის რესურსის არასწორი გამოყენება და გამოსავლის გზები იმერეთში


მუხა, რცხილა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, წაბლი, ძელქვა, აკაცია და ევკალიპტი ხის ის ჯიშებია, რომლებიც იმერეთის რეგიონის ტყეებში ყველაზე მეტადაა გავრცელებული. ბოლო მონაცემებით, რეგიონის ტერიტორიის 54 %-ია ტყით დაფარული და რეგიონის ტყის ფონდის ფართობი 353 500 ჰექტარია, რაც საქართველოს ტყის 12 %-მდეა. ტყეს იმერეთის მუნიციპალიტეტებში, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით, ძირითადად ენერგეტიკულ და სამასალე რესურსად იყენებენ და მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის დიდი ნაწილი გაზიფიცირებულია, სოფლად მცხოვრები ოჯახების უმეტესობა სათბობად შეშას მოიხმარს, საშეშე მერქნის ყიდვას ამჯობინებს გაზიფიცირებული ქალაქების მოსახლეობის ნაწილიც და ამბობს, რომ ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის მოხმარება მათთვის დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის, განცხადებით, ტყის რაციონალურად გამოყენებას და ხე- ტყის რესურსის ეფექტურად მართვას დაარეგულირებს ტყის კოდექსის ახალი კანონი, რომლის პროექტი ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად განიხილება და რომელიც საშემოდგომო სესიაზე მიეწოდება პარლამენტს. გივი ჭიჭინაძე, ამავე დროს, აუცილებელად მიიჩნევს სოფლების გაზიფიცირებას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შეშის მოხმარებას. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ტყისადმი არასწორი დამოკიდებულებისა და მოსახლეობის მიერ ტყის მხოლოდ საშეშე მერქნად აღქმის გამო, არასახარბიელო მდგომარეობაშია იმერეთის რეგიონის ტყის მასივებიც.

ტყის მართვის სპეციალისტ პაატა ტორჩინავას ინფორმაციით, საქართველოს მერქნის ბაზრის პოტენციალის კვლევის მიხედვით, რომელიც 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, საშეშე და სამასალე მერქნის მოთხოვნისა და მიწოდების მონაცემები დაუბალანსებელია. პაატა ტორჩინავასვე განცხადებით, დიდია სხვაობა კანონიერად და უკანონოდ მოჭრილ მერქანს შორის. კვლევის მიხედვით, 2014 წელს დამზადებული ხე-ტყის 75 % უკანონოდაა მიჩნეული.

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის სპექტრის ეკოლოგიური პროგრამების ხელმძღვანელის, ლალი გამყრელიძის, განცხადებით, ტყის შენარჩუნებისთვის ტყის ახალი კოდექსის მიღებასთან ერთად აუცილებელია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს რეგიონების მოსახლეობის ალტერნატიული საწვავით მომარაგებას.

სპეციალისტების განცხადებით, ტყის ახალი კოდექსის მიღება და კანონის პრაქტიკაში აღსრულება, ეროვნული სატყეო კონცეფციისა და სატყეო სექტორის სტრატეგიის ამოქმედება, რომლებიც, თავის მხრივ, სატყეო რეფორმის აუცილებელი მდგენელებია, ხელს შეუწყობს საქართველოს ტყისა და მისი ბიომრავალფროვნების შენარჩუნებას. ტყის მართვის სპეციალისტების აზრით, ტყის ფონდის დასაცავად ასევე აუცილებელია დაცული ტერიტორიების ფართობის გაზრდა, რადგან ამჟამად საქართველოს დაცული ტერიტორიები მთლიანი ტყის ფართობის 8,5 %-ია, ეკოსისტემის შესანარჩუნებლად კი, ევროკავშირის რეკომენდაციით, 17 % უნდა იყოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG