Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევმა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ტყვეები გაცვალეს


ტყვეების გაცვლა
ტყვეების გაცვლა

უკრაინაში, „მაიორსკოიეს“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე და დონეცკის ოლქში, გორლოვკის სიახლოვეს, უშუალოდ სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ორ ეტაპად გაიმართა პატიმართა გაცვლის მასშტაბური ოპერაცია უკრაინასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის. ამ ოპერაციას კიევში უწოდებენ ერთ-ერთ უმთავრეს შედეგს გასულ წელს მინსკში გამართული მოლაპარაკებებისა და აღნიშნავენ, რომ თავისი მიზნების მისაღწევად პატიმართა გაცვლას „მწვანე შუქი“ აუნთო რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.

ომის შედეგები უკრაინაში

  • აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები პოროშენკოს მთავრობის ძალებს ებრძვიან. 2014 წლის აპრილიდან ამ ომს 10 300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
  • კიევის მონაცემებით, დონბასში, იმ ადგილებში, რომლებსაც უკრაინის მთავრობა ვერ აკონტროლებს, კვლავ ტყვეობაში რჩება 100-მდე პირი და მათგან ბევრის ადგილმდებარეობა უცნობია.

თავდაპირველად დაგეგმილი 306 პატიმრის ნაცვლად, უკრაინამ თვითგამოცხადებული ერთეულების წარმომადგენლებს გადასცა 238 პირი - დანარჩენებმა, ვინც მინსკში მანამდე დამტკიცებულ სიაში იყო, უარი თქვეს გაცვლაზე. მათგან 40-ზე მეტმა მოიხადა უკრაინის სასამართლოების მიერ დაკისრებული სასჯელები და არ გამოცხადდა გაცვლის ოპერაციაზე. ლუგანსკისა და დონეცკიდან უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაბრუნდა 74 პირი - როგორც დაგეგმილი იყო. კიევის მონაცემებით, დონბასში, იმ ადგილებში, რომლებსაც უკრაინის მთავრობა ვერ აკონტროლებს, კვლავ ტყვეობაში რჩება 100-მდე პირი და მათგან ბევრის ადგილმდებარეობა უცნობია.

გათავისუფლებულ უკრაინელებს შორის არიან ვლადისლავ ოვჩარენკო და არტიომ ახმეროვი, ლუგანსკის საფეხბურთო კლუბ „ზარიას“ რადიკალი მხარდამჭერი; 63 წლის თეოლოგი, იგორ კოზლოვსკი; ბლოგერი ედუარდ ნედელიაევი. გათავისუფლდა აგრეთვე მეომარი ალექსეი კირიჩენკო, რომელიც 2014 წლის აგვისტოს შემდეგ რჩებოდა ტყვეობაში.

ყოფილ პატიმრებს გათავისუფლება მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ.

პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო

გასაცვლელი ტყვეების საბოლოო სიები შეთანხმდა სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე 20 დეკემბერს მინსკში უკრაინის ხელისუფლებასა და დონბასელ სეპარატისტებს შორის.

გაცვლის ბოლო ოპერაცია 15 თვის წინ გაიმართა. მას შემდეგ ახალი მცდელობები მუდმივად იბლოკებოდა. სეპარატისტები უკრაინას მიუღებელ პირობებს უყენებდნენ - მაგალითად, გათავისუფლებას მილიციის ყოფილი სპეცდანაყოფის, „ბერკუტის“, თანამშრომლებისა, რომლებსაც დაახლოებით ოთხი წლის წინ მეიდანზე მიმდინარე აქციების მკვლელობა ედებათ ბრალად.

ტყვეთა გაცვლის პროცესში მოულოდნელი პროგრესი 15 ნოემბერს გამოიკვეთა. მოლაპარაკებებს შეუერთდა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, რომელსაც, ტელეკამერებისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის, პატრიარქ კირილეს, თანდასწრებით, ახალი იერუსალიმის მონასტერში მიმართა ვიქტორ მედვედჩუკმა, ხელმძღვანელმა მოძრაობისა „უკრაინის არჩევანი - ხალხის უფლება“.

გასაგებია, რომ დონეცკსა და ლუგანსკში მარიონეტები სხედან და რუსეთის პრეზიდენტი, ფაქტობრივად, საკუთარ თავთან მართავს მოლაპარაკებას. მაგრამ ჩვენთვის მთავარი შედეგია“, - უთხრა მაშინ უკრაინის ერთ-ერთ ტელეარხს უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მრჩეველმა...
იური ტანდიტი

ამის შემდეგ კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა სეპარატისტთა ლიდერებს, რომლებიც მყისიერად დათანხმდნენ ტყვეთა გაცვლაზე.

„გასაგებია, რომ დონეცკსა და ლუგანსკში მარიონეტები სხედან და რუსეთის პრეზიდენტი, ფაქტობრივად, საკუთარ თავთან მართავს მოლაპარაკებას. მაგრამ ჩვენთვის მთავარი შედეგია“, - უთხრა მაშინ უკრაინის ერთ-ერთ ტელეარხს უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მრჩეველმა, იური ტანდიტმა.

ტელეკამერების წინ მანამდე გათამაშებულ სცენაზე საუბრისას ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ მოსკოვს სჭირდება ახალი ჰუმანიტარული სამშვიდობო ინიციატივები, რათა დასავლეთს აჩვენოს, რომ ის მხარს უჭერს დონბასში ვითარების სამშვიდობო მოგვარებას.

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები პოროშენკოს მთავრობის ძალებს ებრძვიან. 2014 წლის აპრილიდან ამ ომს 10 300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ამასთან, რუსეთმა მოახდინა უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG