Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თომას ჰამარბერგის ახალი მისია საქართველოში


თომას ჰამარბერგი
თომას ჰამარბერგი
საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესებს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში თომას ჰამარბერგი დააკვირდება - ამჯერად უკვე როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში. როგორც ცნობილია, ჰამარბერგი ამ სტატუსით საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით, ასევე ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის კეთრინ ეშტონისა და გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის შტეფან ფიულეს თხოვნით იმყოფება. ჰამარბერგი ამბობს, რომ ის საქართველოში მიმდინარე პროცესებს ისევე კრიტიკულად შეაფასებს, როგორც ამას ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის რანგში აკეთებდა. 5 მარტს თომას ჰამარბერგი პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს შეხვდა.

თომას ჰამარბერგმა 5 მარტს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდგომ, თქვა, რომ მას ცოტა დრო დასჭირდა მოსაფიქრებლად, წამოსულიყო თუ არა კვლავაც საქართველოში ახალი მისიით და ვითარება ადგილზე შეეფასებინა. ”მე ვიცნობ ამ ქვეყნის პრობლემებს, არაერთი ანგარიში მომიმზადებია და მოხარული ვიქნები ამჯერადაც გავუწიო მას დახმარება”, - განაცხადა თომას ჰამარბერგმა:

”მე კრიტიკული ვიქნები, როგორც ყოველთვის. მე მექნება დრო, რომ შევხვდე როგორც მინისტრებს, ისე სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს. საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მიმაჩნია, რომ იმ პრობლემების მოგვარება, რაზეც პარლამენტში და მის გარეთ მიდის დებატები, შესაძლებელია. ახლა მართლაც ის დროა, როცა საქართველოს შეუძლია წინ იაროს დემოკრატიისკენ, სადაც ადამიანის უფლებები არის ნამდვილად დაცული”.

თომას ჰამარბერგი და მაია ფანჯიკიძე
თომას ჰამარბერგი და მაია ფანჯიკიძე
ევროკავშირის სპეციალური კონსულტანტისგან კრიტიკის მოსასმენად მზადაა პრემიერი ივანიშვილიც:

”ეს ჩვენი მეორე შეხვედრა იყო ბატონ ჰამარბერგთან. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს მოვისმინოთ მისი ობიექტური პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“.

მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ, თომას ჰამარბერგმა უფრო დააზუსტა საქართველოში თავისი ვიზიტების მიზანი და განრიგიც:

”მე საქართველოში ჩამოვედი ევროკავშირის თხოვნით, რათა ოთხი თვის განმავლობაში ვიმუშაო და შევაფასო რეფორმების ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ქვეყანაში, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებები, ცვლილებები სასამართლო სისტემასა და, ზოგადად, ადამიანის უფლებების სფეროში. ამ ოთხი თვის განმავლობაში თვეში ერთხელ ათ-ათი დღით ჩამოვალ ხოლმე და შევხვდები შს, იუსტიციის და სხვა მინისტრებს, ასევე პროკურორს. შეხვედრები მექნება სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. ცხადია, ამ ყველაფრის მთავარი მიზანია საქართველოს დახმარება - რომ ის, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, კიდევ უფრო განვითარდეს. უკვე რამდენიმე მინისტრს ვესაუბრე და ვფიქრობ, ეს ის დროა, როცა საქართველომ კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს დემოკრატიული ღირებულებები და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს. ჩემი აზრით, ეს სწორედ ისაა, რაც ყველას სურს საზოგადოებაში”.
დღეს საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს - და, მათ შორის, პრემიერსაც - გამოცდილების მწვავე ნაკლებობა აქვთ და, საერთოდ, ადეკვატური აღქმა იმისა, თუ რაში მდგომარეობს პოლიტიკური კონკურენციის ძირითადი წესები დემოკრატიულ საზოგადოებაში...
გიორგი კანდელაკი

თომას ჰამარბერგმა განაცხადა, რომ მისი მუშაობის პროცესი იქნება გამჭვირვალე და განცხადებებს თავისი დაკვირვებების შესახებ ყოველი ვიზიტის შემდგომ გააკეთებს, რაც მისი მისიის ბოლოს შემაჯამებელი ანგარიშით დასრულდება - თუ რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში. მისი ჩართულობა მონიტორინგის პროცესში, მაია ფანჯიკიძის შეფასებით, იქნება მეტად მნიშვნელოვანი.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ თომას ჰამარბერგის მისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და შრომითი ანაზღაურება დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ის არ არის საქართველოს მთავრობის მიერ დაქირავებული ექსპერტი, - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თამარ ჩუგოშვილი და შენიშნავს, რომ მას ამ გარდამავალ პერიოდში საქართველოს მთავრობისათვის ფასდაუდებელი რჩევების მიცემა შეუძლია და, რაც ყველაზე მთავარია, ჰამარბერგის მისია არის ერთგვარი გარანტი, რომ ევროკავშირს მიეწოდოს სწორი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ახალ ხელისუფლებას ნამდვილად წაადგება თომას ჰამარბერგის რჩევები, - ასე შეაფასა ჰამარბერგის ახალი მისია საქართველოში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა:

”დასამალი არ არის, რომ დღეს საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს - და, მათ შორის, პრემიერსაც - გამოცდილების მწვავე ნაკლებობა აქვთ და, საერთოდ, ადეკვატური აღქმა იმისა, თუ რაში მდგომარეობს პოლიტიკური კონკურენციის ძირითადი წესები დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, რაც მეტ საღ აზრს მოისმენს ჩვენი ხელისუფლება საქართველოს მეგობრებისგან და დასავლური ინსტიტუტებისგან, რა არის მიღებული და მიუღებელი, მით უკეთესი ჩვენი ხელისუფლებისთვის”.

თავად თომას ჰამარბერგმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში დღეს არსებული ვითარების შეფასებას ის სუფთა ფურცლიდან არ იწყებს, რადგან, როგორც ევროსაბჭოს ყოფილი ადამიანის უფლებათა კომისარი, კარგად იცნობს საქართველოში არსებულ სირთულეებს და ეს მის ბოლო, 2011 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშშიც აისახა. სწორედ იმდროინდელი რეკომენდაციები იქნება მისთვის ერთგვარი ათვლის წერტილი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG