Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”არა, წამო!” - თბილისში საპროტესტო აქციები გაგრძელდება


საპროტესტო აქცია თბილისში
საპროტესტო აქცია თბილისში
პატიმრების წამების ფაქტების გამჟღავნება თბილისში არაერთი აქციის მიზეზი გახდა. აქციები გაიმართა ფილარმონიის, სახელმწიფო უნივერსიტეტის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, გლდანის მერვე საპყრობილისა და მოდულის შენობებთან. აქციის რამდენიმე ათეული ათასი მონაწილე შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყებას მოითხოვს. სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებენ ისინი აწ უკვე გათავისუფლებულ სასჯელაღსრულების მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს. აქციები 20 სექტემბერსაც გაგრძელდება.

თბილისში საპროტესტო აქციების ტალღა, რომელიც საპატიმროებში წამების ამსახველი კადრების გავრცელებამ გამოიწვია, 12 საათიდან ფილარმონიასთან დაიწყო. რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ მელიქიშვილის გამზირი გადაკეტა:

- სად არის ხალხი? სად არის ხალხი?
- ახლა რომ ხალხი არ გამოვიდეს, ე.ი. მომკვდარა ქვეყანა და ეგ არის.
- აღშფოთებული ვარ იმ სასტიკი მოპყრობით, რაც საპატიმროებში ხდება. ყველა უნდა გამოვიდეს ქუჩაში.
- წუხელ ერთი წუთიც კი არ მძინებია. ასე როგორ შეიძლება, ხალხო?!


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან გათავისუფლება არ კმარა იმ ფაქტების გასაბათილებლად, რომლებიც ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი ალეკო ცქიტიშვილი. ის ფილარმონიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაში იღებს მონაწილეობას. უფლებადამცველი აცხადებს, რომ ხათუნა კალმახელიძემ პასუხი სასამართლოს წინაშე უნდა აგოს:

„’ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის’ სიახლე არ ყოფილა ის, რომ გლდანის ციხეში პატიმრების წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. თუმცა იმ კადრებმა, რაც გუშინ გავრცელდა, რა თქმა უნდა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. და ის, რომ მინისტრი გადადგა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა გაიზიარა ამ ნაბიჯით, ეს არ არის საკმარისი. უნდა მოხდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.“

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებენ აქციის მონაწილეები აგრეთვე შინაგან საქმეთა მინისტრს ბაჩო ახალაიას. მინისტრის გადაყენებისა და მასზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება 19 სექტემბერს გამართული აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ეს მოთხოვნა ისმოდა მთავრობის კანცელარიის წინაც, სადაც დღის 4 საათისათვის რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. დაჩი ცაგურია, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და უფლებადამცველი, ამბობს:

„ახალაიამ დაუდო საფუძველი საქართველოში იმ ძალადობას, რომელიც ჩვენ ვნახეთ. ჩვენ ხომ სულ გვესმოდა, რომ პატიმრებს აწამებდნენ, ჩვენ ეს ხომ სულ ვიცოდით, რომ ახალაია ამ ყველაფერს თავად აკეთებდა. პირველ რიგში, სწორედ ახალაიას პასუხისმგებლობის საქმე უნდა დადგეს.“
დღეს ჩვენი მთავარი მიზანია მთელ ქვეყანას გავაგებინოთ, რომ ახალგაზრდების ნომერ პირველი ღირებულება არის ადამიანი, მისი სიცოცხლე, მისი ღირსება და ამის შელახვას ჩვენ არავის ვაპატიებთ...
აქციის ერთ-ერთი მონაწილე

ფილარმონიიდან აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირით მთავრობის კანცელარიისკენ გადაინაცვლეს, ცოცხებით ხელში. „გამოდით!“ - ამ შეძახილებით ისინი მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. შემხვედრი ავტომობილები მათ სიგნალებით აცილებენ:

„გამოდით! გამოდით! გამოდით!“

”დღეიდან ამ ნივთს, ანუ ცოცხს, ჰქვია მიხეილ სააკაშვილი”, - ამ სიტყვებით აქციის მონაწილეებმა ერთი ცოცხი კანცელარიის ფოიეში შეაგდეს:

„ცოცხი მოვიდა, მიშა! ცოცხით მოვედით!“


კანცელარიასთან გამართულ აქციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. მთავრობის კანცელარიიდან გამოსულ გურამ ჩახვაძეს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელს, აქციის რამდენიმე მონაწილემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თუმცა, ისევ აქციის მონაწილეების დახმარებით, მან ტერიტორიის დატოვება მოახერხა.
აქციის მონაწილეები
აქციის მონაწილეები

კიდევ ერთი აქცია შუადღის 3 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტებმა დაიწყეს. იქ არ ყოფილა განცხადებები მინისტრების გადაყენების შესახებ. უნუვერსიტეტის პირველი კორპუსის კიბეებიდან მათ ციხეებში წამების ფაქტები სხვადასხვა ლოზუნგებით გააპროტესტეს: „თევზი თავიდან ყარს!“ „გლდანი თუ გუანტანამო?!“ „ძირს ცოცხებიანი სისტემა!“ „არა, წამო!“

„დღეს ჩვენი მთავარი მიზანია მთელ ქვეყანას გავაგებინოთ, რომ ახალგაზრდების ნომერ პირველი ღირებულება არის ადამიანი, მისი სიცოცხლე, მისი ღირსება და ამის შელახვას ჩვენ არავის ვაპატიებთ.“

უნივერსიტეტის ეზოდან რამდენიმე ასეულმა სტუდენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან გადაინაცვლა. ისინი „საზოგადოებრივი მაუწყებლისგან“ პატიმრების წამების ფაქტების ამსახველი კადრებისა და აქციების ობიექტურად გაშუქებას ითხოვდნენ.
ცოცხების სიმბოლური დაწვა
ცოცხების სიმბოლური დაწვა

სტუდენტთა აქცია, რომელმაც დღის ბოლოს რამდენიმე ათასი ადამიანი მოიცვა, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წინ გაგრძელდა. სტუდენტებს შეუერთდნენ კანცელარიასთან გამართული აქციის მონაწილეებიც. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან გამართულ აქციას, შეიძლება ითქვას, რამდენიმე ცოცხი შეეწირა. სტუდენტებმა ცოცხები შენობის წინ სიმბოლურად დაწვეს. სტუდენტები ყველა იმ პირის - და, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის - დასჯას მოითხოვენ, რომლებიც პატიმართა წამებაში იღებდნენ მონაწილეობას:

„უნდა მოვითხოვოთ იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც არიან ამ რეჟიმის სათავეში და არიან ამ სისასტიკის შემოქმედნი..."
XS
SM
MD
LG