Accessibility links

დონალდ ტრამპი აპირებს მკვეთრად გაზარდოს თავდაცვითი ხარჯები


დონალდ ტრამპი

თეთრი სახლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს სამხედრო ხარჯების მნიშვნელოვანი გაზრდის თხოვნით მიმართოს აშშ-ის კონგრესს, რომლის წინაშე დონალდ ტრამპი 28 თებერვალს სიტყვით პირველად გამოვა. იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი მხარს დაუჭერს პრეზიდენტის გეგმას, აშშ-ის შეიარაღებული ძალები მომავალ წელს, დამატებით, 54 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიიღებენ. შესაბამისად, ამდენივეთი შემცირდება არათავდაცვითი ხაჯები, მათ შორის ყველაზე მეტად - საგარეო დახმარება.

აშშ-ის პრეზიდენტმა „ისტორიული“ უწოდა თავდაცვის ბიუჯეტის თავის მიერ შემუშავებულ პროექტს, რომელმაც, ტრამპის თქმით, უნდა „აღადგინოს დასუსტებული სამხედრო ძალები“. დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ საბიუჯეტო პროექტი სავსებით შეესაბამება მის წინასაარჩევნო დაპირებას ამერიკის გაძლიერებისა და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ.

“ჩემ მიერ შედგენილი ბიუჯეტიც პირველ ადგილზე აყენებს ამერიკას - გადასახადებით მიღებული დოლარები ამერიკაში დარჩება და მოხმარდება ვეტერანებსა და მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბიუჯეტი შეესაბამება ჩემს პირობას, რომელიც გულისხმობს ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ქვეყანაში ტერორისტებისა და დამნაშავეების შეღწევის აღკვეთას, მოძალადე დამნაშავეების საპატიმროებში ჩასმას ან სულაც ქვეყნიდანგაძევებას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა 27 თებერვალს აშშ-ის გუბერნატორების ასოციაციის წევრებთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს.

ვფიქრობ, ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ შესაძლებელია ამ ერთი მუჭა ბანდიტების დამარცხება, რადგან 2015 წელს ჩვენ მკვეთრად გავზარდეთ აშშ-ის სამხედრო ძალები ერაყში...
ჯორჯ ბუში

მანამდე დონალდ ტრაპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თავდაცვითი სარაკეტო ძალების გაძლიერება და კიბერშესაძლებლობების გაზრდა სურს. თეთრ სახლთან დაახლოებული წყაროები საუბრობენ, ასევე, ახალი სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების შეძენაზე სამხედრო ფლოტისა და ავიაციისათვის.

აშშ-ის პრეზიდენტის გარდა, თავდაცვითი ხარჯების გაზრდას მხარს უჭერენ სენატისა და კონგრესის რესპუბლიკელი წევრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გაუმართლებელი იყო თავდაცვითი ხარჯების 20 %-ით შემცირება აშშ-ის წინა პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, დროს. თავდაცვითი ხარჯების გაზრდისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერების მომხრეა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უმცროსი, რომელმაც ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ალ ყაიდისა და ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ შესაძლებელია ამ ერთი მუჭა ბანდიტების დამარცხება, რადგან 2015 წელს ჩვენ მკვეთრად გავზარდეთ აშშ-ის სამხედრო ძალები ერაყში. და, სხვათა შორის, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჰერბერტ მაკმასტერი, იყო ერთ-ერთი თანაავტორი ფილოსოფიისა მოსახლეობის გულებისა და გონების მოგების შესახებ, რაც აუცილებელია გამარჯვებისათვის. და ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება. ჩემი მემკვიდრე პრეზიდენტებისგანაც გაგიგიათ ეს სიტყვები ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებისა და განადგურების შესახებ. მეც ვამბობ, შეუტიეთ მათ, რადგან მათი დამარცხება და განადგურება შესაძლებელია“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, რომლის პრეზიდენტობის ბოლო წელს, 2007 წელს, აშშ-ის ბიუჯეტი სარეკორდოდ - 660 მილიარდ დოლარამდე - გაიზარდა.

რაც შეეხება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საბიუჯეტო პროექტს, თეთრ სახლთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, იმისათვის, რომ შეიარაღებული ძალები მომავალ წელს, დამატებით, 54 მილიარდი ამერიკული დოლარით დაფინანსდეს, საჭირო გახდება არათავდაცვითი ხარჯების, დაახლოებით, 9 %-ით შემცირება. სავარაუდოდ, შემცირება ყველაზე მეტადშეეხება საგარეო დახმარების, გარემოსდაცვითი სააგენტოს პროგრამებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებას.

ზოგიერთი ოფიციალური წყაროს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტი, შესაძლოა, 30 %-ით შემცირდეს, რაც სტრუქტურის ძირფესვიან რეორგანიზებასა და მრავალი პროგრამის შემცირებას გამოიწვევს. აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შემუშავებული თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი თავდაცვითი ხარჯების, დამატებით, 54 მილიარდი დოლარით გაზრდას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წელს, თავდაცვითი ხარჯები, ჯამში, 603 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG