Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი: ჯერ „ძალიან ნაადრევია“ მსჯელობა რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მაღალი რანგის მრჩეველმა განაცხადა, რომ „განიხილება“ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა, რამაც ინტენსიური მითქმა-მოთქმა გამოიწვია ტრამპის და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის წინ, რომელიც 28 იანვარს უნდა შედგეს.

თუმცა რამდენიმე რესპუბლიკელი მაღალი რანგის კანონმდებლის კრიტიკული განცხადებების შემდეგ, თავად ტრამპმა ნაკლებად რეალისტურად წარმოაჩინა სანქციების მოხსნის საკითხი.

თეთრ სახლში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად თქვა, „რაც ეხება სანქციებს, ამ ეტაპზე ძალიან ნაადრევია ამაზე ლაპარაკიო“. ტრამპმა დასძინა, რომ იმედი აქვს პუტინთან „ფანტასტიკური ურთიერთობა“ ექნება, თუმცა ისიც თქვა, რომ ეს შესაძლოა არ მოხერხდეს.

ტერეზა მეის თანახმად, აშშ-ის და ევროკავშირის სანქციები უნდა დარჩეს მოქმედებაში მანამ, სანამ სრულად დაკმაყოფილდება მინსკის ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას. მანამდე აშშ-ის სენატორმა, ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ დაგეგმილი სატელეფონო საუბრის ფონია ფართოდ გავრცელებული ხმები, რომ თეთრი სახლი გეგმავს რუსეთისთვის სანქციების მოხსნას. „ამერიკის და ჩვენი მოკავშირეების ეროვნული უსაფრთხოების სახელით, იმედს გამოვთქვამ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ ხმების გავრცელებას დაასრულებს და უარს იტყვის ასეთ სარისკო ნაბიჯებზე“ - ამბობს მაკკეინი და დასძენს: „თუ ასე არ მოიქცევა, ჩემს კოლეგებთან ერთად ვიმუშავებ, რათა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები კანონად იქცეს“.

პუტინის ხმამაღალი კრიტიკოსი, მაკკეინი, რუსეთის პრეზიდენტს უწოდებს „მკვლელსა და ბოროტმოქმედს, რომელსაც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა სურს“. მოსკოვი მაკკეინს სისტემატურად სდებს ბრალს ანტირუსული განწყობის გაღვივებაში. ტრამპის გამოცხადებული სურვილი, რუსეთთან გააუმჯობესოს ურთიერთობა, კონგრესში იწვევს კრიტიკას როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG