Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრა ჰამბურგში გაიმართება


დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი
დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა, და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის მსვლელობის პირველ დღეს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვზე დაყრდნობით გავრცელდა. რუსეთის ლიდერთან შეხვედრამდე დონალდ ტრამპი ესტუმრება პოლონეთს, აღმოსავლეთ ევროპის პირველ ქვეყანას, რომელსაც აშშ თხევად ბუნებრივ აირს გასული წლიდან აწვდის. თანაც, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც წლევანდელი მკაცრი ზამთრის პირობებში, რუსეთმა ფასზე შეუთანხმებლობის მიზეზით, მნიშვნელოვნად შეამცირა მეზობელი ქვეყნებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება.

გადმოწერა

მოელიან, რომ პოლონეთში მყოფი აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, კიდევ უფრო შეამცირონ დამოკიდებულება რუსეთის ბუნებრივ აირზე და ისარგებლონ ახალი შესაძლებლობით, რასაც რუსეთის საპირწონედ მათ აშშ სთავაზობს. პოლონეთში დონალდ ტრამპი დაესწრება „სამი ზღვის“ სამიტს, რომელიც ადრიატიკის, ბალტიისა და შავი ზღვის ქვეყნებს - პოლონეთს, ავსტრიას, უნგრეთს, ლატვიასა და ესტონეთს - აერთიანებს. ამ რეგიონალური ინიციატივის ერთ-ერთი მიზანია ენერგიის რეგიონალური ინფრასტრუქტურის გაფართოება, რაც თხევადი გაზის იმპორტისათვის საჭირო ტერმინალებისა და გაზსადენების მშენებლობას ითვალისწინებს. აშშ, რომელმაც დიდ წარმატებებს მიაღწია უწყვეტი ბურღვის საშუალებით ფიქლის გაზების მოპოვების სფეროში, აგრესიულად ცდილობს ფეხი მოიკიდოს ბუნებრივი აირის ევროპულ და აზიურ ბაზრებზე. ანალიტიკოსების თქმით, მოსკოვს ძალიან შეაშფოთებს ვაშინგტონის ნებისმიერი ნაბიჯი, გადადგმული რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულების შესამცირებლად, რისკენაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წამყვანი რესპუბლიკელი სენატორები და კონგრესმენებიც მოუწოდებენ.

აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთიდან გაემგზავრება ჰამბურგში, სადაც მონაწილეობას მიიღებს „დიდი ოცეულის“ ორდღიანი სამიტის მუშაობაში და იქვე შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა, და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, შეხვედრა, კრემლის თანახმად, 7 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვზე დაყრდნობით გავრცელდა.

ვარაუდობენ, რომ ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრის დღის წესრიგში იქნება ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოლიტიკური პრობლემა, მათ შორის - სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი.

ჰამბურგში ტრამპისა და პუტინის პირველ შეხვედრაზე ინფორმაცია უფრო ადრე დაადასტურა თეთრმა სახლმა, თუმცა დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ეიჩ არ მაკმასტერმა, 29 ივნისს აღნიშნა, რომ არ არსებობს „ამ შეხვედრის კონკრეტული გეგმა და პრეზიდენტი ისაუბრებს ყველა იმ საკითხზე, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის“.

საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს დონალდ ტრამპი პირობას დებდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შეეცდებოდა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, თუმცა ამის იმედი სულ ნაკლებად აქვს მოსკოვს, სადაც ხშირად ლაპარაკობენ მზარდ ანტირუსულ ისტერიაზე ვაშინგტონის წამყვან პოლიტიკურ წრეებსა და მედიასაშუალებებში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG