Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის ახალი განკარგულება, ნაკლები ფანფარებით და შემცირებული სიით


განახლებული ბრძანებულების ხელმოწერა
განახლებული ბრძანებულების ხელმოწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა განახლებულ ბრძანებულებას, რომელიც დროებით კრძალავს რიგი მუსლიმური ქვეყნებიდან აშშ-ში მოგზაურობას. ამჟამინდელი განკარგულება წინამორბედისაგან იმით განსხვავდება, რომ მეტწილად მუსლიმებით დასახლებული ქვეყნების ჩამონათვალი ერთით, ერაყით, შემცირდა.

თავდაპირველი აღმასრულებელი განკარგულებისგან განსხვავებით, რომელსაც დონალდ ტრამპმა 27 იანვარს პენტაგონში საზეიმო ვითარებაში მოაწერა ხელი, ამჟამად ყველაფერი უფრო მოკრძალებულად გამოიყურებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა 6 მარტს არაფორმალურ ვითარებაში მოაწერა ხელი ბრძანებულებას, რაც საზოგადოებას მოგვიანებით სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშონსმა და საშინაო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ჯონ კელიმ აცნობეს. ამასთან, დონალდ ტრამპის მთავრობის წევრებმა არ უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს.

დეტალებზე ბევრი არც თეთრი სახლის პრესმდივანს უსაუბრია. შონ სპაისერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაშინაც და ახლაც სრულიად კანონიერი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, მოსახლეობის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

შონ სპაისერი
შონ სპაისერი

„რაც ჩვენ გავაკეთეთ, ვფიქრობ, სრულიად კანონიერი იყო, როგორც მოქმედი კანონმდებლობის, ისე აშშ-ის კოდექსის (აშშ-ის მუდმივმოქმედი ფედერალური სტატუტის) თანახმად. ვფიქრობ, სასამართლოში ჩვენი დამარცხების შემდეგ, ჩვენ უნდა მიგვეღო საბოლოო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როგორ გაგვეგრძელებინა ის, რაც, პრეზიდენტის აზრით, ყველაზე უკეთ დაიცავდა მოსახლეობის უსაფრთხოებას. ეს არის ამ საკითხზე ჩემი მოსაზრება“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ 6 მარტს ხელმოწერილი ბრძანებულებით, შეჩერდა იემენის, ირანის, ლიბიის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეთათვის 90 დღის განმავლობაში ახალი ვიზების გაცემა, თუმცა ბრძანებულებაში ხაზგასმულია, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც უკვე აქვთ ვიზები, შეუძლიათ აშშ-ში მოგზაურობა.

განახლებული კანონი ძალაში შედის 16 მარტს და ის შეაჩერებს ლტოლვილთა 120-დღიან პროგრამას. განკარგულების თავდაპირველი ვერსიით, რომელიც 27 იანვარს გამოიცა, აშშ-ში შესვლა აეკრძალათ ამ ექვსი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ერაყელებს. განახლებული დოკუმენტი ერაყელებს არ ეხება და ასევე არ უკრძალავს მოგზაურობას ექვსი მუსლიმური ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლება აქვთ.

ვფიქრობ, სასამართლოში ჩვენი დამარცხების შემდეგ, ჩვენ უნდა მიგვეღო საბოლოო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როგორ გაგვეგრძელებინა ის, რაც, პრეზიდენტის აზრით, ყველაზე უკეთ დაიცავდა მოსახლეობის უსაფრთხოებას. ეს არის ამ საკითხზე ჩემი მოსაზრება...
შონ სპაისერი

ბრძანებულების მიმართ გაისმა კრიტიკა, რომ ის, რელიგიური გაგებით, დისკრიმინაციულია.

თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერილი განახლებული ბრძანებულებიდან ერაყის ამოღება დადებითად შეაფასა ერაყის მთავრობამ, რომლის პრესმდივანმა, საად ალ-ჰადითიმ, 6 მარტს განაცხადა, ეს ნიშნავს, რომ აშშ და ერაყი „ნამდვილი პარტნიორები“ არიანო.

წინა განკარგულების რევიზია, „ასოშიეიტიდ პრესის“ თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის დაჟინებული თხოვნისა და ზეწოლის შემდეგ მოხდა. ორივე უწყებას მიაჩნია, რომ ერაყისა და აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვენლოვანია ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსაგან“ როგორც ქალაქ მოსულის გათავისუფლების, ისე ორგანიზაციის საბოლოო დამარცხების საქმეში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG