Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის კრიტიკა მაიკლ ფლინის გადადგომით დასრულდა


მაიკლ ფლინი (ცენტრში)
მაიკლ ფლინი (ცენტრში)

თვეც არ იქნება გასული, რაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მუშაობას შეუდგა და მისი შემადგენლობა უკვე დატოვა წამყვანმა ფიგურამ, ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, რაც, მიმომხილველთა აზრით, ნაადრევ რყევებს მოასწავებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველთა გუნდში.

გადადგომის შესახებ წერილში თეთრი სახლის აწ უკვე ყოფილი მრჩეველი, მაიკლ ფლინი, აღნიშნავს, რომ მან „არასრული ინფორმაცია“ მიაწოდა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და ადმინისტრაციის სხვა მოხელეებს რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან თავისი სატელეფონო საუბრების შესახებ.

გადმოწერა

როგორც ირკვევა, თავდაპირველად მაიკლ ფლინმა ვიცე-პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსეთის ელჩთან საუბარში, რომელიც დეკემბრის ბოლოს გაიმართა, მას არ უმსჯელია რუსეთის სანქციებზე.

ორი კვირის წინ „ვაშინგტონ პოსტმა“ და „ასოშიეიტიდ პრესმა“ გაავრცელეს ცნობები ფლინსა და რუსეთის ელჩ კისლიაკს შორის გამართული საუბრების შესახებ, რასაც განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი ჰქონია 29 დეკემბერს, ზუსტად იმ დღეს, როდესაც თეთრმა სახლმა, ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს მისი მხრიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და ამერიკელი დიპლომატების დევნისათვის. საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც მაიკლ ფლინი ჯერ კიდევ არ იყო დანიშნული ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის პოსტზე და, შესაბამისად, არ იყო უფლებამოსილი ეწარმოებინა მოლაპარაკება მგრძნობიარე საერთაშორისო პრობლემაზე.

13 თებერვლის საღამოს „ასოშიეიტიდ პრესისა“ და „როიტერსისათვის“ ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ გააფრთხილა თეთრი სახლი მაიკლ ფლინის გამო, რომლის თანამდებობა შეიძლებოდა მყიფე გამხდარიყო, ერთი მხრივ, სატელეფონო საუბრებზე საზოგადოებრივი რეაქციისა და, მეორე მხრივ, თავად ამ საუბრების შინაარსიდან გამომდინარე. დაზვერვის თანამშრომლებმა, რომლებიც აშშ-ში უცხოეთის ოფიციალურ პირთა საუბრების მონიტორინგს ახორციელებენ, იცოდნენ, რომ ინფორმაცია მაიკლ ფლინისა და ელჩ სერგეი კისლიაკის საუბრების შესახებ სიმართლეს შეესაბამებოდა.

ამ ყველაფრის შემდეგ, 13 თებერვლის ღამით, გენერალმა მაიკლ ფლინმა მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. თეთრმა სახლმა გადამდგარი გენერალი კით კელოგი დაასახელა ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის მოვალეობის შემსრულებლად. ამ პოსტზე მის გარდა დასახელებულია კიდევ ორი კანდიდატი: დევიდ პეტრეუსი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი, და ვიცე-ადმირალი რობერტ ჰარვარდი.

მაიკლ ფლინის გადადგომას გამოეხმაურა რამდენიმე დემოკრატი სენატორი და კონგრესმენი, რომლებმაც მოუწოდეს წარმომადგენელთა პალატის კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარეს, გამოძიებულ იქნეს ფლინის კავშირები რუსეთთან. „გადადგომა მართებული ნაბიჯი იყო, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი შეკითხვაა პასუხგაუცემელი თეთრი სახლის ადმინისტრაციის რუსეთთან კავშირებზე“, - განაცხადა დემოკრატმა კონგრესმენმა ელიოტ ენგელმა.

რუსეთის ელჩთან საუბრის გამო მაიკლ ფლინის გადადგომას ბევრი რუსი პარლამენტარი გამოეხმაურა. კრემლთან დაახლოებული გავლენიანი დეპუტატის, ალექსეი პუშკოვის, აზრით, მაიკლ ფლინის გადადგომა არის ნაწილი იმ გეგმისა, რომელიც ჩაფიქრებულია იმისათვის, რომ დონალდ ტრამპს ხელი შეუშალონ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაში ან, უფრო მეტიც, ჩამოაშორონ ძალაუფლებას, - დაწერა „ტვიტერის“ გვერდზე ალექსეი პუშკოვმა.

რაც შეეხება კრემლს, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა არ ისურვა მაიკლ ფლინის გადადგომის თაობაზე კომენტარის გაკეთება და მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლა, რომ „ეს მხოლოდ აშშ-ისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შინაური საქმეა“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG