Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი


პოლ მანაფორტი
პოლ მანაფორტი

19 აგვისტოს პოსტი დატოვა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა პოლ მანაფორტმა. მის გადადგომას წინ უძღოდა იმ სკანდალური ბუღალტრული ამონარიდის გამოქვეყნება, რომლის თანახმად, კომპანია, რომელიც პოლ მანაფორტს ეკუთვნოდა, თავის დროზე უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს, ლობირებდა.

18 აგვისტოს უკრაინის ნაციონალურმა ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა უკრაინის ყოფილი მმართველი „რეგიონთა პარტიის“ საბუღალტრო აღრიცხვიდან ამონარიდი, რომელიც ადასტურებს 12 მილიონი დოლარის „შავი ფულის“ გამოყოფას მანაფორტისათვის.

უკრაინელმა კანონმდებელმა და ანტიკორუფციული მოძრაობის აქტივისტმა სერგეი ლეშონკომ 19 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მანაფორტმა პასუხი უნდა გასცეს ამ საქმის გარშემო შეკითხვებს:

გადმოწერა

„ცხადია, თუ ბატონი მანაფორტი უარყოფს ბრალდებებს, ის უნდა დაიკითხოს ამ საქმის გარშემო და დაადასტუროს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მას არავითარი უკანონო მოქმედება არ ჩაუდენია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ვინც ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიის“ ამ ბუღალტრულ წიგნს იცნობს, იცის, რომ ამგვარი ხარჯების წარმომავლობა სრულიად ეწინააღმდეგება კანონს. ეს არის კორუფციული წარმომავლობის ფული, რომელიც არც უკრაინის და, დარწმუნებული ვარ, არც ამერიკის მხრიდან არ იბეგრებოდა“.

პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა სევგილ მუსაევა-ბოროვიკი, „უკრაინსკაია პრავდის“ მთავარი რედაქტორი, რომელმაც საზოგადოებას განუცხადა, რომ მანაფორტი ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიის წევრთა ლობირებას „ღირსების რევოლუციის“ შემდეგაც განაგრძობდა:

„მხოლოდ გასულ წელს ბატონი მანაფორტი რამდენჯერმე იმყოფებოდა უკრაინაში. ბოლოს იგი აქ 2015 წლის ოქტომბერში იყო. 2014 წლის უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მანაფორტი კონსულტაციას უწევდა ასევე „ოპოზიციურ ბლოკს“, რომელიც ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონთა პარტიის“ მემკვიდრეა. ეს ინფორმაცია ჩვენ „ოპოზიციური პარტიის“ წევრებისგან მივიღეთ“.

პრორუსულად განწყობილ უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან მანაფორტის კავშირი იმ დროს გამოაშკარავდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი მზარდ კრიტიკას აწყდება რუსეთზე მისი მეგობრული შეხედულებების გამო. სკანდალის შემდეგ პოლ მანაფორტმა გადაწყვიტა გადამდგარიყო. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიიღო მანაფორტის გადადგომა, თუმცა თავისი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს მან „ნამდვილი პროფესიონალი“ უწოდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG