აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკან დაიხია წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებული დაპირებიდან, რომ ბოლოს მოუღებდა ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისიას. 21 აგვისტოს მან ავღანეთისათვის ახალი სტრატეგია წარმოადგინა და აღიარა: პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ გავიაზრე, რომ ავღანეთიდან შეერთებული შტატების წასვლა დაუშვებელი არისო.
ტრამპმა 21 აგვისტოს ვაშინგტონის მახლობლად, ფორტ მაიერის სამხედრო ბაზაზე გამოსვლისას, წარმოადგინა „ავღანეთსა და სამხრეთ აზიაში შეერთებული შტატების ახალი სტრატეგია“, რომლის მიზანია თალიბებთან ბრძოლაში საბოლოო გამარჯვების მოპოვება. გამარჯვება, პრეზიდენტის თქმით, ნიშნავს დარტყმებს მტრის პოზიციებზე, რადიკალური ტერორისტული დაჯგუფებების განადგურებას, თალიბების ნეიტრალიზებასა და ამერიკელთა წინააღმდეგ მასშტაბური ტერორისტული თავდასხმების აღკვეთას. დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ბოლოს მოუღებს შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ, 16 წლის წინ დაწყებულ ომს, მაგრამ მას არ დაუსახელებია ვადები და არც ის უთქვამს, აპირებს თუ არა ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რიცხვის გაზრდას.
„ჩვენ არ ვისაუბრებთ ჯარისკაცების რიცხვზე ან მომდევნო სამხედრო ოპერაციებზე. ჩვენს სტრატეგიას ამიერიდან განსაზღვრავს ადგილზე არსებული ვითარება და არა თვითნებურად დადგენილი ვადები. ამერიკის მტრებმა არასოდეს უნდა იცოდნენ, როგორია ჩვენი გეგმები, ან ჩათვალონ, რომ შეუძლიათ დაელოდონ, როდის დავიხევთ უკან. არ ვიტყვი, როდის განვახორციელებთ იერიშს, მაგრამ იერიში იქნება!“ – განაცხადა ტრამპმა.
იქვე აშშ-ის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ავღანეთის მეზობელი პაკისტანი, რომელსაც, მისი თქმით, თავს აფარებენ ტერორისტები. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შეცვლის ისლამაბადთან მიმართებით ვაშინგტონის კურსს: „ვეღარ ვიქნებით ჩუმად, როცა პაკისტანს თავს აფარებენ ტერორისტული ორგანიზაციები - თალიბები და სხვა ჯგუფები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამ რეგიონსაც და სხვებსაც. პაკისტანი ბევრს მოიგებს ავღანეთში ჩვენი ძალისხმევის მხარდაჭერით და ბევრს წააგებს, თუ კვლავაც შეიფარებს კრიმინალურ ელემენტებსა და ტერორისტებს“.
საყურადღებოა დონალდ ტრამპის გამოსვლაში პაკისტანის ტრადიციული მეტოქის, ინდოეთის ხსენებაც. ტრამპმა გამოთქვა სურვილი, რომ ინდოეთი უფრო აქტიურად დაეხმაროს შეერთებულ შტატებს ავღანეთში, გაზარდოს ქაბულის ეკონომიკისა და განვითარების ფინანსური მხარდაჭერა. ამ დროს, პაკისტანი შიშობს, რომ პოზიცია დაუსუსტდება მასთან დაძაბული ურთიერთობის მქონე მეზობლების, ავღანეთისა და ინდოეთის ერთმანეთთან დაახლოებით.
როგორც ვიცით, 2011 წელს ამერიკა ნაჩქარევად - და შეცდომით - გამოვიდა ერაყიდან. ამას მოჰყვა, რომ ის, რაც დიდი მონდომების შედეგად იყო მიღწეული, ისევ ხელში ჩაუვარდათ ტერორისტ მტრებს...დონალდ ტრამპი
შეერთებული შტატების ახალ სტრატეგიაზე საუბრისას, დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ თავდაპირველად „ინსტინქტი კარნახობდა“ ავღანეთიდან ჯარების გაყვანას, მაგრამ ასეთ განზრახვაზე უარი თქვა, მასთან დაკავშირებული აშკარა საფრთხის გამო. „ჯარების ნაჩქარევად გამოყვანა წარმოქმნიდა ვაკუუმს, რომელსაც ტერორისტები - ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ ყაიდის“ ჩათვლით - უმალვე შეავსებდნენ, როგორც ეს მოხდა 2001 წლის 11 სექტემბრამდე. და როგორც ვიცით, 2011 წელს ამერიკა ნაჩქარევად - და შეცდომით - გამოვიდა ერაყიდან. ამას მოჰყვა, რომ ის, რაც დიდი მონდომების შედეგად იყო მიღწეული, ისევ ხელში ჩაუვარდათ ტერორისტ მტრებს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
თავის ამ, 25-წუთიან გამოსვლაში ტრამპმა ბევრჯერ ახსენა ცნება „გამარჯვება“, რაც ექსპერტებს მიაჩნიათ, პირველ რიგში, თალიბანისთვის საყურადღებო გზავნილად. ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, როცა 2009 წელს წარმოადგინა ავღანეთში თავისი სტრატეგია, ერთხელაც არ უთქვამს სიტყვა „გამარჯვებაო“, იხსენებს პაკისტანის საკითხების ექსპერტი მოჰამად ტაყი. მისი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი „გამარჯვების“ არაერთხელ ხსენებით მკაფიო მესიჯს უგზავნის თალიბანსა და მის მომხრეებს, რომ შეერთებული შტატები არ შეეგუება ჩიხურ ვითარებას ავღანეთში.