Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის ტვიტერის ანგარიში და უსაფრთხოება


პარასკევს კომპანია ტვიტერის მისამართით არაერთი შეკითხვა გაისმა შიდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც კომპანიის თანამშრომელმა დროებით დახურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ანგარიში ტვიტერზე.

ანგარიში მისამართით @realDonaldTrump 11 წუთის განმავლობაში იყო დეაქტივირებული, რამაც ეს მიკრობლოგინგის საიტი ყურადღების ცენტრში მოაქცია. ტვიტერის მიმართ მანამდეც ისმოდა შეკითხვები იმის შესახებ, თუ როგორ არეგულირებს ის ანგარიშების გაუქმების პროცესს, მომხმარებლის არასათანადო ქცევას და მოხმარების პირობებში ცვლილებებს.

სააგენტო “როიტერსის” ცნობით, პარასკევს ტვიტერმა უარი განაცხადა ეპასუხა კითხვებზე, რამდენ მუშაკს შეუძლია ანგარიშის დახურვა და რა ტიპის საგანგებო დაცვის მექანიზმები მუშაობს ტრამპის მსგავსი მაღალი პროფილის მომხმარებლებთან მიმართებით.

„ამ საკითხებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებთო“, განაცხადა ტვიტერის პრესმდივანმა.

დავადგინეთ, რომ ეს გააკეთა ტვიტერის თანამშრომელმა, რომელსაც ბოლო სამუშაო დღე ჰქონდა. ვატარებთ სრულმასშტაბიან შიდა გამოკვლევას.
ტვიტერი

ტრამპი ტვიტერს ხშირად იყენებს პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებზე განცხადებების გასავრცელებლად. ტვიტერის მომხმარებლები პარასკევს შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ კომპანიის მუშაკთა ჩარევამ ან მის ანგარიშზე ტექნიკურმა ხარვეზებმა შეიძლება საშიშროება შეუქმნას ეროვნულ უსაფრთხოებას.

უსაფრთხოების ექსპერტები აქამდე ამბობდნენ, რომ ტვიტერმა, სავარაუდოდ, დაცვის განსაკუთრებული მექანიზმები დაუწესა ტრამპის ანგარიშს - მაგალითად, წესი, რომ ანგარიშზე შესვლა მხოლოდ რამდენიმე მკაცრად განსაზღვრული კომპიუტერული მოწყობილობიდან იყოს შესაძლებელი.

„დავადგინეთ, რომ ეს გააკეთა ტვიტერის თანამშრომელმა, რომელსაც ბოლო სამუშაო დღე ჰქონდა. ვატარებთ სრულმასშტაბიან შიდა გამოკვლევას“ - ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა ტვიტერმა ხუთშაბათ საღამოს და დასძინა, გავატარებთ ზომებს, რომ ამგვარი რამ აღარ განმეორდესო.

ჩემი ტვიტერის ანგარიში 11 წუთით გაუქმებული იყო ურჩი თანამშრომლის მიერ. როგორც ჩანს, ეს სიტყვები მართლაც ვრცელდება და გავლენასაც ახდენს.
დონალდ ტრამპი

სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ ვერ შეძლო დაედგინა, ტვიტერის რამდენ თანამშრომელს აქვს უფლებამოსილება წაშალოს მომხმარებელთა ანგარიშები ან მათგან ყალბი მესიჯები დაწეროს.

სააგენტო ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა ტვიტერის ყოფილ თანამშრომელს, რომელმაც უთხრა, რომ პირს, რომელიც სამუშაოს ტოვებდა, სავარაუდოდ, არ ექნებოდა ანგარიშის მიტაცების ან მისგან მესიჯების გაგზავნის უფლებამოსილება.

„არსებობს დაშვების სხვადასხვა ხარისხი“, - უთხრა მან სააგენტოს. - „არ ვარ დარწმუნებული, რომ ტვიტერში მომუშავე ყველა პირს შეუძლია სხვისი ანგარიშიდან მესიჯები დაწეროს“.

ანგარიშის აღდგენის შემდეგ ტრამპმა საპასუხო განცხადება გაავრცელა: "ჩემი ტვიტერის ანგარიში 11 წუთით გაუქმებული იყო ურჩი თანამშრომლის მიერ. როგორც ჩანს, ეს სიტყვები მართლაც ვრცელდება და გავლენასაც ახდენს".

ტრამპი ტვიტერის აქტიური მომხმარებელია, მის გვერდს 41,7 მილიონი მიმდევარი ჰყავს. ის ტვიტერს ხშირად იყენებდა და იყენებს ოპონენტებზე თავდასხმისა და თავისი პოლიტიკური მესიჯების გავრცელებისთვის როგორც გასული წლის საპრეზიდენტო კამპანიისას, ისე უკვე გაპრეზიდენტების შემდეგ.

პარალელურად, ტექნოლოგიური კომპანიები, ტვიტერისა და ფეისბუკის ჩათვლით, ამ დღეებში მწვავე კრიტიკას ისმენენ აშშ-ის კანონმდებლებისგან იმის გამო, რომ მათ თავიანთ პლატფორმებზე ვერ შეძლეს აღეკვეთათ რუსეთის პროპაგანდისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG