Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა „სამარცხვინო ტყუილში“ დაადანაშაულა სენატორი ლინდსი გრემი


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკა დაატყდა თავს მის თანაპარტიელს, რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემს, რომელსაც ტრამპმა უწოდა კანონმდებელი, რომელიც „პოპულარობის მოხვეჭას“ ესწრაფვის. 17 აგვისტოს „ტვიტერით“ გამოქვეყნებულ პოსტში დონალდ ტრამპმა გრემი თავისი სიტყვების დამახინჯებაში დაადანაშაულა.

16 აგვისტოს ერთ-ერთი წამყვანი რესპუბლიკელი, სენატორი ლინდსი გრემი, გამოეხმაურა შარლოტსვილის ტრაგედიაზე დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელშიც სენატორმა დაინახა ორივე მხარისათვის „თანაბარი მორალური პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობა“ და ტრამპს მოუწოდა ნაცვლად ამისა, შეარჩიოს ისეთი სიტყვები, რომლებიც ადამიანების წყლულებს განკურნავს. „ლინდსი გრემი, რომელიც პოპულარობის მოხვეჭას ესწრაფვის, სამარცხვინოდ იტყუება, თითქოს მე მეთქვას, რომ არსებობს „თანაბარი მორალური პასუხისმგებლობა“, ერთი მხრივ, ნეონაცისტებს, კუ-კლუქს-კლანს, თეთრკანიანების აღმატებულობის იდეის მომხრეებსა და, მეორე მხრივ, ისეთ ადამიანებს შორის, როგორიც იყო ქალბატონი ჰეზერ ჰაიერი“. ტრამპს მხედველობაში ჰყავდა 32 წლის ქალი, რომელიც 12 აგვისტოს ულტრამემარჯვენეთა მოწინააღმდეგე დემონსტრანტების რიგებში ავტომანქანის შევარდნის შედეგად დაიღუპა.

ლინდსი გრემი
ლინდსი გრემი

12 აგვისტოს ქალაქ შარლოტსვილში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 19 ადამიანი. 20 წლის ჯეიმს ალექს ფილდსს მკვლელობის ბრალდება აქვს წაყენებული. დემონსტრაციის დღეს, ვიდრე ინციდენტი მოხდებოდა, ფილდსი აღბეჭდილია ვიდეოჩანაწერზე რასისტების, კერძოდ, თეთრკანიანი "სუპრემატისტების" ჯგუფთან ერთად, ხოლო ინციდენტის ვიდეოჩანაწერზე ჩანს, როგორ ეჯახება სწრაფად მიმავალი ავტომანქანა ჯერ დემონსტრანტებს, შემდეგ ორ ავტომანქანას და მერე უკვე ინციდენტის ადგილს ტოვებს. თავდასხმის შემდეგ პირველ განცხადებაში ტრამპმა ამერიკელებს ერთიანობისაკენ მოუწოდა და მიუსამძიმრა ძალადობის მსხვერპლთა ოჯახებს, მაგრამ ეს რეაქცია არაადეკვატურად მიიჩნია მრავალმა დემოკრატმა და რესპუბლიკელმა: მათი აზრით, ტრამპი დაგვიანებით გამოეხმაურა ძალადობას და ცალსახად არ დაგმო რასისტები, რომელთა გამოც, როგორც ჩანს, შეხლა-შემოხლა დაიწყო. ტრამპის მომდევნო, 14 აგვისტოს, განცხადება გაცილებით უფრო მკაფიო იყო და კონკრეტულად იყო მიმართული რასიზმის წინააღმდეგ. მაგრამ კიდევ ერთი დღის შემდეგ, 15 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ „ორივე მხარე“ დაადანაშაულა ძალადობაში, რასაც საზოგადოების პროტესტის ახალი ტალღა მოჰყვა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG