Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა გაათავისუფლა რექს ტილერსონი და მის პოსტზე მაიკ პომპეო დაასახელა


მაიკ პომპეო (მარცხნივ), რექს ტილერსონი
მაიკ პომპეო (მარცხნივ), რექს ტილერსონი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა რექს ტილერსონი და მის მონაცვლედ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი მაიკ პომპეო დაასახელა.

CIA-ს უხელმძღვანელებს ჯინა ჰასპელი

CIA-ს უხელმძღვანელებს ჯინა ჰასპელი, რომელიც ამ მოვალეობის შემსრულებელი პირველი ქალი იქნება.

  • ჯინა ჰასპელი დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოში მუშაობს 1985 წლიდან;
  • ის იყო ეროვნული საიდუმლო სამსახურის დირექტორის მოადგილე;
  • მას ეჭირა საიდუმლო სამსახურის საგარეო დაზვერვისა და საიდუმლო ღონისძიებათა სამსახურის დირექტორის მოადგილის თანამდებობა;
  • ჯინა ჰასპელი მოკლე ხნით ხელმძღვანელობდა CIA-ს საიდუმლო ციხეს ტაილანდში.

CIA-ს უხელმძღვანელებს ჯინა ჰასპელი, რომელიც ამ მოვალეობის შემსრულებელი პირველი ქალი იქნება. დონალდ ტრამპმა 13 მარტს თავის „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა:

„მაიკ პომპეო, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი, გახდება სახელმწიფო მდივანი. ის შესანიშნავად შეასრულებს საქმეს! მადლობას ვუხდი რექს ტილერსონს გაწეული საქმიანობისთვის! ჯინა ჰასპელი გახდება CIA-ს ახალი დირექტორი, ამ თანამდებობისთვის შერჩეული პირველი ქალი. ვულოცავ ყველას!“.

დონალდ ტრამპმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც რექს ტილერსონი, რომელიც 2017 წლის 1 თებერვლიდან მსახურობდა სახელმწიფო მდივნის პოსტზე, დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა აფრიკიდან.

აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან გადაწყვეტილება თავისით მიიღო და აღნიშნა, რომ ტილერსონი ახლა „ბევრად უფრო ბედნიერი“ იქნება. მან განაცხადა, რომ ტილერსონს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა. თანამდებობიდან მოხსნამდე რექს ტილერსონს დონალდ ტრამპთან არ ულაპარაკია და „მან არაფერი იცის მიზეზის შესახებ“, განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივ გოლდსტეინმა. მან „ტვიტერზე“ დაწერა, რომ აშშ-ის პირველ დიპლომატს „დიდი სურვილი ჰქონდა დარჩენილიყო პოსტზე, ეროვნული უსაფრთხოების სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებში მიღწეული უდიდესი პროგრესის საფუძველზე“.

თეთრი სახლის მაღალჩინოსნის თანახმად, დონალდ ტრამპს სურდა ახალი გუნდი ჰყოლოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე და მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების ფონზე.

აშშ-ის მთავრობის უმაღლეს ეშელონებში განხორციელებული ეს ცვლილება მოჰყვა თვეების განმავლობაში მიმდინარე სპეკულაციებს ტილერსონის გათავისუფლებაზე.

ცვლილებები დროში ემთხვევა აშშ-ის უწყვეტ დაძაბულობას რუსეთთან რიგ საკითხებზე, მათ შორის: უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში მისი როლის, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარდაჭერისა და ბრიტანეთში ყოფილი აგენტის მოწამლვაში, „დიდი ალბათობით“, მონაწილეობის გამო.

გააგრძელებს მსოფლიოში აშშ-ის პოზიციის დაბრუნების პროგრამას, ჩვენი ალიანსების გაძლიერებას, მტერთან დაპირისპირებასა და კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების მცდელობას...
დონალდ ტრამპი

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის პირობით, განაცხადა, რომ ტრამპი კარგად მუშაობს პომპეოსთან, ყოფილ კონგრესმენთან კანზასიდან, რომელიც კარგად არის მიღებული ადმინისტრაციაში.

დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორად მუშაობისას მაიკ პომპეომ „ქება დაიმსახურა ორივე პარტიის წევრებისგან, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებით, თავდაცვითი და თავდასხმის შესაძლებლობების მოდერნიზებითა და დაზვერვის საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებით“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია აგრეთვე, რომ პომპეო „გააგრძელებს მსოფლიოში აშშ-ის პოზიციის დაბრუნების პროგრამას, ჩვენი ალიანსების გაძლიერებას, მტერთან დაპირისპირებასა და კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების მცდელობას“.

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ, თუკი კანონმდებლები მას დაამტკიცებენ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, მოუთმენლად ელის როდის წარადგენს „პრეზიდენტსა და აშშ-ის ხალხს დანარჩენი მსოფლიოს წინაშე აშშ-ის შემდგომი კეთილდღეობისთვის“.

მადლობას ვუხდი რექს ტილერსონს გაწეული საქმიანობისთვის! ჯინა ჰასპელი გახდება CIA-ს ახალი დირექტორი, ამ თანამდებობისთვის შერჩეული პირველი ქალი. ვულოცავ ყველას!..
დონალდ ტრამპი

ჯინა ჰასპელი დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოში მუშაობს 1985 წლიდან, ხელმძღვანელობდა უწყების სტრუქტურებს სხვა ქვეყნებში და ეკავა რამდენიმე მაღალი თანამდებობა, მათ შორის - ეროვნული საიდუმლო სამსახურის დირექტორის მოადგილის პოსტი, აგრეთვე - ეროვნული საიდუმლო სამსახურის საგარეო დაზვერვისა და საიდუმლო ღონისძიებათა სამსახურის დირექტორის მოადგილის თანამდებობა.

ჯინა ჰასპელი მოკლე ხნით ხელმძღვანელობდა CIA-ს საიდუმლო ციხეს ტაილანდში, სადაც 2002 წელს ტერორიზმში ბრალდებული აბუ ზუბაიადა და აბდ ალ რაჰიმ ალ-ნაშირი დაკითხვისას წყლით დახრჩობის იმიტაციით აწამეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „ასოშიეიტედ პრესი“, აშშ-ის ახლანდელ და ყოფილ ჩინოსნებზე დაყრდნობით, რომლებმაც სააგენტოს ინფორმაცია ანონიმურობის პირობით მიაწოდეს.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG