Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კნოლევში დაკავებული თამაზ ციქუბაძე წუხელ გაათავისუფლეს


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მცხოვრები თამაზ ციქუბაძე ცხინვალის იზოლატორიდან წუხელ გაათავისუფლეს. ორი დღის წინ ციქუბაძე საკუთარი ნაკვეთის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ცნობით, დაკავება ოსურ სოფელ ბალთასთან მოხდა. კნოლეველები აცხადებენ, რომ ციქუბაძის მიწის ნაკვეთზე მავთულხლართები გადის და იგი ამ ბარიერის მიღმა ვერ გადავიდოდა. თანასოფლელები თამაზ ციქუბაძეს ერთი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ და მხოლოდ მეორე დილას სამართალდამცავებისგან შეიტყვეს, რომ დაკავებული ცხინვალის იზოლატორში იყო გადაყვანილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ინფორმაციით, ციქუბაძეს სასამართლო სხდომაზე 2 000-რუბლიანი ჯარიმა დააკისრეს და გუშინ საღამოს გაათავისუფლეს. ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან დაკავებების რაოდენობა გახშირდა. ერთ კვირაში მხარეები ბოლო დროს მომხდარი ინციდენტების შესახებ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG