Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არღვევს თუ არა GDS-ი წინასაარჩევნო რეგულაციებს


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონის ჟურნალისტებს შეხვდა. ეს იყო რიგით მესამე გადაცემა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემათა ციკლიდან, რომელიც წინასაარჩევნო პროექტია და ქვეყნის ათივე რეგიონში მმართველი პარტიის საარჩევნო აგიტაციას ემსახურება.

სამოქალაქო ორგანიზაციების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ გადაცემათა ეს ციკლი პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავს, თუმცა პოლიტიკური რეკლამის რეგულაციას ცალსახად არ ექვემდებარება და, შესაბამისად, თითოეული გადაცემა ტელეკომპანია „GDS”-ის მხრიდან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებად უნდა ჩაითვალოს. რა არგუმენტებს ემყარება არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება?

გადმოწერა

ტელეკომპანია GDS-ზე პირველი სექტემბრიდან დაწყებული გადაცემათა ციკლის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაცემა ფორმალურადაც სარეკლამო სტატუსის მატარებელი რომ იყოს, მას უნდა დაეკმაყოფილებინა წინასაარჩევნო რეკლამის ისეთი რეგულაციები, როგორიცაა ქრონომეტრაჟი, მითითება იმის შესახებ, ფასიანია თუ უფასო, ინფორმაცია იმის თაობაზე, ვინ არის რეკლამის დამკვეთი და ასე შემდეგ. ვინაიდან გადაცემა ოფიციალური წინასაარჩევნო რეკლამის სტატუსით არ გადის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, ხელმძღვანელობენ რა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონით“, ფიქრობენ, რომ ეს ქმედება შემოწირულებად უნდა ჩაითვალოს, მიუხედავად იმისა, რომ მას პირდაპირი ფინანსური სახე არ აქვს. შესაბამისად, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტების ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი ამბობს, ორგანიზაციები მიმართავენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს ტელეკომპანია GDS-ის ზემოაღნიშნული გადაცემების ციკლი და, ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, ამ ქმედებებს პოლიტიკური შემოწირულების სტატუსი მიანიჭოს; ასევე, დაიანგარიშოს მომსახურების ღირებულება და დაადგინოს, რამდენად ჯდება იგი იურიდიული პირისგან კანონით დაშვებულ ლიმიტში, რომელიც წლის განმავლობაში 120 000 ლარს შეადგენს:

ლევან ნატროშვილი
ლევან ნატროშვილი

“თუ აღმოჩნდა, რომ ამ გადაცემების ღირებულება, შექმნა-გაშვების და ასე შემდეგ ღირებულება დაანგარიშდება საბაზრო ფასებით და ტარიფებით, თუ გადასცდა 120 000 ლარს, ეს იქნება უკანონო შემოწირულება. ლოგიკურია, რომ გადასცდება, ალბათ, იმიტომ რომ ორსაათიანი ეთერის დათმობა ნებისმიერ ტელევიზიაში და ერთ-ერთ ცენტრალურ ტელევიზიაში იაფი არ უნდა დაჯდეს და შეიძლება ერთმა გადაცემამაც კი გადააჭარბოს ამ ლიმიტს. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ აუდიტის სამსახურმა, ერთი მხრივ, ეს საკითხი უნდა შეისწავლოს და, მეორე მხრივ, მარეგულირებელმა კომისიამ - კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ - შეხედოს ამ საკითხს, თუ რამდენად ჯდება არსებულ რეგულაციებში GDS-ის ეს გადაცემა“.

რაც შეეხება მედიარეგულაციებს, ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ აღნიშნული სატელევიზიო ფორმატი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებულ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ რამდენიმე პრინციპს არღვევს. კერძოდ, ფაქტობრივად, გამორიცხავს ბალანსის დაცვას არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შორის, რადგან გადაცემების ციკლი მთლიანად მმართველ პოლიტიკურ გუნდთან ასოცირებულ პირთან, ბიძინა ივანიშვილთან, ინტერვიუებს გულისხმობს და, ამასთანავე, გადაცემაში ხშირად გამოითქმის კრიტიკული მოსაზრებები და ბრალდებები სხვა პოლიტიკური სუბიექტების მიმართ, როცა მათზე რეაგირების საშუალება გადაცემაში სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს არ ეძლევათ. როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრესმდივანმა ხატია ყურაშვილმა გვითხრა, კომისია მზადაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და შედეგები და, შესაბამისად, თავისი პოზიცია მოგვიანებით გაასაჯაროოს:

„დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგს კომისია 8 ივნისის შემდეგ აწარმოებს და ამ ხნის განმავლობაში უკვე გამოქვეყნებულია 2 კვლევა, შუალედური ანგარიში, რომელიც მოიცავს პერიოდს 8 ივნისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით და ამ პერიოდში იდენტიფიცირებულია გარკვეული დარღვევები მაუწყებლების მხრიდან. ასევე, კომისიამ გასცა გარკვეული რეკომენდაციები მაუწყებლების მიმართ და დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები“.

შედარებით უფრო შეუფარავად ჩანს სავარაუდო მოტივი და განზრახვა, რომ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის - ამ შემთხვევაში, მმართველი ძალის, „ქართული ოცნების“ - სასარგებლოდ ერთგვარი აგიტაციის გაწევა ხდება...
მიხეილ ბენიძე

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია განაგრძობს წინასაარჩევნო პროცესის მედიამონიტორინგს და მესამე შუალედური ანგარიში, რომელიც 9 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. ანგარიშში, ხატია ყურაშვილის თანახმად, GDS-ის ზემოხსენებული გადაცემის საკითხიც მოხვდება, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაძლოა, კომისიამ დამატებითი განცხადებაც გამოაქვეყნოს.კომისია, მთლიანობაში, 53 საერთო მაუწყებლის 24-საათიან მონიტორინგს აწარმოებს.

ზოგადად კი, მედიამონიტორინგის პროცესში, როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე ამბობს, ცალკეული გადაცემების კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ წარმართვასთან დაკავშირებით, შესაძლოა, გაჩნდეს და ჩნდება კიდეც ეჭვები, თუმცა GDS-ის შემთხვევა მაინც გამორჩეულია.

“თუ სხვა გადაცემებში შეიძლება ამას უფრო შეფარული სახე აქვს, ამ გადაცემებში ეს პრაქტიკულად ძალიან ღიად ხდება, ანუ გადაცემის ანონსში ხდება პარტიული სიმბოლიკის გამოყენება, საარჩევნო ნომრის გამოყენება და პირდაპირ პრაქტიკულად მინიშნება არის, რომ ამ გადაცემათა ციკლის დაწყების ერთ-ერთი მიზანი არის სწორედ ის, რომ დაანახვოს „ქართული ოცნების“ უალტერნატივობა ამომრჩეველს. შედარებით უფრო შეუფარავად ჩანს სავარაუდო მოტივი და განზრახვა, რომ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის - ამ შემთხვევაში, მმართველი ძალის, „ქართული ოცნების“ - სასარგებლოდ ერთგვარი აგიტაციის გაწევა ხდება“, ამბობს მიხეილ ბენიძე, რომელიც, აუდიტის სამსახურისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დასკვნების გარდა, ინტერესით ელის, ასევე, არჩევნების მონიტორი მედიაორგანიზაციების შეფასებებსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG